„ცალსახად იმის თქმა, რომ ეს სპექტაკლია ან თეატრი, არ შემიძლია. ალბათ, რაღაც შეთანხმება არსებობს. არალოგიკურია - არაპოპულარულ მაჟორიტარებს, ვინც კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა, არანაირი შანსი იმისა, რომ 2020 წელს ისევ მაჟორიტარებად დარჩნენ, არ აქვთ", - ასე აფასებს მომღერალი ირმა სოხაძე „რეზონანსთან" საუბრისას პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონტპროექტის ჩაგდებით გამოწვეულ ვითარებს ქვეყანაში და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ალტერნატივა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელია.
ირმა სოხაძემ აღნიშნა, რომ ცალსახა შეფასების გაკეთება პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ წარდგენილი კანონპროექტის ჩაგდებასთან და ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რთულია. თუმცა მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არალოგიკურია:
„ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ ეს სპექტაკლია ან თეატრი, არ შემიძლია. ალბათ, რაღაც შეთანხმება არსებობს, თუმცა ამას გარკვეულმა მოვლენებმა შეუწყო ხელი. არ გამოვრიცხავ, რომ არ სურთ ამ პირობებზე წასვლა - გვიან მიხვდნენ თუ ადრე, გაიაზრეს, რომ ეს მათთვის წამგებიანია.
„ძალიან ტყუილად ჰგონიათ, რომ ამ სისტემის დატოვება მათთვის მომგებიანია. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს არ არის სცენარით გაკეთებული, დადგმული და გაკეთებული ვინმეს მოსატყუებლად. მაგრამ, მეორე მხრივ, არალოგიკურია - არაპოპულარულ მაჟორიტარებს, ვინც კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა, არანაირი შანსი იმისა, რომ 2020 წელს ისევ მაჟორიტარებად დარჩნენ, არ აქვთ. მითუმეტეს, თუ მათს მხარდამჭერ პარტიას განუდგნენ და მის ნებას წინ აღუდგნენ. შესაბამისად, ლოგიკაში ვერ ჯდება - თუ ეს არის მათი გადაწყვეტილება, მაშინ რისი იმედი აქვთ? ისინი, ვისი გვარები არც კი ვიცით და არც კი გაგვიგია, ამ ერთ წელიწადში ისე გამოიჩენენ თავს, რომ ყველანი ისევ მაჟორიტარები იქნებიან? რასაკვირველია, არა. აქ ვხედავ გაუგებრობას და რაღაც წინააღმდეგობას", - ამბობს სოხაძე.
მისივე აზრით, მოცემულ სიატუაციაში გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია, რომელიც შერეული ტიპის საარჩევნო სისტემად ითვლება, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ, ის უპირატესობა აქვს, რომ პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით შეიყვანენ დეპუტატებს, რამდენ პროცენტსაც აიღებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით:
„მე რომ მკითხოთ, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მირჩევნია თუ პროპორციული, გეტყვით, რომ მომწონს დავით უსუფაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა „გერმანულო მოდელის" შესახებ: თუ მიიღებენ 40%-ს, უნდა მაჟორიტარებით და თუ უნდათ პროპორციული სისტემით შეავსებენ. მთავარია, რომ 40%-ით იქნება წარმოდგენილი. თუ ამაზეც არ უნდათ დათანხმება, ესე იგი მართლა თეატრი ყოფილა.
„ახლა გამოჩნდება - თუ რაღაც სახის დათმობებზე წამოვა და ოპოზიციის შეთავაზებულ სხვა წინადადებებს გაითვალისწინებს, დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი გულწრფელი და გაუაზრებელი ნაბიჯი იყო. გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს უნდათ, მაგრამ თუ გამოსავალს არ იპოვიან - ესე იგი, არ უნდათ", - განაცხადა მომღერალმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საზოგადოებაზე მეტად თავად ოპოზიციაა გამწარებულ და საბოლოოდ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, რთულად პროგნოზირებადია:
„კონკრეტულად ამ შემთხვევით რამდენადაა გაღიზიანებული ხალხი, არ ვიცი, მაგრამ ოპოზიცია ძალიან გამწარებულია. რა თქმა უნდა, საზოგადოება გამწარებულია, რად უნდა ამას ლაპარკი და აქედან გამომდინარე, მასების აყოლიება შესაძლებელია.
„სიდუხჭირეა ქვეყანაში, რის გამოც ხალხის აყოლიება მარტივია და, სიმართლე გითხრათ, ამისი ძალიან მეშინია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, რომ ამ ხელისუფლების ბევრი პარამეტრით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ წინა ხელისუფლების რეანიმაციასა და აღდგენაზე ფიქრიც კი არ მინდა", - დასძენს სოხაძე.