რუსეთის არმიაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ტრაგედიის მიზეზი მამათმავლობის ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება იყო - ამის შესახებ რუსული მედია წერს, თუმცა ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ამ ვერსიას კი ხელისუფლების წარმომადგენლები გადაჭრით უარყოფენ.
რუსეთში, იმიერბაიკალის მხარეში განლაგებულ სამხედრო დანაყოფში 25 ოქტომბერს მომხდარი მასობრივი მკვლელობის მიზეზად, მოკლულებისა და დაჭრილების მხრიდან მკვლელის სექსუალური შევიწროვებას კატეგორიულად უარყოფს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის რეფერენტი რუსტემ კლუპოვი და აცხადებს, რომ რუსეთის ჯარის რიგებში მამათმავლობა მიუღებელი და წარმოუდგენელია.
25 ოქტომბერს, ულიტოვსკის რაიონის, გორნის დასახლებაში არსებულ დანაყოფში საღამოს დაცვის ცვლისას, რიგითმა რაულ შამსუტდინოვმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 8 ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ორი მძიმედ დაჭრა. შამსუტდინოვი ანტიტერორისტულ დანაყოფს მაშინვე ჩაბარდა და გამოძიების მსვლელობისას განაცხადა, რომ ნანობს ჩადენილს, ხოლო მამამისთან საუბრისას თქვა, რომ „უკიდურეს წერტილამდე მიიყვანეს".
რუსტემ კლუპოვმა კატეგორიულად უარყო რუსული საინფორმაციო სააგენტო „ნოვაია გაზეტას" მიერ გაჟღერებული ვერსია, რომლის თანახმადაც რაულ შამსუტდნოვს სექსუალური ხასიათის ძალადობით ემუქრებოდნენ:
„რუსეთის არმიაში მამათმავლობის მაგალითები არ არსებობს - ეს არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში შემოწმდა", - თქვა კლუპოვმა და დაამატა, რომ სამხედროებს შორის ჰომოსექსუალური სახის ნებისმიერი გამოვლინება, შესაძლოა, რომ სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
მანამდე, რაულ შამსუტდინოვმა განაცხადა, რომ ჯარისკაცების მხრიდან ფიზიკურ შეუარცხყოფას იტანდა, ხოლო ტრაგედიის დღეს რამდენიმე ოფიცერი გაუპატიურებას დაჰპირდა.
რეფერენტ კლუპოვთან საუბრისას გამოიკვეთა კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც შესაძლოა დაწყებულიყო კონფლიქტი, რომელმაც ტრაგიკული სახელი მიიღო - კლუპოვის თქმით, მეთაურმა შამსუტდინოვს ოთახების დალაგება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო ახალწვეულისგან და „დასჯით" დაემუქრა:
„შამსუტდინოვმა ამის (მუქარის) შესახებ მაშინვე არ განაცხადა, რადგან, სავარაუდოდ, მეთაურის მიერ ნათქვამი ფრაზის შინაარსი სწორად გაიგო. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ კი ეს ყველაფერი წარმოადგინა, როგორც სექსუალური ხასიათის მუქარა, რაც მას საკუთარი პატივისა და ღირსების დამცველს აკეთებს", - ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტროში შამსუტდინოვის მიერ ჯარისკაცების დახოცვისა და დაჭრის მიზეზად რაულის სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პირადი გარემოებებით გამოწვეულ ნერვულ აშლილობას ასახელებენ. მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის 2 ოფიცერია და 6 რიგითი ჯარისკაცი.