თამთა ჩაჩანიძე
14.07.2019

 

 სააგენტო „ბლუმბერგის" ცნობით, აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქცების დაწესებას აპირებს, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ანკარამ რუსეთისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები ეს-400-ები, აშშ-ს არაერთი მოწოდების მიუხედავად მაინც შეიძინა.

ექსპერტი სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დონალდ ტრამპი ერდოღანის საპასუხოდ, თურქეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს მიიღებს.

„ტრამპს ამ ხრივ თურქეთისთვის სანქციების სამი ვარიანტი ჰქონდა, რბილი, შედარებით რბილი და მკაცრი - ტრამპმა აქედან რა სახის სანქციები შეარჩია ძნელი სათქმელია, ამაზე განცხადება შემდეგი კვირის ბოლოს იქნება, შესაბამის დადგენილებას ჯერ მიიღებს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა, სენატი მიიღებს რეზოლუციას და შემდეგ უკვე ამ დადგენილებას ტრამპი ხელს მოაწერს.

„თურქეთმა უკვე ოფიციალურად გადაწყვიტა რუსული სტრატეგიული შეიარაღების შეძენა, ჩემი აზრით, ამერიკა მიიღებს მკაცრ საქნციას, პირველი რაც შეიძლება იყოს ეს არის, რომ თურქეთი იქნება მოხსნილი სტრატეგიული ბომბდამშენის მეხუთე თაობის F-35-ის განვითარების პროექტიდან, მას აღარ გადაეცემა ამ თვითმფრინავების ის პაკეტი, რაც ამერიკა-თურქეთის შესაბამისი ხელშეკრულება ითვალისწინებდა, ფაქტიურად თურქეთი იქნება ჩახსნილი ამ პროქტში მონაწილეობის მიღებისაგან.

„მეორე ისაა, რომ როგორც ჩანს, დაწესდება კონკრეტული სანქციები, შეიძლება პერსონალურიც კი იმ პოლიტიკოსების გაერთიანებების და იურიდიული პირების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რუსეთს სტრატეგიული შეიარაღების ეს-400-ის შესყიდვის საქმეში, ეს შეესაბამება აშშ-ს საკანონმდებლო აქტს, რომელიც „ამერიკის საწინააღმდეგო ქმედებების საწინააღმდეგო აქტია",რომელიც ჯდება იმ ფორმატში, რასაც ამერიკა რუსეთის მიმართ ახორციელებს.

„შემდეგი ის არის, რომ ამერიკაში მყოფი ერდოღანის ერთერთი თურქი ოპონენტი აპირებს პოლიტიკური გაერთიანების შექმნას, ალბათ აშშ ამ გაერთიანებას დახმარებას გაუწევს და ყველანაირად შეეცდება, რომ ერდოღანის რეჟიმის წინააღმდეგ გადაიდგას კონკრეტული პოლიტიკური ზიწოლის მოქმედებები. შემდეგი ვარიანტით კი, აშშ-ში ალბათ ეკონომიკური სანქციები გამოცხადდება თურქეთის წინააღდეგ.

„ამ ვარიანტების დაშვება იმიტომ არის შესაძლებელი, რომ თურქეთის ქმედება სერიოზული გამოწვევაა არა მარტო აშშ-სთვის, არამედ მთლიანად ნატოს სამხედრო უსაფრთხოებისათვის.

„თურქეთის ამჟამინდელი პოლიტიკური მმართველი ძალა და ერდოღანი ამით ცდილობს, რომ აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც განსხვავებული იქნება ამერიკის საგარეო პოლოტიკური კურსისაგან და ალბათ არ უნდათ რომ იყოს ამერიკის დომინიონი, ახლოვდება სამხედრო პუჩის ჩაშლის მორიგი წლისთავი, და როგორც ჩანს ერდოღანს აქვს გარკვეული პრეტენზიები, რომ ამ გადატრიალების უკან იდგნენ ამერიკელები. ესეც ერთერთი მომენტია რატომაც ამჟამინდელი თურქეთის ხელმძღვანელობა ასე ჯიუტად ახორციელებს ანტიამერიკულ პოლიტიკურ კურსს.

„ამერიკასა და თურქეთ შორის საკმაოდ სერიოზული უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი არის ქურთებთან მიმართებაში სირიის ტერიტორიაზე."- ამბობს ქსპერტი.

ექსპერტის აზრით ამერიკის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტიც, რომ თურქეთი არ არის ჩართული ანტირუსულ სანქციებში.

„ამერიკის გაღიზიანებას ასევე იწვევს, რომ თურქეთი აბსოლუტურად არ არის ჩართული რუსეთის წინააღმდეგ სანქციური პოლიტიკის ფორმატში, პირიქით, თურქეთი ამ სანქციურ პოლიტიკას ძალიან წარმატებით არღვევს.

„თურქეთს ეს-400-ების შეძენით სურს, რომ შექმნას საკუთარი ეროვნული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, თურქეთი აშშ-ს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა შესაბამისი შეიარაღება გადმოცემული ყოფილიყო თურქეთისათვის, ამერიკელები თავს იკავებდნენ გარკვეული მიზეზების გამო.

თურქეთმა ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა, რომ საკუთარი ეროვნული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა შექმნან რუსული ტექნოლოგიების საფუძველზე, ეს-400-ების კონტრაქტი მარტო იმას კი არ ითვცალისწინებს, რომ იქ 4 დივიზიონი იქნება და მოხდება თურქი სამხედროების გადამზადება, არამედ იმასაც, რომ თურქეთი აიღებს ლიცენზიას ანალოგიური შეიარაღების წარმოებისათვის საკუთარ ტერიტორიაზე, ამით თურქეთი ფაქტიურად დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნას"- აცხადებს მაისაია „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×