თურქეთს კიდევ აქვს გაფორმებული რუსეთთან რამდენიმე ტიპის შეიარაღებაზე ხელშეკრულება, ანკარა უკვე გადადიან რუსულ შეიარაღებაზე
თამარ შუკვანი
26.07.2019

 „თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობა შესაძლოა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. აქ უკვე თურქეთის თამაში ევრაზიული მიმართულებით ამერიკელებისთვის კრიტიკულად საშიში ხდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თურქეთის მუქარაზე საუბრისას, რომ თუ აშშ თურქეთს ეფ-35 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვაზე უარს ეტყვის, ანკარა საბრძოლო თვითმფრინავების მისაღებად სხვა გზას მონახავს.

ვახტანგ მაისაიასთვის გაუგებარია ანკარა რა თამაშს თამაშობს; იგი არ გამორიცხავს, რომ თურქეთსა და რუსეთს დამატებით რამდენიმე ტიპის შეიარაღებაზე ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული. ამ შემთხვევაში მისი თქმით, თურქეთის ნატო-ს წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„ეს უკვე გაცილებით სერიოზული გამოწვევაა. თუ თურქები მონაწილეობას მიიღებენ რუსული მეხუთე თაობის სტრატეგიული ავიაგამანაგურებლის პროექტში და დაფინანსებაში შევლენ, რადგან დღეს რუსეთს თანხები აკლია, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო განავითაროს, ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. თურქეთის ნატო-ში წევრობა როგორ შეიძლება მოიაზრებოდეს, გასაგებია. თურქები უკვე გადადიან წმინდა რუსული შეიარაღების სტანდარტებზე.

„რა თამაშს თამაშობს ერდოღანი ნამდვილად საინტერესოა. როგორც ჩანს, ის პირდაპირ მიდის დასავლეთთან კონფრონტაციაში. თურქები მაინც მოახდენენ ამ სტრატეგიული შეიარაღების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთს კიდევ აქვს გაფორმებული რუსეთთან რამდენიმე ტიპის შეიარაღებაზე კონტრაქტი, რადგან ორი კვირის წინ შედგა თურქეთისა და რუსეთის სამხედრო ტექნიკური ურთიერთობების კომისიის სხდომა, სადაც მხოლოდ ეს-400-ებსა და ეფ-35-ებზე არ იქნებოდა საუბარი. როგორც ჩანს, თანამშრომლობის სხვა ელემენტებიც განიხილეს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

თურქეთი იმუქრება, იმ შემთხვევაში თუკი აშშ თურქეთს ეფ-35 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვაზე უარს ეტყვის, ანკარა საბრძოლო თვითმფრინავების მისაღებად სხვა გზას გამონახავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი" ავრცელებს. აშშ-ს კი არ სურს თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა ეს-400 აამოქმედოს.

ანკარა ვაშინგტონს ასევე აფრთხილებს, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, ისინი აშშ-სგან ბოინგის თვითმფრინავებს აღარ იყიდიან.

„თუ ჩვენ არ მივიღებთ ეფ-35-ებს, თქვენ იცით, რომ ვყიდულობთ 100 ბოინგს, შეთანხმება ხელმოწერილია. ამ მომენტისთვის ერთი ბოინგი უკვე ჩამოსულია და ჩვენ გადახდის პროცესში ვართ, ჩვენ კარგი მომხმარებლები ვართ. თუმცა, თუ ვითარება ასე გაგრძელდა, ჩვენ ამ ყველაფრის გადახედვა მოგვიწევს," - ამბობს ერდოღანი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას არ გამორიცხავს, თუმცა აშშ-ს ამოცანაა, სისტემა არ ამოქმედდეს.

„სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით თურქებს თვეების განმავლობაში. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს უბრალოდ შეუთავსებელია „ეფ-35"-თან. ჩვენ თურქებს ცხადად ვუთხარით, რომ „ეს-400"-ის ამოქმედება მიუღებელია," - განაცხადა პომპეომ „ბლუმბერგთან" ინტერვიუში.

თურქული გამოცემა „ანადოლუს" ინფორმაციით, 23 ივლისს თეთრ სახლში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელ სენატორებს უთხრა, რომ თურქეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს არ ემხრობა.

ცნობისათვის, აშშ-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ ანკარის მიერ რუსული ეს-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო ნატო- ს წევრ თურქეთს F-35-ის პროგრამაში მონაწილეობის ნებას აღარ დართავენ.

აშშ-ს კანონმდებლობა აღნიშნული ქმედების გამო თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ერდოღანის გაცხადებით, ის იმედოვნებს, რომ აშშ სანქციებთან დაკავშირებით „გონივრულ" გადაწყვეტილებას მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×