თამთა ჩაჩანიძე
25.09.2019

 მას შემდეგ , რაც ამერიკულმა გამოცემებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილი ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას აქტიურად შეუდგა. კონგრესის წარმმადგენელთა პალატაში დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, რასაც ამავე პალატის სპიკერი ნენსი პელოსი უძღვება.

ტრამპის იმპიჩმენტს მხარი აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც დაუჭირა, იგი ჟურნალ „ფიფლთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ტრამპის უფლებამოსილების შეჩერებისთვის მისი და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო ატეხილი სკანდალი საკმარისია.

„მე მხარს ვუჭერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ვერ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება იოლად და სწრაფად მივიღე, მაგრამ მივიჩნევ, რომ ახლა საგანგებო სიტუაციაა შექმნილი. უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები, უკრაინის პრეზიდენტის შეთქმულებაში ჩართვის მცდელობა, რისი მიზანიცაა ავნო და ძირი გამოუთხარო ყოფილ ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაემუქრო სამხედრო დახმარების დაკარგვით, რომელიც უკრაინას სჭირდება, რომ თავი დაიცვას ტრამპის მეგობარი პუტინისგან - თუ ეს ყველაფერი არ არის იმპიჩმენტის საბაბი, მაშინ მე არ ვიცი, სხვა რა არის" - აცხადებს ჰილარი კლინტონი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მთავარი კონკურეტი იყო.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობას დემოკრატები იკავებენ. თუმცა დასკვნითი სიტყვა სენატს ეკუთვნის, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, აქედან გამომდინარე საეჭვოა ის ფაქტი, რომ წარმომადგენლობით პალატამ სენატისაგან მხარდაჭერა მიიღოს, რაც დემოკრატების მიერ წამოყენებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

საქმე ეხება 25 ივლისს, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს, სადაც ამერიკული გამოცემების თანახმად, ტრამპი ზელენსკისგან ითხოვდა, დაეწყო გამოძიება აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის კორუფციული საქმიანობის ბრალდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯო ბაიდენი სავარაუდოდ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი ოპონენტი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×