ია აბულაშვილი
11.11.2019

 ნეკრესი, ისტორიული ქალაქი კახეთში, ყვარელში, სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე მეფე ფარნაჯომმა ძვ. წ. მე-2 -პირველ საუკუნეებში დაარსა. მეოთხე საუკუნეში კი იბერიის მეფემ თრდატმა აქ ეკლესია ააგო.

როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, ნეკრესიის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ქართული ხურომოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესებს შორის.

ნეკრესში მოღვაწეობდა, "ასურელ მამათაგან" ერთ-ერთი აბიბოსი, რომელიც სირიიდან მოჰყვა იოანე ზედაზნელს. ერთხანს მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზენზე, შემდეგ კი ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსთვის მძიმე პერიოდს დაემთხვა, სპარსელები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მაზდიანობა დაემკვიდრებინათ, რის წინააღმდეგაც გაილაშქრა აბიბოს ნეკრესელმა.

ნეკრესი მაშინვე იქცა საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ- საგანმანათლებლო კერად. წლების მიანძილზე აქ მოღვაწეობდნენ ნეკრესელი მღვდელმთავრები - დისითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, პოეტი -დიაკონი მოსე და სხვები.

ნეკრესი არაერთგზის დაურბევია მტერს, რომელთა შემოსევებიც ანადგურებდა იქაურობას. გადმოცემის თანახმად, სპარსელებს ერთი სასტიკი და პირსიხლიანი მეფე ჰყოლიათ, სახელად შაურბაბი, რომელმაც მრავალი ქვეყანა დაიპყრო. როდესაც ჯერი საქართველოზე მიდგა და ულამაზეს კახეთში გამოილაშქრა, მშვიდობიანი მოსახლეობა მთაში გაიხიზნა და იქიდან ებრძოდა მტარვალ დამპყრობელს.

ახლო- მახლო სოფლების მაცხოვრებლებმა კი თავი ნეკრესის ეკლესიას შეაფარეს. გონიერმა კახელებმა სარჩო-საბადოც გახიზნეს, მათ შორის ღორებიც. ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები მტერმმა ალყაში მოაქცია.

ხსნა არასაიდან იყო, საკვებიც გამოელიათ, მაშინ ქართველებმა ასეთ ხარხს მიმართეს - ტაძრის ეზოში, სადაც ბევრი ტახი იყო, ჯერ აშიმშილეს, შემდეგ გალავნის კარები გააღეს და დაჭრილი ღორები პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდნენ. ამის შემხედვარე ყიზილბაშები ისე დაიბნენ, რომ თავქუდმოგლეჯილი "ეს არ ქენით გიაურნო" გარბოდნენ.

ღორების სისხლიან თავებს, რომელიც გორებად მოედინებოდა, ეკლესიაში დაბანაკებული ქართველთა რაზმი მოჰყვა და ურჯულოთა ალყა გაარღვია. ყველა გადარჩა დიდი თუ პატარა.

მას შემდეგ ყოველ შობა დღეს, როცა ეს სასწაული მოხდა ნეკრესობის დღესასწაული აღინიშნება და ტაძარში შესაწირად ღორები მიჰყავთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×