ქეთი ხუციშვილი „კომედი ჯგუფის" წევრობით ბედნიერი ჩანს. ახალი ეტაპი აქვს, ბევრ გმირზე ერთდროულად დაიწყო მუშაობა. ახალ სახეებს ძერწავს. „პრაიმტაიმთან" საუბრისას ისიც დაცდა, რომ მიშა ანდღულაძესთან ერთად საინტერესო ტანდემი იბადება.
ქეთი ხუციშვილი: - არანორმალურად, გამორჩეულად მიყვარს მიშა ანდღულაძე. ჩვენი ტანდემი შედგა! (იცინის) მიშას ვერ გავუძელი... ეგ ადამიანი არ შემიძლია, საშინელი კაცია... იმდენი ვიცინე, გადაღების პროცესი ლამის ჩავშალე.
„ჩცდ"-ში გამოჩნდება თუ არა, არ იცის. ლუნა მოენატრება, თუმცა გამოტყდა, რომ ახლა ასე ურჩევნია. „რუსთავი 2"-ზე დარჩენილი „კომედი ჯგუფისგან" შემოთავაზება რომ მიიღო, წინააღმდეგობა „ფორმულა კრეატივისგან" არ ჰქონია. როგორც წესი, არხებს აქვთ „ეგოისტური" მიდგომა მსახიობებთან და სახეებთან მიმართებაში. როცა მსახიობი ერთ არხთან თანამშრომლობს, მას სხვაგან გამოჩენას „უკრძალავენ". ქეთის შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, ასეთი კატეგორიული მოთხოვნა არც „ფორმულა კრეატივისგან" („ჩცდ"-ს შემქმნელები) ჰქონია და არც - „კომედი ჯგუფისგან". მოკლედ, ეს გამოჩნდება - ვიხილავთ თუ არა ქეთის „ჩემი ცოლის დაქალებში".
ქეთი ხუციშვილი: - ვნერვიულობდი, „კომედი ჯგუფში" როგორ მიმიღებდნენ, ახალ გარემოს როგორ შევეთვისებოდი. ასე ვღელავდი „ჩცდ"-ში პირველი გამოჩენისას. როგორ მიმიღებდა მაყურებელი, არ ვიცოდი. „კომედი ჯგუფის" თანამშრომლები იმდენად კარგად დამხვდნენ და ისე კარგად მიმიღეს, აღარ ვღელავ. არადა, ნერვიულობისგან რამდენიმე ღამე არ მიძინია. უკვე რამდენიმე გმირზე ვმუშაობ. სხვადასხვა სპეციფიკაა სერიალშიც და სკეტჩებშიც. მე ხომ თეატრალური ფაკულტეტი არ მაქვს დამთავრებული და ამ სპეციფიკაში ვერ ვერკვეოდი. თუმცა ნელ-ნელა პრაქტიკაში გავერკვიე. უნდა გითხრათ, უფრო მეტი სირთულეები დამხვდა. სცენარი უცებ იწერება, როლი უცებ უნდა მოირგო. შეიძლება ლოთიც განვასახიერო, სექსუალური ქალიც, ანჩხლიც... ლუნას ხაზი მაინც ერთი იყო. აქ ბევრ სახეს შევქმნი. სხვათა შორის, მე პირადად მირჩევნია ლუნა ენატრებოდეთ, ვიდრე მომაბეზრებლად ჩანდეს.
- ქეთი, ახალმა ცხვირმა რითი შეგცვალათ? ძველ ცხვირს ხასიათი ხომ არ გააყოლეთ?
- კარგი კითხვაა... ძალიან შემცვალა. ლუნასთვის ის ძველი ცხვირი იყო დამახასიათებელი. თუმცა უკან რომ დავბრუნდე, ათასჯერვე გავიკეთებდი ცხვირის ოპერაციას, რადგან ახალმა ცხვირმა თავდაჯერებულობა შემძინა. რინოპლასტიკის გაკეთებას რომ ვაპირებდი, სერიალის პროდიუსერს ვუთხარი, არანაირი პრობლემა არ შემხვედრია. რომ ეთქვათ, არ გაიკეთო, ლუნას როლს დაკარგავო, შეიძლება თავი შემეკავებინა და ოპერაცია არ გამეკეთებინა. მაგრამ არა! მაინც გავიკეთებდი, ძალიან მინდოდა კეხის მოშორება.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე