„სახელები მათი აღიწერა ზეცათა შინა, დიდი-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი, ყრმანი ჭაბუკნი და მოხუცებულნი“, - წერს მემატიანე თბილისში, 1277 წელს ხვარაზმელთაგან დახოცილი ასი ათასი მოწამის შესახებ.
ეს ამბავი თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, როცა საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი ურიცხვი ჯარით საქართველოს საზვრებს მოადგა. ამ დროს ქვეყანას თამარ მეფის ასული რუსუდანი მართავდა.
დედოფლის ბრძანებით შერკებილი ლაშქარი ჯაყელთა თავდადების მიუხედავად გარნისთან გამართულ ომში ღალატის გამო დამარცხდა.
ადარბადაგანსა და ნახჭევანს დაბანაკებულმა ჯალალედინმა ათაბეგ ავაგ მხარგძელის სახელით შემოუთვალა დედოფალ რუსუდანს მისი თანამეცხედრე გამხადრიყო და ერთად ებრძოლათ მონღოლების წინააღმდეგ საქართველოში. ჯალალედინის უტიფრობით შეძრულმა დედოფალმა და დარბაზმა ათაბეგისავე სახელით შეუთვალეს უარი. ჯალალედინმა უმალ აჰყარა ჯარი და თბილისისკენ დაიძრა.
„ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი“, - ასე აღწერს მემატიანე ბრძოლის პირველ დღეს; მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.
„ყვირილითა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ყმათაგან იძვროდა ქალაქი. ჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან“, - წერს ჟამათაღმწერელი ქართლის ცხოვრების ამ საშინელ სისხლიან დღეზე.
ბორცვებად ეყარა თურმე დახოცილნი, სისხლის მდინარემ წალეკა თბილისი.
ესეც არ იკმარა და ეკლესია-მონასტრები ააოხრა, „ეკლსიათა წინა ხატთა და ჯუართა შემუსრა“. სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვია.
ცოცხლად დარჩენილი ტყვეების გამაჰმადიანება განიზრახა. სიონის ტაძრიდან მოატანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე პირაღმა დაადებინა და ტყვეებს წმინდა ხატების ფეხებით გათელვა და სჯულის დატევება უბრძანა. ვინც არ შეასრულებდა, თავის მოკვეთით დასჯიდა, ვინც შეასრულებდა - დაასაჩუქრებდა. მაგრამ ქართველებმა მხნედ მიუგეს მტარვალს „არ უარვყოფთ ჩვენს ქრისტეს, ჩვენს შემოქმედს და უფალს, ყოველნი მისი სახელისათვის მოვკვდებით“ - სათითაოდ ხიდზე გაიარეს, ხატები არ შებილწეს, დაიჩოქნენ და თაყვანი სცეს, სიკვდილის წინ უფალს სული შეავედრეს.
ჯალალდინი დასცქეროდა, როგორ დაუნდობლად ჩეხდნენ და კვეთდნენ თავს ქრისტიანებს, ზოგს შუბით, ზოგს ხმლით და ხიდიდან ყრიდნენ. ხატები წამებულთა სისხლით დაიფარა, მტკვარი კი გვამებით გაივსო. ამბობენ ასი ათასი ქართველი შეეწირა იმ დღეს, მაგრამ ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს და მის დედაქალაქს თბილისს.
მართლმადიდებელ ეკლესიას ასი ათასი მოწამის ხსენების დღედ 13 ნოემბერი აქვს დადგენილი.