უკრაინამ ხუთშაბათს ქვეყნის ერთ-ერთ საზღვაო პორტში რუსული გემი დააკავა, რომელიც, კიევის მტკიცებით, ნოემბერში რუსეთის მიერ სამი უკრაინული ხომალდის დაკავებაში მონაწილეობდა.
ბოლო მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაათავისუფლა ტანკერის დაკავებული ეკიპაჟი, თუმცა მათგან მიიღეს წერილობითი თანხმობა, რომ გამომძიებლის მოთხვნისთანავე, დაუყოვნებლივ გამოცხადდებიან დაკითხვაზე.
უკრაინული მედიის ცნობით, მეზღვაურების წინააღმდეგ არ არის აღძრული საქმე. ისინი უბრალოდ ამ საქმეში ფიგურირებენ, როგორც მოწმეები. მათ გადაადგილებას კი არავინ ზღუდავს.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოსკოვი უკრაინას დაემუქრა, რომ თუ ისინი რუსეთის მოქალაქეებს "მძევლად" აიყვანდნენ, მათ ძალიან მალე "საკადრის პასუხს" მიიღებენ.
უკრაინის უშიშროების სამსახური კი ამტკიცებს, რომ გემი, რომელიც უკრაინის პორტ იზმაილში დააკავეს, ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტში საკმაოდ უარყოფით როლს ასრულებდა, კერძოდ კი სწორედ მან მოახდინა უკრაინული გემების ბლოკირება.
შეგახსენებთ, რომ მაშინ რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი დააკავა, ხოლო მათი ეკიპაჟები დაატყვევა. ეს მოხდა ქერჩის სრუტეში, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს კრასნოდარის მხარისგან ჰყოფს.
უკრაინის მხარე კი აცხადებს, რომ გემს, რომლიც იზმაილში დააკავეს, თავისი სახელი სპეციალურად ჰქონდა შეცვლილი, რათა უკრაინელებს არ გაეგოთ, რომ ეს სწორედ ის ხომალდი იყო, რომელიც ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტში ასეთ უარყოფით როლს ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში რუსეთს დაკავებული ჰყავს 24 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის 22 მეზღვაური და უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც სწორედ ქერჩის სრუტის ინციდენტის დროს დაატყვევეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ.