ჩეჩნეთ-საქართველოს შორის პირდაპირი გზის გაყვანა, ეს არის გზა კრემლისკენ. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას, რომელიც ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი გზის მშენებლობაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საქართველოში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად მიიჩნევს, ხოლო თავად კადიროვს - რუსეთის ინტერესების გამტარებლს უწოდებს.
კადიროვმა მსგავსი განცხადება 2018 წელსაც გააკეთა; მისი თქმით, მოლაპარაკებებს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობასთან აწარმოებდა. 2014 წლის განცხადების თანახმად კი, არამარტო საავტომობილო, არამედ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც სურდა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებდა.
ნიკა ჩიტაძე კადიროვის განცხადებებს საშიშს უწოდებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ჩეჩნეთსა და საქართველოში შორის საავტომობილო გზას გაიყვანენ, ეს ქვეყანაში არასტაბილურ ვითარებას შექმნის.
„კადიროვი კრემლის მიზნებს ახმოვანებს. ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის გაყვანა საფრთხის შემცველია. იყო შემთხვევები, როდესაც სწორედ ჩეჩნეთიდან გადმოდიოდნენ გარკვეული ბანდფორმირების წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე, პანკისის ხეობა კი 21-ე საუკუნის დასაწყისში არასტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენდა საქართველოში.
„გვახსოვს უკანონო შეიარაღების წარმომადგენლები გადმოდიოდნენ ბილიკებით. საავტომობილო გზა არ იყო; რუსეთსა და საქართველოს შორის 44 „დამაკავშირებელი ბილიკი" არსებობს და მათი უმრავლესობა ვერ კონტროლდება. როდესაც გზის გაყვანაზე იქნება საუბარი, შესაძლოა ოფიციალური სასაზღვრო თუ საბაჟო პუნქტები იყოს, მაგრამ რეალურად, იარსებებს საფრთხე და ბოევიკების გადმოსვლა საქართველოში გაადვილდება," - აღნიშნა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „კახეთის რეგიონი უფრო მეტად იქნება მიბმული რუსეთზე."
„თუ რუსეთი კახეთიდან გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანას გაადვილებს რუსეთში, აღმოსავლეთ საქართველოდან რუსეთის მიმართ ადამიანები მეტი სიმპატიით განეწყობიან, რადგან მათ ექნება საშუალება პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაიტანონ. გვახსოვს, ქართულმა საზოგადოებამ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია აფახაზეთის რკინიგზის გახსნის თაობაზე და ეს რკინიგზა არ ფუნქციონირებს.
„საუბარი იყო ასევე დაღესტნიდან საქართველოს მიმართულებით გზის გაყვანაზე. რუსეთმა დაასრულა აღნიშნული გზის გაყვანა საქართველოს საზღვრამდე, თუმცა, ეს სამუშაოები საქართველოში არ დაწყებულა. შანსი და ალბათობა იმისა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით გზა იყოს, დაბალია.
"გზის გაყვანის შემთხვევაში უფრო მეტად გაიზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხი რუსეთზე და ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ნეგატიურად აისახება. არასტაბილურტობის ახალი კერა შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოში გაჩნდეს;
„რუსეთმა შეიძლება ხელი შეუწყოს გარკვეული ბოევიკების შემოსვლას, მათ შორის ლეგალური გზით საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შეიძლება ჰქონდეთ ლეგალური პასპორტები, მაგრამ შემდგომში გარკვეული უკანონო საქმიანობა აწარმოონ საქართველოში.
"არსებობს ლეგიტიმური საავტომობილო გზა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი და სწორედ, ამ გზით უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა გადაადგილება რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.