თამარ შუკვანი
27.06.2019

 „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, უკან დააბრუნოს რუსეთი ყოველგვარი პირობის გარეშე, ამ საერთაშორისო ინსტიტუტის ავტორიტეტს არყევს. ასევე მორალურ უფლებას უკარგავს საკუთარი პრინციპულობით რუსეთს თავის აგრესიულ პოლიტიკაზე ხელის აღება მოსთხოვოს.

"ეს ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევის ამოცანას აზიანებს, თანაც თავად რუსეთის საზოგადოებას დათვურ სამსახურს უწევს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნებას შეეხება.

ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ამ გადაწყვეტილებას კრემლის გამარჯვებად მიიჩნევენ, სინამდვილეში ეს მხოლოდ რუსეთის განვითარების პროცესს შეაფერხებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოსკოვში ვიღაცა შეიძლება თვლიდეს, რომ რუსების დოპლომატიამ ამით გამარჯვებას მიაღწია, ვფიქრობ, რომ ამით მხოლოდ რუსეთის დემოკრატიული და ცივილიზებული განვითარების პროცესს მიადგება დარტყმა," - აღნიშნა მან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118-მა წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა. სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.

ამასთანავე, ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილება 7 სახელმწიფოს დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით გამოხატეს, რომელსაც ხელს აწერენ საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და უკრაინა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭო იმ ხალხის ნდობას კარგავს, ვინც უნდა დაიცვას:

„დღეს ჩვენ, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციების წევრებს, არ გვაქვს პასუხი ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, როგორ აპირებს ევროსაბჭო მათი უფლებების დაცვას, თუკი ის აგრესორის კეთილდღეობით მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე აგრესიისა და რეპრესიების მსხვერპლთა უფლებების დაცვით. ვუბრუნდებით ჩვენს ქვეყნებს და მთავრობებთან ერთად ვისაუბრებთ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ერთობლივი მოქმედების გეგმაზე.

ევროპის საბჭოს მომავალი საფრთხის ქვეშაა, რადგან ის კარგავს იმ ხალხის ნდობას, ვინც უნდა დაიცვას. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ გენერალურ მდივანს და გვაქვს იმედი, რომ ის იპოვის გზას ნდობის იმ უპრეცენდენტო კრიზისის დასაძლევად, რომელიც ამ კვირაში შეიქმნა," - აღნიშნულია განცხადებაში.

კენჭისყრის შემდეგ ლიეტუვის, ლატვიის, საქართველოს, უკრაინის, სლოვაკეთის, პოლონეთის და ესტონეთის დელეგაციებმა დარბაზი დატოვეს.

მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ სხდომის დატოვება საკუთარი პრინციპების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურება გახლავთ:

„ამიტომაც იყო, რომ რამდენემე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, სხდომა დატოვა და განცხადებაც გააკეთეს ამის თაობაზე, რომ ტოვებენ სხდომას და შემდგომ ნაბიჯებს მხოლოდ დედაქალაქებში კონსულტაციის შემთხვევაში განიხილავენ, რაც ძალიან მწვავე რეაქციაა, რომელიც, როგორც წესი, ასე ხელაღებით არ ხდება-ხოლმე, თუმცა, ვფიქრობ აბსოლუტურად სამართლიანი და საფუძვლიანი გახლდათ.

„საქართველოს დელეგაციის მიერ სხდომის დატოვება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროპის საბჭოსთან ურთიერთობას გავწყვეტთ და ის სერიოზული პრინციპები, რომელსაც ეს ორგანიზაცია ეფუძვნება, თითქოს საქართველოსთვის არ იარსებებს, პირიქით, - ჩვენ სწორედ ამ პრინციპების ერთგულების გამო გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად სწორია," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×