„თურქეთი ნატო-ს ფარგლებში ცდილობს, რომ აწარმოოს შედარებით დამოუკიდებელი პოლიტიკა. თუ სლოვაკეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზეა რუსული სამხედრო შეიარაღება, სამაგიეროდ, იმავე ბულგარეთის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა და სამხედრო თვითმფრინავები F-16 არის განთავსებული", - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან" საუბრისას ის ფაქტი, რომ რუსულ სამხედრო შეიარაღებას თურქეთის გარდა ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებიც იყენებენ.
კეროძოდ, ცნობილია, რომ 2019 წლის ივლისში თურქეთმა შეიძინა რუსული S-400. თუმცა, არსებობს ნატო-ს სხვა ქვეყნები, რომლებმაც რუსეთისგან ასევე შეიძინეს იარაღი. ბულგარეთი, საბერძნეთი და სლოვაკეთი - ეს სამი ნატო-ს წევრი ქვეყანა ასევე იყენებს საკუთარ შეიარაღებაში რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ხოლო თავის მხრივ, საბერძნეთმა რუსეთთან რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი ფედერაციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების „Tor-M1"-ისა და სხვა შეძენის შესახებ.
პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ თურქეთის მიერ რუსული შეიარაღების შეძენა განსაკუთრებული სკანდალის მიზეზად იმიტომ იქცა, რომ რუსული შეიარაღების მქონე ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთი ცდილობს, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს:
„ერთერთი მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იგივე სლოვაკეთისა და ბულგარეთისგან განსხვავებით, თურქეთი უშუალოდ ნატო-ს ფარგლებში ცდილობს, რომ აწარმოოს შედარებით დამოუკიდებელი პოლიტიკა და ეს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანწილად გულისხმობს რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ თუ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
„მაგალითად, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან რუსეთმა და თურქეთმა შეიმუშავეს უსაფრთხოების და სამხედრო-პოლიტიკური მიმართულების ახალი ინციატივები შავი ზღვის რეგიონში, რაც გულისხმობს იმას, რომ შავი ზღვის მონაპირე 6 ქვეყანას შორის თანამშრომლობას ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, მეკობრეობასთან ბრძოლის საკითხებში.
„თუმცა, რეალურად, ძირითადი მოთამაშეები არიან რუსეთი და თურქეთი. ფაქტობრივად, საქართველო არ მონაწილეობდა ამ პროგრამაში. ამ შემთხვევაში მიზანი ისაა, რომ დაბალანსდეს ნატო-ს ინტერესები და ნატო-ს გავლენა შავი ზღვის რეგიონში, სადაც თურქეთს არ სურს, რომ ნატო-მ განახორციელოს ის პროგრამა შავი ზღვის რეგიონში, რომელსაც ის ახორციელებს ვთქვათ, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.
„თურქეთი შავ ზღვას განიხილავს, როგორც თავისი გავლენის სფეროს - დახურულ ზღვად. ამას ემატება 1936 წლის მონტრეს კონვენცია, რომლის მიხედვითაც ვიცით, რომ თურქეთს გააჩნია უფლება, რომ გაატაროს სამხედრო გემები ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში და ამ გემებს უფლება აქვსთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ შავი ზღვის აკვატორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ს ფარგლებში შედარებით განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებს თურქეთი", - განმარტავს ჩიტაძე.
ექსპერტის განმარტებით, თვალსაჩინოა ის ახალი ინციატივები, რომელიც თურქეთს რუსეთთან და ირანთან ერთობლივ საქმიანობაში გულისხმობს, რაც, თავისთავად ანტიდასავლური შინაარსის მატარებელია, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც განლაგებულია რუსული შეიარაღება, სიტუაცია განიმუხტება იმ ფაქტორითაც, რომ რუსულის გარდა იქვე აშშ-ის შეარაღებაცაა.
„გარდა ამისა, ახალი ინციატივებიც შეინიშნება, ვიცით, რომ რამდენჯერმე შედგა შეხვედრა რუსუეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის. იქმნება რაღაც ანტიდასავლური მიმართულების მქონე ახალი სამკუთხედი. არსებობს სხვა მიმართულებებიც, თუნცადაც „ცისფერი ნაკადი - 2-ის" პროექტი, რომელსაც თურქეთი და რუსეთი ერთად განიხილავენ და რომლის გამტარუნარიანობა სხვადსხვა მონაცემებით ბუნებრივი აირის 30-დან 60 მლნ კუბურ მეტრამდე მერყეობს. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი უფრო დამოუკიდებელი მოთამაშეა.
„თუ სლოვაკეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზეა რუსული სამხედრო შეიარაღება, სამაგიეროდ, იმავე ბულგარეთის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა და აშშ-ის სამხერო თვითმფრინავები F-16 არის განთავსებული ბულგარეთის ტერიტორიაზე. უფრო მეტ შეშფოთებას, ამ შემთხვევაში, იწვევს სწორედ თურქეთის პოზიცია.
„არსებობს რუსეთსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობა - საბერძნეთს გააჩნია რუსული სამხედრო კატარღები, მაგრამ ძირითადად, ნატო-ს წევრი ქვეყნები ნატო-ს შეიარაღების სტანდარტებით არიან აღჭურვილნი. როდესაც „ცივი ომის" დასრულების შემდეგ დღის წესრიგში იდგა პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, შემდეგ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთის, სლოვაკეთი, სლოვენიის, რუმინეთისა და ბულგარეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი , ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალები უნდა ყოფილიყო ღჭურვინლი ნატო-ს სტანდარტების მიხედვით.
„თუ არ ვცდები, რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ჯერკიდევ რამდენიმე რუსული ტანკები ჰყავთ შეიარაღებაში, მაგრამ ძირითადად, რა თქმა უნდა, მათ შეცვალეს შეარაღება.
"ეს ნაკლებ შეშფოთებას იწვევს, რადგან ყველა ეს ქვეყანა უფრო მეტადაა ინტეგრირებული ნატო-ში. ჩვენ დავინახეთ, რომ იგივე თურქეთი, რომელიც „ცივი ომის" პერიოდში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე და თავის დროზე, დათანხმდა ამერიკის 7 სამხედრო ბაზის განთავსებას საკუთარ ტერიტორიაზე, „ცივი ომის" შემდგომ პერიოდში უფრო დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს ნატო-სა და შავი ზღვის ფარგლებში", - თქვა ნიკა ჩიტაძემ.