ტატა შოშიაშვილი
22.09.2019

 უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელ რომან ტრუბას სამუშაო კაბინეტში უკანონოდ დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. ამის შესახებ 21 სექტემბერს მაღალჩინოსანმა თავად დაწერა „ტელეგრამზე". მანვე აღნიშნა, რომ მოსასმენი ხელსაწყო პროფესიონალურად იყო დამონტაჟებული. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც უკრაინელი მაღალჩინოსნების კაბინეტებში მოსასმენ აპარატურას პოულობენ.

რომან ტრუბამ განმარტა, რომ მოსასმენი ხელსაწყო შენობის სავინტილაციო სისემაში აღმოაჩინეს 21 სექტემბერს და არ არის გამორიცხული, რომ აპარატურა სხვა ადგილებზეც იყოს დამონტაჟებული მალულად:

„სპეციალისტები მუშაობდნენ. მოსასმენი აპარატურა მხოლოდ ერთ ადგილას იყო დამონტაჟებული. თუ სხვაგანაც არის - ვიძიებთ, ისევე, როგორც იმას, თუ ვისთან მიგვიყვანს კვალი.

„ჩანაწერებზე ჩემს შესახებ არ იქნება არაფერი საინტერესო, მაგრამ იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომელთა მდგომარეობაზეც ვსაუბრობდი გამომძიებლებთან, შეიძლება რომ იყოს. მათ შორის, საუბარია რეზონანსულ საქმეებზეც. მაინტერესებს, დაკავშირებულია თუ არა ეს რამდენიმე პოლიტიკოსის სურვილთან, რომლებიც პერიოდულად ჩემს კაბინეტში აღშფოთებულები შემოდიან, რადგან ზოგიერთ საქმეებში თავად ფიგურირებენ", - დაწერა რომან ტრუბამ „ტელეგრამზე".

გამოძიების სახელმწიფო ბიურო, რომელმაც ფუნქციონირება 2018 წლის სექტემბერში დაიწყო, იძიებს საქმეებს, რომელშიც ჩართული შეიძლება იყოს უმაღლესი თანამდებობის პირები, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე პირები, რომლებიც სამხედრო დანაშაულში მონაწილეობდნენ. როგორც თავად ბიუროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, მას არაერთ რეზონანსულ საქმესთან აქვს შეხება, რომელთა გარშემო დიდი ინტერესი იყო.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, 19 აგვისტოს მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის კაბინეტშიც. ამ საქმეს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახური იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×