ელზა პაპოშვილი
16.09.2019

 მოძალადე დედა თუ მამა?!-თვეებია უკვე ცოლ-ქმარი ერთმანეთს მცირეწლოვან შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს. თუმცა, მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა, რადგანაც, მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ბათუმის გავლით ქვეყნის დატოვებას აპირებდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

მანამდე კი მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მას ყოფილი ცოლი აშანტაჟებდა და შვილებს მასთან ვაჭრობისთვის იყენებდა. მისი თქმით, ცოლი შვილებზე სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და მას თვეების განმავლობაში ბავშვებს უმალავდა.

5 წლის ვატოს და 9 წლის ნიკოლოზის მეურვეობის მოსაპოვებლად ყოფილი ცოლ-ქმარი სასამართლოში მუდმივად დავობდნენ. პაატა თაბუკაშვილი ამბობდა, რომ სასამართლომ მშობლებს ორკვირიანი მონაცვლეობით მეურვეობის უფლება მიანიჭათ, თუმცა, ცოლი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და მამას 5 წლის უმცროსი შვილს უმალავს. ხოლო უფროსმა ვაჟმა დედაზე უარი თქვა და მამასთან იზრდება. სწორედ უფროს შვილზე გარყვნილ ქმდებაში ადანაშაულებს მას გამოძიება. პაატა თაბუკაშვილის თქმით, დედა უმცროსი ვაჟის სანაცვლოდ მას 80 ათას ლარს სთხოვდა.

პაატა თაბუკაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, ამიტომაც საქმეში ჩაერთო. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე საუბარი არაა საჭირო და ყველაფერი მალე გაირკვევა.

თავად პაატა თაბუკაშვილის ყოფილი მეუღლის, ნათია სამხარაძის განცხადებით ყოფილი ქმრის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავება მისთვის მოულოდნელია. მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე დააკავეს მისი ყოფილი ქმარი. სამხარაძე ამბობს, რომ ივნისში თაბუკაშვილს სასამართლომ 6 თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ამიტომაც ამ ეტაპზე ბავშვები მის დასთან და მშობლებთან იმყოფებიან. თავად კი საზღვარგარეთ არის.

„წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა და მისი დაკავება პოლიციამ რის საფუძველზე გადაწყვიტა. საქართველოში არ ვარ. ამ ადამიანს უკვე 5 წელია რაც გავშორდი. სასამართლომ ივნისში ჩემი და ჩემი მცირეწლოვანი შვილის მიმართ 6-თვიანი შემკავებელი ორდერი გამოუწერა, ვინაიდან ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

"ბავშვები ახლა ბებიასთან და ჩემ დასთან, საიმედო ხელში არიან. ამ თემასთან დკავშირებით, ჩვენს შორის დავა ვერ მოგვარდა, ვინაიდან უნდოდა, ბავშვები ჩემთვის ჩამოეშორებინა. მუდმივად წნეხის ქვეშ ვიყავი და ჩემზე ათას სიბინძურეს იგონებდა. ბოლოს სასამართლოში ვნახე ორი თვის წინ. მას შემდეგ ტელეფონითაც არ გვისაუბრია", - აცხადებს სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×