თამთა ჩაჩანიძე
29.10.2019

 უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსი სეპარატისტების საბრძოლო შენაერთებისა და უკრაინის არმიის ნაწილების დაშორიშორების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. პირველი დასახლებული პუნქტი, სადაც ეს მოხდა, დაბა ზოლოტოეა. ამის შესახებ სამშაბათს შუადღისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა ქალაქ მარიუპოლში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმზე.

მისივე ცნობით, პროცესი დაგვიანებით დაიწყო, რადგან მხარეები ეუთო-ს წარმომადგენლებს ელოდებოდნენ.

„ზოლოტოეში სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ჩვენ შევფერხდით, რადგან მხოლოდ ძალების უბრალოდ გაყვანა საკმარისი არაა, აუცილებელია ეუთოს სადამკვირვებლო მისია აკვირედბოდეს ამ პროცესს. ძალების გაშორიშორების დროს ეუთოს სადამკვირვებლო მისიას უნდა დაემონტაჟებინა დამატებითი კამერები, რათა ამ პროცესისთვის თვალყური ედევნებინა", - აღნიშნა პრისტაიკომ.

დაშორიშორება 2016 წლის სექტემბერში ხელმოწერი ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე ხდება. დოკუმენტი სამ საპილოტე ადგილზე - ზოლოტოეში, პეტროვსკში და სტანიცა ლუგანსკაიაში უსაფრთხოების ზონების შექმნას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აქედან ზოლოტოესა და პეტროვსკში ძალების დაშორიშორება რამდენიმე თვის წინ უკვე მოხდა, თუმცა შემდეგ დაპირისპირებულ მხარეთა შენაერთები ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ძალთა დაშორიშორების ახალი მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს. ორი დღის წინ, ზოლოტოეში და პეტროვსკში უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა , რომელიც მოხალისეებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან პირადად მოუწოდა მოხალისეებს შეიარაღება გაეყვანათ, რის გამოც მათ შორის შელაპარაკებაც მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×