ია აბულაშვილი
30.05.2019

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, შავი ზღვა, რომელიც საქართველოს ნაპირებს 330 კილომეტრზე სიგრძით გასდევს, სრულიად ბუნებრივი იყო ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებაში გაჩენილიყო წყლით გადაადგილების საშუალებები.

ამიტომაც, საქართველოში ზღვაოსნობას დიდ ხნის ისტორია აქვს და კოლხეთიც ცნობილი იყო თავისი საზღვაო გზებით, რომელიც უკავშირდებოდა უშორეს ცენტრებს.

ისტორიკოს მარინა ცინცაბაძის თქმით, საქართველოში ნაოსნობა სათავეს იღებს ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან. ბერძენი ქსენოფონტე ძვ.წ. მე-5 საუკუნეში, თავის "ანაბაზსში" წერდა კოლხეთში ერთი ხისგან დამზადებული 300 ნავის შესახებ, რომლითაც ქართველმა ტომმა-მოსინიკაში მიაღწია ტრაზბუნდს.

ჰომეროსისი თანახმად, ქართველი ტომი "ფეაკები", ცნობილი იყვნენ როგორც კარგი ზღვაოსნები და ხომალდმკეთებელნი, მათი ხომალდები კი გამოირჩეოდნენ საუკეთესო ტექნიკური მონაცემებით, რომელთაც ძირითადად სამხედრო დანიშნულება ჰქონდათ.

კოლხ მეზღვაურებს, მესაჭეებს და ლოცმანებს წამყვანი ადგილი ეკავათ მითრიდატეს ფლოტში.

ძვ. წ. 2 ათასწლეულში უკვე ჩამოყალიბდა მეზღვაურ-ვაჭართა ფენა, რომელთაც შორეული ზღვაოსნობისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობა გააჩნდათ, აფრებისთვის სელის ძაფებით დაწყებული, ასაწონი ხელსაწყოთი დამთავრებული, რომელსაც "კავკასიური სიკილასი" ერქვა; ასევე საერთშორისო მიმოქცევისთვის ფულის ერთეული-ბრინჯაოს რგოლების სახით.

ხმელთაშუა ზღვაში ქართველი ვაჭარ-მეზღვაურები ჩერდებოდნენ ჯერ საბერძნეთში კოლხეთის მეფის აიეტის კუთვნილ ტერიტორიაზე კორინთოში. შემდეგ კუნძულ კეტადან იტალია ესპანეთამდე.

სავაჭრო გემები იყო აფრიანი, მაღლა აწეული ცხვირით და კიჩოთი, აგებული ალვის ხისგან.

მდინარე რიონის ქვედა დინებასა და მდინარე ჭორხის შესართავს შორის მდებარე ტერიტორიას, რომელსაც ლაზიკა ერქვა, პირველად მოხსენიებულია მე-7 საუკუნეში, რომელსაც ბიზანტიელები ლაზიკის სამეფოს უწოდებდნენ და რიონის ორივე ნაპირს იკავებდა. "ლაზიკა იწყება იქ, სადაც "პონტო თავდება". აქ ქმნის ნახევარმთვარის მსგავს ნაპირს და ამ ნახევარმთვარის გადასასვლელი უდრის 550 სტადიონს"- წერდა პროკოფი კესარიელი.

სწორედ მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის სურვილი გასჩენია მეფისნაცვალს კავკასიაში თავად ბარიატინსკის. 1857 წელს კომისიაც შეუქმნია პოლკოვნიკ ივანოვის თავმჯდომარეობით, რომელთაც უნდა შეესწავლათ მდინარე რიონი და მისი შესართავი სავაჭრო ნავსადგურის მოსაწყობად.

კომისიამ დაადგინა, რომ რიონზე ნაოსნობა შესაძლებლი იყო 102 ვერსის მანძილზე, შესართავიდან მდინარე გუბისწყალალამდე. ბარიატინსკიმ 1885 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ თავად გორჩაკოვს აცნობა, რომ შესაძლებელია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ფოთში სავაჭრო გემებისთვის ნავსადგურის გახსნა.

იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ხელი მოაწერა ბრძანებულებას სავაჭრო პორტად ქალაქ ფოთის გახსნის შესახებ. 1859 წლის იანვარს კი ფოთი გამოცხადდა საპორტო ქალაქად.

ფოთი ყურადღების ცენტრში, იმიტომ მოექცა, რომ რუდეტ-კალემ, როგორც სავაჭრო ქალაქმა ყირიმის ომის შემდეგ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან ნავსადგური მთლიანად განადგურდა.

პირველი ნავსადგური შავ ზღვაზე

ოფიციალური ცნობებით, ფოთის ნასადგური მდინარე რიონის შესართავთან შენდებოდა 1889-1905 წლებში. პირველი პროექტი შეადგინა სამხედრო ინჟინერმა ჩადაევმა, შემდეგ გენერალ- მაიორმა პოტიემ. მოგვიანებით კი ნავსადგურის მოწყობის განსხვავებული გეგმა წარადგინა პროფესორმა ვოზნესენსკიმ, რომლის პროექტითაც იხელმძღვანელა ნიკო ნიკოლაძემ და 1901 წელს ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით დაიწყო ნავსადგურის ძირითადი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც 1905 წელს დასრულდა.

როგორც მაშინდელი ქართული პრესა წერდა, მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ფოთი იყო ერთადერთი საპორტო ქალაქი შავ ზღვაზე, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა ამიერკავკასიის ეკონომიკური კავშირები დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან.

ეს იყო ერთადერთი პუნქტი, სადაც შეიძლებოდა კავკასიის პროდუქტების შეძენა იაფად და გატანა უცხო ქვეყნებში; ამიტომაც მიიპყრო უცხოელ კომერსანტთა ყურადღება და "თავი ამოაყოფინეს ჩვენში უპირველეს კაპიტალისტებს ევროპისას".

ამ პერიოდში ფოთის პორტში შემოვიდა დიდი რაოდენობით პური, ყირიმის მარილი, შაქარი, ლითონის ნაწარმი, საპონი, სპირტი და სხვა. ფოთის ნავსადგურიდან კი გაჰქონდათ თამბაქო, ღვინო, აბრეშუმი და ა.შ. მარტო ერთ წელიწადში ფოთის პორტში შემოვიდა 2 მილიონამდე მანეთის საქონელი, შემდგომ წლებში კი 8 მილიონამდე მანეთის საქონელი.

"ფოთში უცხო ტომის კაცები იმ დროს ჭიანჭველებივით ირეოდნენ. ისინი ყიდულობდნენ კავკასიის ნაწარმს იაფ ფასად და გაჰქონდათ უცხო ქვეყნებში. იმ დროს თქვენ აქ ნახავდით ბერძენს, ინგლისელს, ფრანგს, გერმანელს, ამერიკელს, ოსმალს და სლოვენის სხვადასხვა გვარობას.

ამათ ჰქონდათ ევროპის სახვადასხვა სახელმწიფოსთან, აგრეთვე სპარსეთთან ინდონეთამდის ვაჭრული დამოკიდებულება. გაჰქონდათ ზღვით ნიგვზის კუნძები, ბზა, ყოველნაირი ხე- ტყე, მატყლი აბრეშუმი, ბეწვეული, ღვინო, ლეკის შალები, ნაბდები და სხვა.

მრავალი მათგანი კი ამ ნაწარმში ცვლიდა უცხო ქვეყნიდან მოტანილ ფართლს, მაუდს და სხვა წვრილმან საფაფუკო, სადიდკაცო ავეჯეულობას"- წერდა იმ დროის ფოთის პორტზე ცნობილი ქართველი მწერალი გიორგი წერეთელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×