"კვალად ზედაძნისა სამხრით არს, მთის განკიდულსა გორასა ზედა, მცხეთის პირისპირ, აღმოსავლით არაგვის კიდესა, მაღალს კლდესა ზედა, ჯვრის მონასტერი.
"კეთილ დიდ-შენი, აქ დაასვენა წმინდა ნინომ ჯვარი სვეტისგან გამოკვეთილი. შემდგომ გუარამ კურაპალატმან იწყო ეკლესია, ვინათგან აქამდე ჯვარი უეკლესიოდ ესვენა და ძემან მისმან დიმიტრიმ შეასრულა. ამის დასავლით, მუნვე კლდესა შინა, დის წყარო წმინდის ნინოსაგან სასმისად კეთილი და ჰკურნებს სენთა"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ჯვრის მონასტერს საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში.
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ძეგლი ჯვრის მონასტერი, რომელიც მეექვსე საუკუნით თარიღდება იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ფაზის დაფინანსება თავის თავზე აიღო საქართველოში აშშ-ს საელჩომ. ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დასადგენად პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევები.
ჯვრის მონასტერის კომპლექსში, რომელშიც შედის მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობები. აქ ხის ჯვარი პირველად მეფე მირიანმა აღამართინა. მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში 545-585 წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ეკლესია ააშენა. მეექვსე საუკუნის მიწურულს კი გუარამის ძემან სტეფანოზ პირველმა, დიმიტრიმ და ათარნასემ დიდი ტაძარი ააგეს.
ჯვრის მონასტრის აგების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი.
"კლდე- გორასა, რომელზედაც აღმართულია ჯვრის მონასტერი, ერქვა ბორცვი. 324 წელს წმინდა ნინო, მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მცხეთის ერი გამოემართნენ ამ ბორცვისკენ. მოჰქონდათ მცხეთიდამ სასწაულმოქმედის ხისგან გაკეთებული ჯვარი. მღვდელნი წინ უძღოდნენ, გალობდნენ. ბორცვის წინ დადგნენ ღამის თევად.
"აქვე ბორცვის კლდეში იყო მწარე წყარო. ნინოს ლოცვით წყარო გემრიელად იქცა და მას აქეთ დაერქვა ცრემლისწყარო. მეორე დღეს ავიდნენ ბორცვის თავზე და აღმართეს ჯვარი. ყველანი დაჩოქილ-ხელაპყრობილნი ევედრებოდნენ ღმერთს.
"ზე მაღლა გამოჩნდა გუნდი ანგელოზებისა, მაკურთხეველნი ერისა. ჯვრის ძალით უძლურნი, ბრმანი იკურნებოდნენ, მკვდრად მისუსტებულნი ცოცხლდებოდნენ.
"მცხეთის ჯვრის ძლიერების ამბავი სწრაფად მოედო მთელს საქართველოს. კავკასიას და ყოველს მხრიდან მოდიოდნენ დედაქალაქში ამ ჯვრის თაყვანის საცემად"- წერს მოსე ჯანაშვილი.
გადმოცემის თანახმად ჯვრის მონასტერი სვეტიცხოვლის გუმბათამდე გადაჭიმული იყო წვრილი ჯაჭვით და წმინდა ბერები მით გადადიოდ- გადმოდიოდნენ. ამიტომ შეარქვეს მას ჯაჭვის მონასტერი.
მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, კლდის მაღალ მთაზე კი ერთი ხე იდგა, რომელიც საოცარ სურნელს აფრქვევდა. ამ ხეს ხალხი სასწაულმოქმედ ხეს ეძახდა, რადგან დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა, მაშინვე განიკურენებოდა.
მირიან მეფის ძემ რევიმ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით სასწაულმოქმედი ხე მოაჭრევინა და მცხეთაში წამოაბრძანა; ამ ხისგან დამზადდა სამი ხის ჯვარი. ერთ-ერთი აღმართულია მცხეთის ჯვარის ტერიტორიაზე, იქ სადაც ქვის კვარცხლბეკი დგას ჯვრისთვის.
ცნობისთვის, კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის ფრაგმენტებით დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ჯვრის მონასტერი ცნობილია უძველესი წარწერებით, მონასტრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფზე ამოკვეთილია ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მიღწეული ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში.