რეზონანსი
17.11.2019

 საქართველოში შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს. „ჩვენ ბუნებრივი კერები სამხრეთ საზღვრებთან გვაქვს", - ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

შავი ჭირი მძიმე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გადადის რწყილებით. შუა საუკუნეების ეპოქაში დაავადება ცნობილი იყო, როგორც „შავი სიკვდილი". ის დღემდე არაა ბოლომდე დამარცხებული და დროდადრო მისი კერები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში იჩენს თავს. შუა საუკუნეებში ამ დაავადებამ 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეპიდემიურ ქვეყნებს შორის საქართველოც იყო.

ჩინურ მედიაში ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ქვეყანაში შავი ჭირით დაავადებების შემთხვევების დაფიქსირების შესახებ. დააავადებულები ამ დროისათვის სხვადასხვა კლინიკებში გადიან შესაბამის მკურნალობას.

საინტერესოა რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში.

„რეზონანსთან" საუბრისას, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში შავი ჭირის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. საქართველოში შავი ჭირით დაავადების შემთხვევა მე-20 საუკუნის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

„1924 წელს იყო ბოლო შემთხვევა ადამიანში ჩვენთან. ჩინეთშიც იყო, მონღოლეთშიც წელს. აშშ-იც კი არის ხოლმე, თითქმის ყოველწლიურად. ჩვენ ბუნებრივი კერები სამხრეთ საზღვრებთან გვაქვს. პერიოდულად მინდვრის გარკვეული სახეობის მღრნელებიდან გამოვყოფთ ხოლმე", - ამბობს, პაატა იმნაძე.

მან „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოში ის კონკრეტული ადგილები დაასახელა, სადაც შავი ჭირის ენდემური კერები მდებარეობს - მადათაპის მთა და მისი მიდამოები ნინოწმინდას რაიონში და და დალის მთა და მისი მიდამოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

ნატა თვაური

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×