„ეფ-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამა დიდი ხანია დაიწყო და მასში თურქეთიც მონაწილეობს. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, უკვე შეწყდა თურქეთის მონაწილეობა ამ პროგრამაში.
"საბჭოთა და რუსული სტანდარტის შეიარაღება თურქეთის არმიაში აქამდეც იყო, თუ თურქეთი უფრი ღრმად შევა სამხედრო-ტექნიკურ თანამშრობლობაში რუსეთთან ე.ი თურქეთისა და ნატო-ს შორის არსებული ნაპრალი უფრო გაღრმავდება, მაგრამ რადიკალური ცვლილება არ მოხდება, რადგან თვითონ ალიანსის ინტერესებშია, რომ თურქეთი მისი წევრი იყოს", - ასე შეაფასა სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება, რომლის თანახმადაც ის აპირებს, რომ აშშ-ის იარაღის ალტერნატივა რუსეთისგან შეიძინოს.
ერდოღანის განმარტებით, რომელიც მან 26 ივლისს გააკეთა, მიუხედავად აშშ-ს გადაწყვეტილებისა, რომ ანკარა საბრძოლო თვითმფრინავების წარმოების პროგრამას ჩამოაშოროს, თურქეთი საბრძოლო თვითმფრინავებზე უარის თქმას არ აპირებს და მათ მისაღებად სხვა გზას მიმართავს.
„თუ ჩვენ არ მივიღებთ ეფ-35-ებს, თქვენ იცით, რომ ვყიდულობთ 100 ბოინგს, შეთანხმება ხელმოწერილია. ამ მომენტისთვის ერთი ბოინგი უკვე ჩამოსულია და ჩვენ გადახდის პროცესში ვართ, ჩვენ კარგი მომხმარებლები ვართ. თუმცა, თუ ვითარება ასე გაგრძელდა, ჩვენ ამ ყველაფრის გადახედვა მოგვიწევს", - განაცხადა ერდოღანმა.
გარდა ამისა, გასულ თვეში თურქეთს მრავალპროფილიანი კა-32 ტიპის ვერტმფრენები გადაეცა რუსეთისგან. ჰოლდინგ „რუსეთის ვერტმფრენების" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ამ მიმართულებით (თვითმფრინავების შეძენა) გაფართოებული და აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობის. ამის შესახებ მან თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუსთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთის ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად დიდი ხანია ჩართულია ეფ-35 ტიპის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამაში, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ რუსეთთან თანამშრომლობისა და ფედერაციისგან ეს-400 ტიპის საზენიტო - სარაკეტო სისტემის შეძენის გამო თურქეთს დაატოვებინონ პროგრამა:
„ეფ-35 ტიპის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამა დიდი ხანია დაიწყო და მასში ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის თურქეთიც. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე (თურქეთმა რუსეთისგან შეიძინა ეს-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა) ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკვე გამზადებული 4 ცალი ეფ-35 გადაცემა თურქეთისთვის.
„სავარაუდოდ, უკვე შეწყდა თურქეთის მონაწილეობა ამ პროგრამაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თურქეთს სურს, რომ გადაახალისოს თავისი საბრძოლო ავიაცია. ხოლო, საუბარი იმაზე, გააგრძელებს თუ არა ეს-400-ბის შემდგომ, ვთქვათ, იყიდის თუ არა რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს, მაგალითად, სუ-35-ეს ჯერ გაურკვეველია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორი მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა პრეზიდენტ პუტინსა და ერდოღანს შორის, გამორიცხული არც ეს არ არის",-ამბობს ალადაშვილი.
მისივე განცხადებით, თურქეთის შეიარაღებაში ეს-400 არ არის პირველი რუსული გამოშვების შეიარაღება და თურქეთ-რუსეთის თანამშრობმლობა ამ კუთხით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყო:
„ამ შემთხვევაში ერთი რამაა გასათვალისწინებელი, თურქეთის არმიისა და ჟანდარმერიის შეიარაღებაში საბჭოთა, ხოლო უკვე შემდგომ რუსეთის შეიარაღება, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გამოჩნდა - ანუ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გერმანიამ გადასცა ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის საბჭოთა შეიარაღება, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები და შვეულმფრენები, თურქეთის არმიას.
„ამის შემდეგ, თურქეთმა მი-8 და მი-17 ტიპის შვეულმფრენების გარკვეული პარტია შეიძინა უკვე რუსეთში, რომელსაც თურქეთის ჟანდარმერია აქტიურად იყენებს ქურთების წინააღმდეგ მოწყობილ ოპერაციებში. ე.ი. საბჭოთა და რუსული სტანდარტის შეიარაღება თურქეთის არმიაში აქამდეც იყო", - განმარტა ირკლი ალადაშვილმა.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორის თქმით, ნატო-სა და თურქეთს შორის შესაძლოა, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბოს, მაგრამ თავად ნატო-ს არ აძლევს ხელს თურქეთის ალიანსიდან გაძევება, რადგან თურქეთი მათთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა:
„თუ თურქეთი უფრი ღრმად შევა ასეთ მჭიდრო სამხედრო-ტექნიკურ თანამშრობლობაში რუსეთთან, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თურქეთისა და ნატო-ს შორის არსებული ნაპრალი უფრო გაღრმავდება.
„რა თქმა უნდა, ასეთი რადიკალური ცვლილება არ მოხდება (ნატო-ს არ დაატოვებინებს თურქეთს ალიანსს), რადგან თვითონ ალიანსის ინტერესებშია, რომ თურქეთი მისი წევრი იყოს. თურქეთს უზარმაზარი ტერიტორია აქვს, მით უმეტეს, შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონები. აქ გასათვალისწინებელი ისაა, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ შორის სამხრეთი ფლანგი, რაზეც პასუხისმგებელი თურქეთია, აწყობილი აქვს და ამ უზარმაზარი სისტემის დაშლა ამ მხრივ ნატო-ს ურთულეს სიტუაციაში ჩააგდებდა. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები - ეს გასასვლელები შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში ძალიან დიდი მნიშვნელობისაა.
„ალიანსი ახლა ეცდება, რომ არ გააღრმავოს ეს დაპირისპირება თურქეთთან, რადგან ნატო-შიც ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, შეიცვალოს, თუ მოვა დრო და შეიცვლება თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება. თუ თურქეთის ხელისუფლებაში მოვა ახალი, ერდოღანის ოპოზიციური ძალა, მაშინ ბევრი რამე ისევ შეიცვლება", - დასძენს ალადაშვილი.