„გამოქვეყნდა „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის" ანგარიში, სადაც შარშანდელთან შედარებით "წითელას" შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში 2019 წელს ორჯერ არის მომატებული. ამიტომ წითელას ეპიდაფეთქებები ყველა იმ ქვეყანაშია მოსალოდნელი, სადაც აცრების რაოდენობა დამაყმაყოფილებელი არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე "წითელას" შესაძლო მორიგი „აფეთქების" შესახებ საუბრისას.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მასობრივი აცრების საშუალებით, საქართველოში წითელას შემთხვევებმა აშკარად იკლო.
„ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყანაში წითელა რადიკალურად შემცირდა, რაც მასობრივი ვაქცინაციით მოხდა. გარდა გეგმიურისა, 150 ათასი დამატებითი აცრა გაკეთდა, თუმცა, კვირაში 2-3 შემთხვევა კიდევ არის.
„დილის სხდომაზე რეგიონებს კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ გაამახვილონ ყურადღება აუცრელ კონტიგენტზე, განსაკუთრებით 20-დან 40 წლის ასაკის მოსახლეობაში," - დასძინა მან.
ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ "წითელას" შემთხვევაში გარკვეული პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა, მორიგი ტალღის რისკი დღესაც არსებობს.
„წითელას აფეთქებას ყოველთვის უნდა ველოდოთ, რადგან, ევროპაში რამდენიმე წელია უკვე მუდმივად გვაქვს „აფეთქებები."წითელას არ აქვს რაიმე კონკრეტული პროგნოზირებადი ტალღები, როგორიც, მაგალითად, შეგვიძლია გრიპზე გავაკეთოთ, - წითელას შემთხვევაში, ეს შეუძლებელა.
„რადგან ისევ რჩება გარკვეული პროცენტი ჩვენი მოსახლეობის აუცრელი, „აფეთქებას" ყოველთვის უნდა ველოდოთ," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
აუცრელი მოსწავლეების სკოლებში აცრა მოსალოდნელი. სპეციალური ბრიგადები შესაძლოა, სკოლებში მივიდნენ და მშობლების თანხმობით მოსწავლეები აცრან. აცრა ისევ ნებაყოფლობითი იქნება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განუცხადა.
რა ასაკის ბავშვებზეა საუბარი და ზოგადად, ეს საკითხი დღის წესრიგში რატომ დადგა?
„ბავშვები იცრებიან ორჯერ გეგმიურად, 1-დან 5 წლის ასაკში. სკოლაში მისული ბავშვი წესით ორჯერ უნდა იყოს აცრილი. თუ ბავშვი ორჯერაა აცრილი, მაშინ მას 99%-იანი ალბათობით წითელა არ დაემართება.
„ამიტომ ჩვენ ზაფხულში მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, სკოლებს, რესურსცენტებს და საბავშვო ბაღებს, თუ შესაძლებელია, გადაამოწმონ, თუ ბავშვი ბაღში მიდის ან სკოლაში, მისი აცრის კალენდარი. თუ აცრის კალენდრის მიხედვით სათანადოდ არ არის აცრილი , მშობელს მისცენ რეკომენდაცია, რომ ის აიცრას," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ნორმატიულ აქტს, რომლითაც პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი მტკიცდება, სამინისტროს შემუშავებული აქვს და დამტკიცების ბოლო პროცედურებს გადის. დარახველიძის ინფორმაციით, ნორმატიული აქტი უკვე მოწონებულია იმუნიზაციის საბჭოს მიერ და უახლოეს დღეებში საბოლოოდ დამტკიცდება.
ცნობისათვის, ნორმატიული აქტები, რომლის თანახმადაც, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო 2019 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება არ აქვთ.