პირველი საბჭოთა ატომური ბომბის ძირითადი ნაწილი აფხაზეთში დამზადდა და მასზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ გერმანელი ფიზიკოსები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სსრკ-ში აღმოჩნდნენ. ეს ინფორმაცია ახლახანს გახდა ცნობილი რუსეთში ყოფილი „კა-გე-ბეს" საიდუმლო არქივების გასაჯაროვების შემდეგ.
ცნობები აფხაზეში მომუშავე გერმანელი მეცნიერების შესახებ „როსატომის" ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული განყოფილებაში „რუსული ატომური მრეწველობა 75 წლისაა".
აქ მოყვანილი მონაცემების თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 300-მდე გერმანელი მეცნიერი ნებაყოფლობით, ოჯახებთან ერთად გადასახლდა სსრკ-ში. მაგალითად, ბერლინში მდებარე მანფრედ ფონ არდენეს ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა თითქმის სრული შემადგენლობა.
„როსატომი" იმ ზოგიერთი გერმანელი ფიზიკოსის პირად მონაცემებს აქვეყნებს, რომლებიც ატომური ბომბის შექმნაზე აფხაზეთში მუშაობდნენ:
გუსტავ ჰერცი - 1910 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში.ხელმძღვანელობდა საგანგებოდ მისთვის სანატორიუმ „აგუძერას" ბაზაზე შექმნილ სოხუმის ინსტიტუტ „გ"-ს, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით შეიქმნა სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი.
მანფრედ ფონ არდენე - ხელმძღვანელობდა ინსტიტუტ „ა"-ს, რომელიც აფხაზეთში სანატორიუმ „სინოპის" ბაზაზე შეიქმნა.
პეტერ ტისენი - გერმანიაში ფიზიკური ქიმიის დარგში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იყო, ხოლო ომის შემდგომ აფხაზეთში ინსტიტუტის „ა"-ს დირექტორის მოადგილე გახდა.
ამავე წყაროს ცნობით, ისინი სხვა გერმანელ და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ სოხუმში. შედეგად, სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე დამზადდა პირველი საბჭოთა ატომური ბომბის შიგთავსი, რომელიც 1949 წლის 29 აგვისტოს წარმატებით გამოსცადეს.