ახლახანს გაცხადდა ერთ-ერთი გახმაურებული საქმის უცნობი დეტალები. საუბარია უკრაინის ანტიტერორისტული ჯგუფის მიერ იმ პრორუსი მებრძოლის ხელში ჩაგდებაზე, რომელიც მალაიზიური სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს ანტისაზენიტო ბატარეას ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, ამ საქმის გამოძიებაში უმნიშვნელოვანეს მოწმეს წარმოადგენს.
როგორც ირკვევა, ეს იყო უაღრესად გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგად ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო მეორემ ფეხი დაკარგა. მაშინ უკრაინელმა სამხედროებმა პრორუსი კომბატანტი არა მარტო შეიპყრეს, არამედ მისი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაც მოახერხეს. ამ ოპერაციის მსვლელობისას მებრძოლებს ჰქონდათ ბრძანება, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, სეპარატისტი ბოევიკი ცოცხლად ჩაეგდოთ ხელთ. შედეგად, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა ორი მებრძოლი ნაღმზე აფეთქდა და მათგან ერთ-ერთმა ფეხი დაკარგა, მეორე კი მოგვიანებით მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უცნაური კი ის არის, რომ პრორუსი მებრძოლი ვლადიმირ ცემახი, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში ერთ ერთ მთავარ მოწმედ მიიჩნეოდა, ახლახან უკრაინულმა მხარემ რუსეთს ტყვეებში გაუცვალა.
მანამდე კი სეპარატისტთა საჰაერო თავდაცვის ყოფილი მეთაური ვლადიმირ ცემახი კიევის სააპალაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლით.
7 სექტემბერს, უკრაინისა და რუსეთის სახელმწიფოებმა პატიმრები გაცვალეს, ერთმა ჟურნალისტმა უკრაინისაგან კრემლისთვის გადაცემულ სხვა ტყვეებთან ერთად, პრორუსი ექსბოევიკი ვლადიმირ ცემახი რუსული თვითმფრინავის ბორტზე შეამჩნია. ცემახის რუსეთისთვის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.
საინფორმაციო პორტალმა Bellingcat-მა გაარკვია, რომ ცემახი სინამდვილეში დონეცკიდან 27 ივნისს გამოიყვანეს. სპეცოპერაციაში უკრაინულ სპეცსამსახურებთან ერთად, შეიარაღებული ძალების 74-ე ცალკეული სადაზვერვო განყოფილების ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ნიდერლანდებიდან მოფრინავდა, სეპარატისთა მიერ კონტროლირებადი საჰაერო ტერიტორიიდან 2014 წლის 17 ივლისს „ბუკ"-ის სისტემის რაკეტით ჩამოაგდეს. კატასტროფას 298 ადამიანი ემსხვერპლა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ანგარიშის თანახმად საზენიტო სარაკეტო კომპლექსი დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან შევიდა. მოსკოვი კი ამას კატეგორიულად უარყოფს.
ბოინგის საქმის მთავარ მოწმეს კიევის სასამართლომ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვება აუკრძალა და საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობა დაავალდებულა, თუმცა ბრალდების მხარე შიშობდა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული ცემახი გამოძიებას დაემალებოდა, უკრაინული მედია კი არ გამორიცხავდა იმ ფაქტსაც, რომ ცემახი კიევს რუსეთთან უკრაინელ ტყვეებში გაეცვალათ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთისგან უკრაინისთვის გადმოცემულ ტყვეებს შორის ქერჩის ინციდენტის დროს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ.