თამარ შუკვანი
21.11.2019

საქართველოში უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და საშიშროების მაღალი რისკის პატიმრები სასჯელს დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იხდიან. ეს არის შემთხვევები, როდესაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და მაღალი რისკის პატიმართა უფლებები, მაგალითად, გარე სამყაროსთან კონტაქტის თვალსაზრისით, დისკრიმინაციულად არის შეზღუდული სხვა პატიმრებთან შედარებით. 

„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტმა“ კვლევა ჩაატარა, რომლის პარტნიორები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არიან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულების ყოველმხრივი რეინტეგრაცია და რეაბილიტაცია მრავალ კომპონენტს მოიცავს და მათ შორის მოიაზრება სათანადო საყოფაცხოვრებო პირობების, განათლების და პროფესიული მომზადების, სამუშაო გამოცდილების უზრუნველყოფა, პერსონალსა და პატიმრებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ქცევისა და დამოკიდებულების პრობლემებზე რეაგირება და რაც მთავარია, პატიმართა ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება, რაშიც მათი ძირითადი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა იგულისხმება.

კვლევაში ასევე განხილულია იმ შეზღუდვების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, რომლებიც ზოგადად, ყველა მსჯავრდებულზე ვრცელდება, მათ შორის, უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებსა და მაღალი რისკის პატიმრებზე. მართალია, ეს შეზღუდვები ექსკლუზიურად უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და მაღალი რისკის პატიმრებზე არ ვრცელდება, მაგრამ მათ უფლებრივ მდგომარეობაზე უშუალოდ ახდენს ზეგავლენას და შესაბამისად, კვლევის ყურადღების მიღმა არაა დატოვებული.

დისკუსია უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენების შესაბამისობაზე დემოკრატიზაციის პროცესის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ჯერჯერობით, უვადო თავისუფლების აღკვეთა, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის სახე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან შესაბამისად რჩება.

არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მიუთითებს უვადო თავისუფლების სასჯელის სახის, თანდათანობით გაუქმების ტენდენციაზე, როგორც ეს ევროპის რეგიონში სიკვდილით დასჯის ეტაპობრივი გაუქმებით მოხდა. მთელ რიგ სახელმწიფოებში, როგორც ევროპაში, უვადო თავისუფლების აღკვეთა საერთოდ გაუქმებულია, ან თანდათანობით უქმდება სხვადასხვა კატეგორიის პირთა წრის მიმართ. ამ დროს სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ სამართლიანობისა და ჰუმანურობის პრინციპებით. 

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასაკის მიხედვით პირთა კატეგორიების გათავისუფლებას უვადო თავისუფლების აღკვეთისგან. თუმცა ქალებს შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. 

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მცირეა საქართველოში ქალ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა რაოდენობა მსჯავრდებულთა საერთო რიცხვთან შედარებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, არსებობს საჯარო ინტერესი, რომ ქალები ზოგადად გათავისუფლებულები უნდა იყვნენ უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელისგან. 

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების უფლებების სათანადო უზრუნველყოფის პროცესი ერთგვარად შეფერხებულია იმით, რომ თავისუფლების აღკვეთა ჯერ კიდევ განიხილება, როგორც მხოლოდ სასჯელი ანდა საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვა პირის გარე სამყაროსგან იზოლაციის გზით, ხოლო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონცეფციის განვითარებას ნაკლები ყურადღება ექცევა. 

უმნიშვნელოვანესია, პენიტენციური სისტემის მესვეურებმა კარგად გაიაზრონ, რომ რისკის შეფასება არა ერთჯერადი, არამედ დინამიკური პროცესია, რომელსაც უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფასთან ერთად, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს; იგი წარმოადგენს ყოველი პატიმრის პიროვნებისა და ქცევის სიღრმისეული ანალიზის ინსტრუმენტს, რომლის სწორად გამოყენებასაც უდიდესი გავლენა ექნება სასჯელის მოხდის მთელ პროცესზე.

ანგაიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, რეგულარულად ხდებოდეს რისკის შეფასება-გადაფასების ძირითადი ტენდენციების ანალიზი, მსჯავრდებულთა რისკის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლის დინამიკისა და მიზეზების, შიდა და გარე ფაქტორების გავლენის შეფასება. მსგავსი ანალიზი კარგად აჩვენებს, ერთი მხრივ, შეფასების პროცესის ეფექტურობას მის მიზნებთან და დანიშნულებასთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ, ნათლად წარმოაჩენს პენიტენციური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს.

უვადო და განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის რეჟიმი ძალიან შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისგან. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში თავისუფლებააღკვეთილი პირების გარკვეული უფლებების, მათ შორის, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებით არასათანადოდ უზრუნველყოფა კვლავ უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საბაბით ხდება, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, უსაფრთხოების ღონისძიებები ყველაზე ეფექტური სწორედ იმ დაწესებულებებშია, სადაც მსჯავრდებულის დროის დიდი ნაწილი აზრიან და საინტერესო აქტივობებს უჭირავს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებულები ნაკლებად გრძნობენ თავს სოციუმიდან გარიყულად და შესაბამისად, კანონის დარღვევისა და არეულობის გამოწვევის ნაკლები სურვილიც უჩნდებათ.

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემამ გაცილებით მეტი ძალისხმევა უნდა გაწიოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების სისტემურად და თანმიმდევრულად გასატარებლად. რესოციალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა, რომ მსჯავრდებულთა ყოველდღიურობა დატვირთული იყოს მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებსაც ციხის ადმინისტრაცია მათ შესთავაზებს მათივე სურვილისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ამის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით ჩანს, რომ მსჯავრდებულთა ჩართულობა მათი საჭიროებების განსაზღვრაში, ისევე, როგორც აქტივობების გეგმის შემუშავების ეტაპზევე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან ეს განაპირობებს მათ გაცილებით აქტიურ ჩართულობას მოგვიანებით, აქტივობების განხორციელებისას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×