ია აბულაშვილი
26.05.2019

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ პრესასაც, რომლის  ფურცლებზეც სისტემატურად იბეჭდებოდა სტატიები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას კი გაზეთი „საქართველო“ ასე მიესალმა: „საქართველოს მამულიშვილნო! დღეიდან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცხოვრება აღდგენილია, გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს ქართველ ერს!“

შემდეგი დღეების ქრონიკებში იბეჭდებოდა სტატიები, თუ როგორ აღნიშნეს თბილისში დამოუკიდებლობის დღე, როგორი ხალხმრავლობა იყო ქუჩებში დილიდანვე და ხალხის უწყვეტი ნაკადი როგორ მიემართებოდა მეფის სასახლისკენ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგ კი ირაკლი წერეთელს ასე მიუმართავს სასახლის წინ შეკრებილი ხალხისთვის: „დღეს ისტორიული დღეა, დღეს იშვა ახალი სახელმწიფო. დამოუკიდებლობის გამოცხადება ძნელი არ იყო, ძნელია მისი დაცვა. აქეთკენ უნდა იყოს ყველა ქართველის გულისყური მიქცეული. ეს არის დროშა, რომლის ქვეშ ჩვენ ვიბრძოლებთ.“

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა სულ ორჯერ დააცალეს ქართველ ხალხს - 1918 წლის 26 მაისს და 1919 წლის 26 მაისს, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა.

„ქართველ ხალხს ალბათ მრავალი წლის კი არა, მრავალი საუკუნის განმავლობაში არაფერი უდღესასწაულია ისეთი გაშლილი გულით, ისეთი აღტაცებით, როგორც თავისი დამოუკიდებლობის დღე. იშვიათად თუ ვინმე წარმოიდგენდა ისეთ დიდ სანახაობას. ეს დღესასწაული იმითაც გამოირჩეოდა, რომ იგი არ იყო ოფიციალური ხასიათისა და ნაკარნახევი, ნაბრძანები... იყო წმინდა ხალხური, საყოველთაო,“ - წერდა მაშინდელი ქართული პრესა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წლისთავზე უკვე გაჩნდა სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი ყველა ატრიბუტი: სახელმწიფო დროშა, ღერბი და ჰიმნი; ქვეყანას ჰყავდა თავისი შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო საზღვრით შემოფარგლული ტერიტორიები და ა.შ.

26 მაისის დილას თბილისის ქუჩები და მოედნები ხალხით იყო სავსე, ყვავილებითა და ხალიჩებით მოერთოთ საცხოვრებელი სახლების აივნები. მთავრობის სასახლისა და ქალაქის საბჭოს შენობაზე ფრიალებდა საქართველოს სამფეროვანი დროშა. ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობდნენ ქართველი ხელოვანები. გამოფენილი იყო იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, მოსე თოიძისა და სხვა მხატვრების ნამუშევრები. საქართველოს ჰიმნს ასრულებდა სიმებიანი ორკესტრი კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ ხალხურ სიმღერებს კი - ლადო კავსაძის 300-კაციანი გუნდი.

სამხედრო აღლუმის წინ ქართველი ჯარისკაცები დალოცა ესპიკოპოსმა ლეონიდემ. დილის 10 საათსა და 15 წუთზე აღლუმის უფროსმა, პოლკოვნიკმა ბალუაშვილმა ბრძანა: „იარაღი მაღლა“. სამხედრო ტაძრის გალავანთან მივიდნენ პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი და მთავრობის წევრები; ასევე, საქართველოში მყოფი ყველა უცხოური ქვეყნის მისიების წარმომადგენლები.

დაიწყო სამხედრო აღუმი, რომელსაც სამი ორკესტრი აცილებდა, მისი დასრულების შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, ყვავილებით მორთული ეტლებით სტადიონისკენ გაემართა, რომელიც ვაკეში იყო. მთავრობის კორტეჟს წინ მიუძღოდა სამხედრო მინისტრი, შემდეგ მიდიოდნენ ორკესტრი, ცხენოსანთა რაზმი, ავტომობილი „გაზაფხული“, გლეხობა ურმებით.

სტადიონზე გაიმართა სახალხო ზეიმი, ერთმანეთს ცვლიდნენ მომღერლები, მოცეკვავეები, ტანმოვარჯიშეები, მოჭიდავეები და მოჯირითეები. გაიმართა ფეხბურთის მატჩიც, რომელშიც ინგლისელები მონაწილეობდნენ.

ზეიმმა 5 საათამდე გასტანა, საღამოს კი ელექტრონის შუქით განათდა თბილისი. თეატრებში გაიმართა სადღესასწაულო წარმოდგენები, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებიც დაესწრნენ.

იმავე დღეს, ქალაქის გამგეობის დადგენილებით, სახელი შეუცვალეს დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას და მოედანს. „ერევნის მოედანს“ ეწოდა „თავისუფლების მოედანი“, „სასახლის მოედანს“ კი - „26 მაისის მოედანი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×