რეზონანსი
26.05.2019

 ფშავში, სოფელ გომეწარში მდებარეობს ციხეების კომპლექსი, რომელსაც  დიდი ისტორიული წარსული აქვს. ამ ადგილს ტურისტული დატვირთვაც აქვს. სწორედ ამ ადგილებზე გადიოდა კახეთ-ხევსურეთის დამაკავშირებელი ძველი ისტორიული გზა. 

„იმ ტერიტორიაზე, სადაც სიმაგრეულას ციხე მდებარეობს, ცხოვრობდა წანარების ტომი. წანართა ტომის შესახებ საქართველოს ისტორიაში უამრავი ინფორმაციაა. VII  საუკუნეში საქართველოში შემოსულ არაბებს სწორედ წანარებმა გაუწიეს ძლიერი და ორგანიზებული წინააღმდეგობა. 

„გომეწრის ციხე სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში, VII-VIII საუკუნეებში, წანართა დროს უნდა იყოს აშენებული. ამ ციხეს იყენებდნენ არაბებისთვის  წინააღმდეგობის გასაწევად.  შემდეგ აქ ჩნდებიან ფხოველები, მათ დასჭირდათ ეს ციხესიმაგრეები. 

„XII  საუკუნეში იყო ფხოველთა ამბოხი. ეს აჯანყება ივანე მხარგრძელმა სასტიკად ჩაახშო და ეს ხეობა მთლიანად გაანადგურა. ამ ადგილებზე ნასოფლარები და ნასახლარები დარჩა.  

„მონღოლებისს შემოსვლის შემდეგ ციხესიმაგრე ახალ დატვირთავს იძენს. უკვე XVII-XVIII საუკუნეებიდან და ეს ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია, სწორედ ამ პერიოდში უნდა იყოს აშენებული. ეს უკავშირდება ლეკების გამუდმებულ თარეშს. ამ პერიოდში ციხემ თავდაცვითი ფუნქცია შეიძინა. თქმულებები სწორედ ამ პერიოდთან არის დაკავშირებული. 

„სიმაგრეულას ციხე გომეწრის დასახლებასთან ახლოს მდებარეობდა, რომელზეც საფრთხის შემთხვევაში ცეცხლს ანთებდნენ. მოსახლეობა კი ციხეში აფარებდა თავს. ორასი წლის მერეც ადგილს ემჩნევა ლეკების კვალი. შალდაყი - უხეში ბალახი - იზრდება მხოლოდ ამ ადგილზე“, - აღნიშნავს „რეზონანსთან“. საუბრისას  სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი  გოდერძი ხულიაშვილმა. 

„ამ ციხის და ამ ტერიტორიის ისტორიული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, ეს არის გზა, რომელიც აკავშირებდა მთიულეთ-გუდამაყარს და შემდეგ ჩრდილო კავკასიასთან იყო დაკავშირებული. ეს არის კახეთთან დამაკავშირებელი ერთერთი მაგისტრალი, რომელიც ახლა გაუქმებულია. შესაძლებელია მისი აღდგენა და ტურისტულ ზონად გადაქცევა. 

„თუ აღდგება ეს ისტორიული გზა, მაშინ უნდა აღადგინონ ეს ძველი ციხეებიც, რომელიც ამ გზაზე მდებარეობს. ეს იქნება ტურისტული მარშუტი“, - განაცხადა გოდერძი ხულიაშვილმა.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. გვაქვს ორი სახის სია ფშავ-ხევსურეთის ძეგლების თაობაზე.  სიმაგრეულას და ყელყვითელის ციხეებს არ აქვთ მინიჭებული კულტურული ძეგლის სტატუსი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ნიკა ანთაძესთან. ვგეგმავთ დათვალიერებით სამუშაოებს  ამ ტერიტორიებზე, რათა ახლო მომავალში მივანიჭოთ მათ კულტურული ძეგლის სტატუსი. 

„საქმე ეხება უკანა ფშავის და ახადის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს. ტურისტული განვითარებისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რაც შეეხება კონკრეტულ აღდგენით სამუშაოებს, ეს მომავლის საქმეა,  ამ ეტაპზე არ გვაქვს ფინანსები და უმოქმედოდ ვართ“, - აცხადებს დუშეთის გამგეობის უფროსი ბაბუა ალუდაური.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები დუშეთის გამგეობასთან ამ ძეგლებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი რჩება პროექტის დონეზე, აუცილებელია ადგილზე ჩატარდეს აღწერითი სამუშაოები. უნდა შევისწავლოთ იქ არსებული მდგომარეობა. უახლოეს პერიოდში რაიმე კონკრეტული ქმედებები აღდგენითი სამუშაოების სახით არ იგეგმება. თუმცა, ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ დღის წესრიგში“, - განაცხადეს ამს საკითხზე საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

მარიამ ხულიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×