ელზა პაპოშვილი
27.05.2019

 ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას სოფია ნიკოლეიშვილის ცხედარი მაშველებმა 27 მაისს, ერთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს.

ლაგოდეხში სამაშველო სამუშაოები 26 მაისიდან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 27 მაისს დილით კი სამუშაოებში უკვე თბილისიდან ჩასული მყვინთავები ჩაერთვნენ. ისინი ცხედრის გამოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

უბედური შემთხვევა 26 მაისს მოხდა. 16 წლის გოგონა ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერზე კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, დაკარგული გოგონა კერძო სკოლა "ალბიონის" მეთერმეტე კლასის მოსწავლეა.

მისი თანაკლასელების მონაყოლიდან ირკვევა, რომ გოგონა ჩანჩქერში საბანაოდ გადახტა, რის შემდეგაც ის დინებამ გაიტაცა. როგორც ბავშვები ყვებიან, მან რამდენიმე ხელის მოსმაც კი მოასწრო, თუმცა ის ქვის ქვეშ სწრაფმა დინებამ ჩაითრია. აღნიშნული ტერიტორია იმდენად ღრმა არის, რომ იქ მაშველებმა მყვინთავების გარეშე შესვლაც ვერ შეძლეს.

სკოლაში ამბობენ, რომ გარდაცვლილმა გოგონამ ცურვა ძალიან კარგდ იცოდა, თუმცა, მდინარე იმდენად სწარფი იყო, რომ მან ცურვით გამოსვლა ვერ შეძლო. თანაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩანჩქერის ზოგიერთ ადგილას საკმად ღრმა ადგილებია, ე.წ. ჭები, სადაც ბანაობა აკრძალულია.

ბავშვის გადარჩენას სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი შეეცადა. მან ტანზე თოკი მოიბა და წყალში გადახტა, თუმცა სწრაფი დინების გამო, ვერც გოგონას პოვნო შეძლო და მის სიცოცხლესაც თუ წყლიდან სწრაფად არ ამოიყვანდნენ, საფრთხე ემუქრებოდა.

ფაქტის თვითმხილველი მოსწავლეები და მასწავლებლები ლაგოდეხის პოლიციამ წუხელვე დაკითხა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დრომდე კახეთში რჩებიან გოგონას ოჯახის წევრები და პედაგოგები. ფაქტის თვითმხილველი ბავშვები მომხდარით შოკირებულები არიან და საუბარი უჭირთ.

სკოლა „ალბიონის" დირექტორის მოადგილე მარიკა ილურიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამომძიებელმა უკვე დაკითხა ბავშვები, ვინც უშუალოდ გოგონას წყალში ჩავარდნის ფაქტს შეესწრო. ილურიძე ამბობს, რომ ბავშვები ყვებიან, როგორ მოიხსნა უცებ "რუგზაკი" გოგონამ და საბანაოდ წყალში გადახტა. მისი თქმით, წყალში გადახტომიდან ბავშვი წამებში გაუჩინარდა. ეს ფაქტი კი ჩანჩქერთან არ მოხდარა, მისგან ცოტა ქვემოდ, სადაც წყალი დაგუბებული ყოფილა.

„ბავშვები ყვებიან, რომ დაინახეს გოგონა ხელს როგორ უსვამდა, თუმცა, მალევე გაქრა. მასწავლებლებმა 112-ში მაშინვე დარეკეს. მაშველები მოვიდნენ, მაგრამ ის ადგილი იმდენად ღრმა ყოფილა, რომ ვერ იპოვეს. ამ ყველაფერს კი ამინდის გაუარესება დაემატა. სეტყვა და წვიმა წამოვიდა, თუმცა, რთული პირობების მიუხედავად მაინც ეძებდნენ. ხილვადობა ღამის და წვიმის გამო გაუარესებული იყო და ძებნა ვერ გააგრძელეს. ბავშვის ძებნა დილით მყვინთავების დახმარებით ისევ დაიწყეს. მყვინთავები წუხელ გვიან თბილისიდან ჩამოიყვანეს.

"ბავშვმა, როგორც დედამ გვითხრა, ცურვა ძალიან კარგად იცოდა, ალბათ ამიტომაც გათამამდა და გაბედა გადახტომა. რა იცოდა საწყალმა ბავშვმა, რომ თურმე იქ ყველაზე ღრმა ადგილები ყოფილა. წამოსვლისას სახლში დედისთვისაც უთქვამს უნდა ვიბანავოო.

"ჩვენ არ ვკარგავდით იმედს, ვფიქრობდით, იქნება ცოცხალია და წყალმა უგონო მდგომარეობაში სადმე გარიყა. თუმცა, გვითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. არ ვიცი როგორ აღგიწეროთ რამხელა ტკივილს განვიცდით. ძალიან კარგი ბავშვი იყო - ნიჭიერი, კონტაქტური, ცელქი. ბავშვებიც და პედაგოგებიც, ვინც ამ უბედურებას შეესწრო, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. შოკში არიან, ამხელა ტრაგედია თავს დაგვატყდა",-აცხადებს მარიკა ილურიძე.

სკოლა "ალბიონში", გლოვაა გამოცხადებული. სკოლის დირექტორი მომხდარის დეტალებზე საუბრობს. ბადრი ჯავახიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ გოგონას ფეხი ხავსიან ქვაზე აუსრიალდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა. მაშველების მისვლამდე მისი გადარჩენა სკოლის მასწავლებელმა სცადა, თუმცა, მდინარე იმდენად ძლიერად მოედინებოდა, რომ მასწავლებელი ქვებს მიაჯახა.

„განათლების სამინისტროსგან გვაქვს მითითება, რომ ტრანსპორტი უნდა იყოს ექსკურსიის დროს გამართული და ტექდათვალიერება გავლილი უნდა ჰქონდეს. ასევე, ბავშვებს უნდა გაყვეს ექიმი, ყველა ეს წესი დაცული იყო. ბავშვებს თან 4 უფროსი გავაყოლეთ, აქედან ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. ერთი კიდევ ექიმი. სულ 17 მოსწავლე იყო. როგორც მიყვებიან მასწავლებლებიც და ბავშვებიც, როდესაც ჩანჩქერის გზას მიუყვებოდნენ, დიდი ქვა ყოფილა და ბავშვი იქ შემხტარა. ქვა კი ხავსიანი ყოფილა, ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

"ფიზკულტურის მასწავლებელმა, სანამ მაშველები მოვიდოდნენ, ტურისტისგან თოკი იშოვა, წელზე მოიბა და ჩანჩქერში ბავშვის გადასარჩენად გადაეშვა. ეს ყველაფერი წამებში მოხდა, მაგრამ, იმდენად სწრაფი დინება იყო, რომ მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრა. ქვებზე აჯახებდა და შესაძლოა ისიც დაღუპულიყო. ამიტომაც ისევ უკან ამოიყვანეს.

"დამრიგებელი საავადმყოფოში მოხვდა, იმდენად განიციდის მომხდარ უბედურებას. გოგონას დედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარობაშია. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, მთელი სკოლა ვგლოვობთ, მძიმე მდგომარეობაში ვართ",-აცხადებს სკოლის დირექტორი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×