თამარ შუკვანი
22.07.2019

 „მხოლოდ ამერიკელებზე დაყრდნობით რთულია რუსულ აგრესიას გაუმკლავდე. პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ევროპული ერთიანობა რუსეთთან მიმართებაში საკმოდ მყარი და ძლიერი იყო. დღეს ეს პოზიციები, სამწუხაროდ, შეიცვალა.

"ზელენსკი რუსეთთან ჯერ მოლაპარაკების წარმოებას დაიწყებს, ხისტი ძალის გამოყენების საშუალებას კი დაიტოვებს, როგორც ბოლო არგუმენტს," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია უკრაინაში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას.

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს გაიმართა, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა" უმრავლესობა მოიპოვა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება და ომის დასრულება იქნება.

უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც პოზიციები გაიმყარა, რა პოლიტიკას გაატარებს, როგორც საშიანო, ისე საგარეო კუთხით? კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, კონკრეტულად რა პოლიტიკის გატარებას უნდა ველოდოთ? ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოსს სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

მაისაიას განცხადებით, ზელენსკი, პირველ რიგში, საკუთარი გუნდის ფორმირებას მოახდენს და შემდეგ უკვე იმ დაპირებების შესრულებას დაიწყებს, რომელიც მან წინასაარჩევნო პერიოდში გასცა.

„ზელენსკის ის უმრავლესობა აქვს, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ რეფორმები გაატაროს. ის, პირველ რიგში, იმ დაპირებების შესრულებას დაიწყებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის ელექტორატს მისცა. უკრაინის პრეზიდენტი მისთვის სასურველი მთავრობის ჩამოყალიბებას დაიწყებს," - ამბობს ის.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე არ გამორიცხა, რომ მისი გუნდი კოალიციას ჩამოაყალიბებს როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმასთან".

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ წესით, ზელენსკის არ უნდა აწყობდეს ვინმესთან ალიანსში შესვლა, განსაკუთრებით ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას აუცილებად მოსთხოვს.

„რთულია თქმა იმისა, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს. გააჩნია ვისთან შევა ალიანსში. ეჭვი მეპარება, რომ მან ხელისუფლების სადავეები ვინმეს მისცეს და რომელიმე პოლიტიკოსთან ალიანსში შევიდეს, მითუმეტეს კი ტიმოშენკოსთან, რადგან ის პრემიერ-მინისტრის პოსტს მოსთხოვს, რაც ზელენსკისათვის ძალიან ცუდი ვარიანტი იქნება.

„ზელენსკის აღებული აქვს რბილი პოლიტიკის ელემენტები. პუტინთან მოლაპარაკებამ აჩვენა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზადაა პუტინს შეხვდეს და პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს მასთან. ზელენსკი შეეცდება მოლაპარაკების გზით დაარეგულიროს ურთიერთობა, თუმცა, ასევე, ძალოვან ელემენტსაც აჩვენებს; „თუ მე ეს არ გამომივა, შემიძლია ძალით შევეცადო ამ კონფლიქტების მოგვარებას," - რაც ძალიან საინტერესოა.

„ზელენსკი დილემის წინაშე დგას; მხოლოდ ამერიკელებზე დაყრდნობით რთულია რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს. პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ევროპული ერთიანობა რუსეთთან მიმართებაში საკმოდ მყარი და ძლიერი იყო. დღეს ეს პოზიციები, სამწუხაროდ, შეიცვალა. ზელენსკი, სავარაუდოდ, ჯერ მოლაპარაკების წარმოებას დაიწყებს, შემდგომში კი ხისტი ძალის გამოყენების საშუალებას დაიტოვებს, როგორც ბოლო არგუმენტს," - აცხადებს მაისაია.

ანალიტიკოსი „რეზონანსთან" იმ ერთგვარ განხეთქილებაზეც საუბრობს, რომელიც ზელენსკისა და არმიას შორის არსებობს. მისი თქმით, ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო გატარიალებასაც კი ჰქონდეს ადგილი.

„უნდა ითქვას ისიც, რომ არმიაში ზელენსკის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში, უკრაინაში სამხედრო გადატრიალების ელემენტი მოხდეს. ზელენსკის რთული ურთიერთობები აქვს ნაციონალურ გვარდიასთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გვარდიაა და რომლის მოთოკვისთვისაც ზელენსკიმ გარკვეული ქმედებები უნდა გაატაროს, რომელიც მას პირდაპირ უკვე აღარ ემორჩილებიან. თუ ზელენსკიმ ურთიერთობები არ განავითარა, შეიძლება ეროვნულ გვარდიაზეც დაკარგოს გარკვეული გავლენები, რაც უკრაინის პრეზიდენტისთვის არამომგებიანი იქნება.

„ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკების პოლიტიკას არჩევს, ამით დაიწყებს და თუკი ეს ურთიერთობა ჩიხში შევიდა, ეს უკვე სხვა დონეზე გადავა. ზელენსკის სტეპან პოლტორაკთან პირდაპირი კონფლიქტი ჰქონდა. ვნახეთ, როგორ უხეშად გაწია ზელენსკიმ ის, რადგან თავდაცვის მინისტრმა, ფაქტობრივად, გასცა ბრძანება, რომ უკრაინის არმია სამხედრო მზადყოფნაში გადასულიყო და დაიწყო გარკვეული შეტევები დონეცკის მიმართულებით, რამაც ზელენსკი მწყობრიდან გამოიყვანა.

„საინტერესოა ზელენსკი ვის შეარჩევს თავდაცვის მინისტრად და გენერალური შტაბის უფროსად. რამდენად ააწყობს ურთიერთობას შს მინისტრ ავაკოვთან," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×