ამერიკელი სამხედროების მიერ ლიკვიდირებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სხეულის ნაწილები სირიიდან ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზას გადაეცა.
განცხადება ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც 2014 წლიდან ტერორისტების ლიდერია, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 ოქტომბერს გააკეთა.
„აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანიზაციის ლიდერი. აშშ ბაღდადის ეძებდა წლების განმავლობაში. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი. აშშ-ს სპეცრაზმმა სახიფათო ოპერაცია ჩაატარა ღამით სირიაში. ეს ოპერაცია წარმატებული იყო",- განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ოპერაციის დროს აშშ-ის სამხედროები არ დაშავებულან, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან ერთად მისი ბევრი თანამზრახველია მოკლული.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ალ-ბაღდადმა გაქცევის დროს, გვირაბში თავი „შაჰდის ქამრით" აიფეთქა.
როგორც ტელეკომპანია NBC ს-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენმა აღნიშნა, ალ-ბაღდადის ცხედრის ნაწილები შესაძლოა, „ალ-ქაიდას" ლიდერის უსამა ბენ ლადენის ცხედრის მსგავსად ზღვაში ჩაუშვან. ბენ ლადენი, რომელსაც აშშ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს, 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს, მისი ცხედარი არაბეთის ზღვაში გადააგდეს.