ამერიკის სენატი გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობს, გუშინ სანქციების შემოღებას სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა და, დიდი ალბათობით, საბოლოოდ ისინი მაინც ამოქმედდება.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, და სავსებით სამართლიანად, რომ გაზსადენის ამუშავება, რომელიც რუსეთსა და გერმანიას პირდაპირ აკავშირებს, ევროპაში კრემლის გავლენას გააძლიერებს, ამერიკის მოკვშირეებს კი, კერძოდ უკრაინასა და პოლონეთს, გავლენას კიდევ უფრო შეუსუსტებს.
სანქციები იმ კომპანიებსა და კერძო პირებს ეხებათ, რომლებიც ამ მილსადენის გაყვანაში იღებენ მონაწილეობას.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2" ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთიდან გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. ანუ, გერმანია ევროპაში რუსული გაზის განაწილების ერთგვარი ცენტრი ხდება. სწორედ ამიტომ ბერლინი, ამერიკის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ პროექტში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო.
გაზსადენის ამოქმედება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, თუმცა შეიძლება დანიის წინააღმდეგობის გამო გადაიდოს, რომელიც მის საზღვაო სივრცეში მშენებლობის ნებართვას ჯერ არ იძლევა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ასეთი ნებართვა გასცეს ფინეთმა და შვედეთმა,
საქმე ისაა, რომ გაზსადენი გვერდს უვლის ბელორუსის, უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიებს. ამჟამად რუსული გაზის დიდი ნაწილი ევროპას სწორედ ამ ქვეყნების გავლით მიეწოდება, რამ მათ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს და ერთგვარ პოლიტიკურ ბერკეტსაც აძლევს. თუ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" წარმატებით განხორციელდა, ეს ბერკეტი, ისევე როგორც ფინანსური სარგებელი, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან გერმანიის ხელში გადადის.