თამარ შუკვანი
22.11.2019

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსჯავრდებულთათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ინფორმირება მიეწოდოთ მათი უფლება-მოვალეობებისა და ციხის შინაგანაწესის შესახებ. შესახლებისას და შემდგომ საჭიროებიდან გამომდინარე, პატიმრებს წერილობით და ზეპირად, მათთვის გასაგებ ენაზე, ხშირად უნდა ეცნობოთ თავიანთი უფლება-მოვალეობების და ციხის დისციპლინის მარეგულირებელი წესების შესახებ. 

ამასთან, უნდა მიეცეთ საშუალება თავიანთ საკუთრებაში იქონიონ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის წერილობითი ვერსია. დასახელებული მონაცემების გარდა, უცხოელ პატიმრებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია საკონსულო წარმომადგენლებთან დაკავშირების თაობაზე. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაცი  „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ კვლევაში. 

პენიტენციურ დაწესებულებებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემა ენობრივი ბარიერია. ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პროექტის მენეჯერი თამარ ჭანტურია „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში ქართული ენის შემსწავლელი კურსებია, რომლის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულს უნდა შეეძლოს ციხის პერსონალთან და პატიმრებთან კომუნიკაცია.

„საერთაშორისო სტანდარტები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს უცხოელ პატიმრებთან მომუშავე პერსონალის განსაკუთრებულ შერჩევას.  თანამშრომლები სათანადოდ უნდა იყვნენ მომზადებულნი უცხოელ პატიმრებთან მოპყრობის საკითხებზე, განსაკუთრებით კი უნდა იყოს გათვალისწინებული პატიმართან მის მშობლიურ ან მონათესავე ენაზე საუბრის შესაძლებლობა. პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობას უცხოენოვან პატიმართან კომუნიკაციის მიზნით, თუმცა აღნიშნულის უზრუნველყოფა ციხის ყოველდღიურ რუტინაში არ არის შესაძლებელი. 

„რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში არის ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომლის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულს უნდა შეეძლოს ციხის პერსონალთან და პატიმრებთან კომუნიკაცია,  თუმცა პრაქტიკაში, ენობრივი ბარიერი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ციხის პერსონალისა და უცხოენოვანი პატიმრების ეფექტიან კომუნიკაციას. პენიტენციურ სისტემაში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციხის სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობისა და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის თვალსაზრისით. ,,ევროპული ციხის წესები“, წესი 38.3 მიუთითებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ენობრივი ბარიერი უნდა აღმოიფხვრას კომპეტენტური თარჯიმნების მომსახურებით და კონკრეტულ ციხეში გამოყენებული სხვადასხვა ენაზე შესრულებული წერილობითი ინფორმაციის მიწოდებით. 

„ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელდეს რიგი ცვლილებები, რაც შესაძლებლობას მისცემს უცხოენოვან პატიმრებს დაამყარონ კომუნიკაცია ციხის პერსონალთან და მოახდინონ მათი უფლებების დაცვა. ამ მიმართულებით არსებობს არაერთი პოზიტიური პრაქტიკა, მაგ. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში შემუშავებულ იქნა  ლექსიკონი უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებისთვის. ბუკლეტი, რომელიც ცნობილია „წარმოიდგინე ეს ციხეში“ სათაურით აერთიანებს 460 სურათს, რომელიც დალაგებულია თემების მიხედვით. სამოცი ძირითადი სიტყვა და წინადადება ითარგმნა 20 უცხო ენაზე,“ - აცხადებს ჭანტურია. 

რაც შეეხება პატიმართა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თამარ ჭანტურიას თქმით, უცხოენოვან პატიმარს უნდა შეეძლოს, კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნით, უშუალოდ უფლებამოსილ პირებს აცნობოს მასზე განხორციელებული წამების, ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ, როგორც ადმინისტრაციის, ასევე სხვა პატიმრების მხრიდან. „ენობრივი ბარიერის არსებობის პირობებში უმნიშვნელოვანესია განხორციელდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უცხო ქვეყნის/უცხოენოვან პატიმარს უნდა შეეძლოს, კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნით, უშუალოდ აცნობოს უფლებამოსილ პირს/პირებს მასზე განხორციელებული წამების, ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის ფაქტი როგორც ადმინისტრაციის, ასევე სხვა პატიმრ(ებ)ის მხრიდან. 

„ასევე, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას მათ მიერ სამართალწარმოების პროცესში დაუბრკოლებელი მონაწილეობა, გაეცნონ საქმის მასალებს, ეურთიერთონ და მოითხოვონ შეხვედრა შესაბამისად უფლებამოსილ პირებსა და ამ საკითხზე მომუშავე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აუცილებელია გაძლიერდეს ამ მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის ხარისხი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით,“ - დასძინა მან.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რამდენად არის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა? - ამ შემთხვევაშიც ენობრივი ბარიერის პრობლემი არსებობის იკვეთება.

„ამ მიმართულებითაც ენობრივი ბარიერის არსებობა აფერხებს და რიგ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის უცხო ქვეყნის მოქალაქე უცხოენოვან პატიმრებს მონაწილეობა მიიღონ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ საგანმანათლებლო აქტივობებში. როგორც ავღნიშნე, რიგ პენიტენციურ დაწესებულებაში არის ქართული ენის შესწავლის კურსი და ამ მიმართულებით უნდა იყოს შემუშავებული ერთიანი პრაქტიკა და ქართული ენის როგორც მინიმუმ საბაზისო ცოდნამ საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და პროფესიული გადამზადების ატივობებში. 

„არაერთი საერთაშორისო სტანდარტი, როგორიცაა მაგალითად გაეროს განახლებული მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ („ნელსონ მანდელას წესები“),  „ევროპული ციხის წესები“, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (2012)12 წევრი სახელმწიფოებისადმი უცხოელი პატიმრების შესახებ ხაზგასმით მოუწოდებენ ციხის ადმინისტრაციებს მიიღონ ყველა აუცილებელი ღონისძება მოახდინონ უცხოელი პატიმრების  თანაბარი ხელმისაწვდომობა სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ თუ პროფესიული გადამზადების აქტივობებზე; აღმოფხვრან პოტენციური იზოლაციის შემთხვევები, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარე სამყაროსთან მათი ურთიერთობების შენარჩუნება-განვითარებას. ამ კუთხით უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე უცხო ქვეყნის საკონსულო წარმომადგენლობებთან,“ - განაცხადა თამარ ჭანტურიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×