ია აბულაშვილი
20.11.2019

 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამის გიორგის ხსნების დღეს აღნიშნავს. გიორგობა საქართველოში ორჯერ აღინიშნება 6 მაისს, წმინდა გიორგის აღსრულების დღე. 23 ნოემბერს კი ბორბალზე წამების დღე, რომელიც მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, 227 წელს. მამა ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო, რომელმაც მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის გარდაცვალების შემდეგ დედა და პატარა გიორგი პალესტინაში საგვარელო მამულში გადავიდნენ საცხოვრებლად. გიორგიმ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო სამხედრო სამსახური. ბრძოლებში გამოჩენილმა რაინდმა მალევე მიიპყრო იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება, რომელმაც მხედრთმთავრობა უბოძა.

როდესაც, იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტანების დევნა დაიწყო, გიორგი უშიშრად შეეწინააღმდეგა. მის წინაშე ქრისტიანობა იქადაგა, კერპთა მიმდევარნი კი გაკიცხა. დიოკლეტიანემ ვერ შეძლო მისი დაყოლიება და ბრძანა ლახავარით განეგმირათ მისი მუცელი, მაგრამ შერჭობილი ლახვარი სანთელივით ჩამოდნა. იმპერატორმა ახლა გიორგის ბორბალზე გაკვრა და ქვემოთ მახვილების ჩარჭობა ბრძანა, რის შემდეგადაც მისი სხეული მთლიანად დაისერა, მაგრამ ღვთის ანგელოზმა გიორგის იარები წამსვე მოუშუშა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. არც ეს იკმარა მტარვალმა იმპერატორმა, გიორგი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, სამი დღე იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ გადარჩა. ქურუმების შიშს საზღვარი აღარ ჰქონდა და დიოკლეტიანეს გიორგის სიკვდილით დასჯა მოსთხოვეს. იმპერატორმა წმინდა დიდმოწამე გიორგის თავი მოჰკვეთა.

ლეგენდის თანახმად, წმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეულის ნაწილები მიმოაბნია, ყველაგან სადაც მისი ნაწილები მოხვდა სალოცვები აშენდა. წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მეოთხე საუკუნის დასაწყისში იწყება. არსენ იყალთოელის გადმოცემით ქართველებმა წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ წმინდა ნინოსგან შეიტყვეს. პირველი ტაძარიც წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს მიერ აიგო (საქართველოში წმინდა გიორგის სახელის 363 ტაძარი და სამლოცველოა). წმინდა გიორგი, რომელიც მხედართა მფარველად ითვლება, ოდითგანვე მტერთან ბრძოლაში ქართველთა ლაშქარის მფარველი იყო. ამბობენ, დიდგორის ომში ყველაზე დიდი მეომარი წმინდა გიორგი იყო. სახელოვან მეფე დავით აღმაშენებელს წინ ცხადად მიუძღვოდა წმინდა გიორგი, რომელიც მუსრავდა ზედმოსულ მტერს. ამ სასწაულს ყველა ხედავდა, თვით ურჯულონიც გაოცებცლნი იყვნენ, ციდან ჩამოსულმა, თეთრ ცხენზე ამხედრებულმა რაინდმა როგორ განდევნა ურიცხვი ჯარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×