პოლონეთი საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავების ჩანაცვლებას 32 ერთეული „ეფ-35"-ით აპირებს. მეხუთე თაობის შეიარაღების ყიდვას ის აშშ-სგან გეგმავს, „რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს შეიარაღება პოლონეთს იმიტომ უნდა, რომ რეალურად გრძნობს, თუ საიდან ემუქრება საფრთხე, - ეს საფრთხე რუსეთისგან მოდის" - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, ვარშავამ ვაშინგტონს თვითმფრინავების შესყიდვის წინადადება უკვე გაუგზავნა, რაც ლოგისტისკისა და საწვრთნელ პაკეტებსაც მოიცავს.
აშშ-ი „ეფ-35"-ის ტიპის თვითმფრინავებს არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ კიდევ ოთხ ევროპულ ქვეყანას მიჰყიდის. ამის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში პენტაგონში განაცხადეს.
პოლონეთი ნატოს ერთ-ერთ წევრია, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს. „ეფ-35"-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის საცალო შესყიდვის ფასს კი 85 მილიონი დოლარი შეადგენს.
ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, „ეფ-35" მომავალში ერთ-ერთ მთავარ გამანადგურებელ იარაღად იქცევა ნატო-სთვის; იგი ნატო-ს შეიარაღებაში პირველი რეაქტიული თვითმფრინავის შესახებ საუბრობს, რომლის პირველი კონსტრუქტორი ქართველი გახლდათ.
„ეფ-35" არის მეხუთე თაობის გამანადგურებელი, რომლის წარმოება აშშ-მა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საინტერესოა, რომ მის დეტალებს აწარმოებს არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ, როგორც აქამდე 70-80-იან წლებში ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის გამანადგურებელი „ეფ-16" ტიპის შეიარაღება იყო, „ეფ-35" მომავალში სწორედ ასეთი გახდება;
„თავის დროზე, როდესაც ნატო ახალი შექმნილი იყო, დაახლოებით 1954-56 წლებში, ნატო-ს ერთიან გამანადგურებლად „ეფ-84" იქცა, - ის საერთო გამანადგურებელი თვითმფრინავი გახდა, რომელიც ამერიკელების გარდა, ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რაც მთავარია, ამის მთავარი კონსტრუქტორი ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილი გახლდათ, - პირველი რეაქტიური თვითმფრინავი ნატო-ს შეიარაღებაში," - აღნიშნა მან.
თუ რაში სჭირდება პოლონეთს მსგავსი მძლავრი შეიარაღება და რისთვის ემზადება ის, - მთავარ საფრთხედ ალადაშვილი რუსეთს ასახელებს. მისი თქმით, პოლონეთს თავდაცვის ინსტიქტი ამოძრავებს.
„პოლონეთის შეიარაღებაში ძირითადად არის მოძველებული, საბჭოთა ტექნიკა, თუმცა, მათ რამდენიმე წლის წინ გამოყენებული „ეფ-16"-ები შეიძინეს ამერიკისგან და ახლა სურთ, რომ თანამედროვე „ეფ-35"-ები შეიძინონ, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს შეიარაღება იმიტომ უნდა პოლონეთს, რომ ის რეალურად გრძნობს იმას, თუ საიდან ემუქრება საფრთხე, - რუსეთისგან.
„პოლონეთს ეს გასულ საუკუნეში გამოცდილი აქვს არაერთხელ, რაც საბჭოთა რუსეთისგან მოდიოდა, ამიტომ დღეს ცდილობს, თავისი შეიარაღებული ძალები გააძლიეროს იმის გათვალისწინებითაც, რომ ის არის ნატო-ს წევრი, მაგრამ პოლონეთშიც ხვდებიან, რომ ეს ნატო-ს ევროპულ წევრებზე ნაკლებად მოქმედებს" - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.