ბრიტანეთის არმიაში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელიც რეაგირებას მოახდენს რუსეთის მიერ სოციალურ ქსელებში განხორციელებულ თავდასხმებზე და საპასუხო თავდასხმებსაც განახორციელებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ სოცქსელებში განხორციელებული თავდასხმები და მათი დაცვის მექანიზმების შექმნა ფაქტიურად ცივი ომის ნაწილია, რომელსაც ფსიქოლოგიურ ომს უწოდებენ.
„ცივი ომის დროს ამას ერქვა ფსიქოლოგიური ომი. როდესაც ცივი ომი დასრულდა, ნატომ ფაქტიურად ფსიქოლოგიური ომის ეს ნაწილები დაშალა იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა არ იყო. როცა ახალი ცივი ომი ახალი ძალით განვითარდა (რუსეთი ისევ ნატოს მთავარი მტერია), ფსიქოლოგიური ომის თემამ კვლავ წინა პლანზე წამოიწია. ეს არის კლასიკური ფსიქოლოგიურო ომის ბრძოლის მეთოდი.
„იმის გამო, რომ რუსეთმა გაააქტიურა თავისი ქმედება დასავლეთის მიმართულებით, ახლა კი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ფაქტიურად არსებობს ცივი ომის ცხელი ფაზა, აქედან გამომდინარე ბრიტანეთმა აღადგინა თავისი ფსიქოლოგიური ომის სამხედრო შენაერთები. ადრე სპეციალური ფსიქოლოგიური ომის წარმოების დოქტრინაც კი იყო შემუშავებული, რომელიც საკმაოდ წარმატებით იგერიებდა საბჭოთა პროპაგანდას, მათ შორის სამხედრო მიმართულებით და ზუსტად ამ დოქტრინის ფარგლებში მოხდა ამ შენაერთის შექმნაც.
„სხვათა შორის, ეს ნატოსგან წამოვიდა - ალიანსმა შექმნა სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური, რომელიც სწორედ ფსიქოლოგიური ომის პარამეტრებით ახორციელებს საბრძოლო ოპერაციებს," - ამბობს ექსპერტი.
„ადრე იყო ფსიქოლოგიური ომის საშუალებები, მედია - საგაზეთო, ტელევიზია, რადიო, ახლა ამას დაემატა სოციალური ქსელები ანუ ვირტუალური მედია, პლიუს კიბერ სივრცე. ახლა მათი მიზანია, რომ სოცქსელებში ადამიანებზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზეწოლა, გადმობირება და მათზე ზემოქმედება. მოახვიონ თავს საინფორმაციო სტრატეგია.
„პირველი ფსიქოლოგიური ომის დანაყოფი შეიქმნა 1902 წელს ბრიტანეთში, პირველად ბრიტანეთმა შემოიღო ეს სტრატეგია, შემდეგ საბჭოთა კავშირმა განავითარა და ცივი ომის დროს ამან მიიღო საკმაოდ ჩამოყალიბებული სახე. დღეს უკვე ჩვენ ვართ მესამე თაობის ფსიქოლოგიური ომის ტრენდზე, სოცქსელებში უკვე მიდის საუბარი იმაზე, თუ ვის უფრო მეტი გამოცდილი ჟურნალისტები და პიარ ტექნოლოგები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ სოცქსელებში შესაბამისი ტიპის შეტევები, მათ შორის ტროლური და სხვადასხვა ტიპის ფეიკ ნიუსების გავრცელება და მოახდინოს მისი მოწინააღმდეგის ნების გატეხვა,"- აცხადებს იგი.
მაისაიას თქმით, სახელმწიფოები ფსიქოლოგიურ ომს მაშინ მიმართავენ, როდესაც ღია სამხედრო მოქმედებები მიზანშეწონილი არ არის.
„ფსიქოლოგიურ ომს მიმართავენ ხოლმე მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეები გადადიან მტრულ ურთიერთობებში და პირდაპირი საბრძოლო ოპერაციების მომენტები არ არის იმ ეტაპზე სასურველი და იყენებენ არასაბრძოლო ოპერაციებს. ტერმინებიც კი არის შემოსული - „რბილი ძალა" და „ჭკვიანი ძალა". ბუნებრივია, ფსიქოლოგიური ომი წარმოადგენს სამხედრო კამპანიის წარმოების არასაბრძოლო ფაზას. თუმცა, ფაქტიურად იგივე ომია.
„ამით შეგიძლია საზოგადოების აზრზე მოახდინო გავლენა, შექმნა შენი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური გადმობირების საფუძველი, დავუშვათ იგივე შენი მოწინააღმდეგის ღირებულებები შებღალო, შენი მიზნები და ამოცანები კი წარმოაჩინო ერთადერთ ჭეშმარიტებად. ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება საზოგადოებაზე, რაც საკმაოდ სერიოზული ფაქტორია მოწინააღმდეგე მხარის მორალურ-იდეოლოგიური გამოფიტვისათვის და ფაქტიურად მოსახლეობაზე მოახდინო შენი მხრიდან პოზიტიური იმიჯის წამოჩენა, შესაბამისად ამით მოახდინო მოწინააღმდეგე მხარის დამარცხება," - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".