რუსეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირეს კარგავს ბოლივიის სახით, სადაც ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ხელისუფლება იცვლება - ევო მორალესი, რომელიც 14 წლის განმავლობაში იყო ბოლივიის პრეზიდენტი, იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა და მექსიკის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ თავშესაფარს დათანხმებოდა.
ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პარალელურად შედეგები პერიოდულად ცხადდებოდა, რომლის მიხედვითაც მორალესის მთავარი მოწინააღმდეგე კანდიდატი კარლოს მესა ლიდერობდა.
არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, საეჭვო მას შემდეგ გახდა, რაც 24 საათის განმავლობაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეწყდა არჩევნების შედეგების პერიოდულად გამოცხადება. საბოლოო შედეგების მიხედვით კი, ევო მორალესმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
მესამ და სხვა ოპოზიციურმა ძალებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და თქვეს, რომ ის გაყალბდა. მემარჯვენე პროტესტანტები თავს დაესხნენ საარჩევნო ცენტრებსა და მორალესის რამდენიმე მთავარი მხარდამჭერის სახლებზე მიიტანეს იერიში. შეტაკებების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 100 კი მძიმედ დაშვდა.
არჩევნების შემდგომ ბოლივიაში სიტუაცია მალევე განიმუხტა, თუმცა რამდენიმე კვირაში, 2019 წლის 10 ნოემბერს, საპროტესტო ტალღა კვლავ განახლდა, მას შემდეგ, რაც არჩევნების გაყალბება დადასტუდა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ, რომელიც ამერიკის კონტინენტების 35 დამოუკიდებელ სახელმწიფოს აერთიანებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ არჩევნები გაყალბებულია, მისი შედეგები უნდა ანულირდეს, არჩევნები კი ახლიდან ჩატარდეს სხვა დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ.
ამავე დროს, მორალესს ჯარიც განუდგა. სამხედრო ძალების გენერლებმა ვილიამ კალიმანმა და ვლადიმირ კალდერონმა მისი გადადგომა მოითხოვეს. მომიტინგეებს კი აჯანყებაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
იმავე დღეს, მორალესმა ტელევიზიის საშუალებით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ვტოვებ თანამდებობას, რადგან არ მინდა ვნახო უფრო მეტი ოჯახი, რომელსაც მესასა და კამაჩოს მოწოდებების გამო დაარბევენ", - თქვა მან.
იმავე ღამეს ოპოზიციის მხარდამჭერები ქუჩებში ზეიმობდნენ მორალესის გადადგომას, ხოლო მისმა მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ბოლივიის პოლიციასა და მორალესის მხარდამჭერებს შორის შეტაკებებიც მოხდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ევო მორალესის გადადგომას აშშ-ის პრეზიდენტი ეხმაურება. „ესაა „მნიშვნელოვანი მომენტი დემოკრატიისათვის დასავლეთ ნახევარსფეროში" - ამბობს, დონალდ ტრამპი.
რუსეთი მორალესის გადადგომას უარყოფითად აფასებს.
„აღმაშფოთებელია, რომ ბოლივიის მთავრობის სურვილი მოლაპარაკებებით მოეძებნათ კრიზისის დაძლევის კონსტრუქციული გზები ვერ შედგა ორკესტრირებული ღონისძიებების გამო", - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
კრემლმა სიმშვიდისკენ მოუწოდა ბოლივიას და იმედოვნებს, რომ „უცხო ძალები არ ეცდებიან ჩაერიონ ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებში და არ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს ბოლივიის მიმართ კომერციული ინტერესებიც გააჩნია. ბოლივიაში, რუსეთის სახელმწიფო ბირთვული სააგენტო ატომურ კვლევით ცენტრს აშენებს.
მემარცხენე ორიენტაციის სახელმწიფოები რეგიონში, როგორიცაა კუბა და ვენესუელა, რომლებიც ამავე დროს ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის რუსეთთან ყველაზე დაახლოებული არიან, მხარს უჭერენ მორალესს და მის მიერ თანამდებობის დატოვებას აფასებენ, როგორც გადატრიალებას.
მექსიკამ კი მორალესს გადადგომის შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, რასაც იგი თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღეს დათანხმდა. პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემდგომ, მორალესმა ქვეყანა დატოვა და თავი მექსიკას შეაფარა.
მექსიკის საგარეო ურთიერთობების მინისტრი, მარსელო ებრარდი ადასტურებს მორალესის მიერ მექსიკაში გადასვლას. მან ასევე „ტვიტერზე" გამოაქვეყნა ფოტო მექსიკის დროშის ფონზე, წარწერით: „მექსიკის თვითმფრინავი უკვე დაეშვა რომლის ბორტზეც ევო მორალესი იმყოფება. საერთაშორისო კონვენციის თანახმად, იგი უკვე მექსიკის დაცვის ქვეშაა. თქვენს სიცოცხლეს საფთხე აღარ ემუქრება", - წერს ებრარდი.
ტვიტერში გავრცელდა მიმართვა, სადაც ევო მორალესი წერს, რომ მტკივნეულია ბოლივიის დატოვება, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება „მეტი ძალითა და ენერგიით".
ამჟამად ბოლივიაში უკვე სიმშვიდეა. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ვადამდელი არჩევნები 90 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.
ნატა თვაური