ია აბულაშვილი
28.11.2019

 ქართველი ერის უმნიშვნელოვანესი სიწმინდე - თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, რომელიც მე-12 საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული, მსოფლიო კულტურის საგანძურში საპატიო ადგილს იკავებს. ამ უნიკალურ ნივთს 1913 წელს სამეგრელოში ეკლესია-მონასტრების აღწერისას ექვთიმე თაყაიშვილმა ხობის მონასტერში მიაკვლია, რომელიც მაცხოვრის ხატში ინახებოდა.

"დასაკეცი ხატი მაცხოვრისა ოქროსი, რომელშიც ინახება ქართველთათვის სათაყვანებელი განძი, ყელის ჯვარი თამარ მეფისა, ზედაპირზე წარმოდგენილია მაცხოვარი ყოველთა მპყრობელი მაკურთხევლის მარჯვენით, მარცხენა ხელში სახარება აქვს. ჯვარი თამარისა, შესდგება ძვირფასი ქვებისგან. ოთხი მოგრძო ზურმუხტისაგან, რომელნიც შედენენ ჯვარის სახეს, ხუთი სარდიონისაგან, მათში ერთი შუაშია და ოთხი ფრთებზე; ექვსი დიდრონი მსხლის მსგავსი მარგალიტისგან, რომელთა შორის ოთხი ჯვრის კუთხეშია, ორი ზემოთ, ესენი შარნირით უერთდებიან. მეორე გვერდზე ჯვრისა სავადით ასომთავრული წარწერაა, უქარგმოთ "ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვრისა, შენითა წინ(წარ)ძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალს თამარსა". მაცხოვრის ხატი, რომელშიც ინახებოდა თამარის ჯვარი, უნდა იყოს გაკეთებული შერგილ დადიანის თაოსნობით," - ასე აღწერს თამარის ჯვარს ექვთიმე თაყაიშვილი.

ბაჯაღლო ოქროს ჯვარს, ასევე დაუმზადეს ოქროს ორკარედი კიდობანი ძვირფასი თვლებით ფირუზით, საფირონით, ამეთვისტოთი შემკული. ბუდის მეორე მხარეს გამოსახულია ანგელოზები, ღვთისმშობელი, იოანე მახარობლის ფერწერული ნახევარფიგურებით. 9 მედალიონი, ხუთ დიდ მედალიონში გამოსახულია ოთხი მღვედლმთავარის ფიგურა, შესრულებული ტიხრული მინანქრით, ბასილ დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, იოანე ოქროპირის, წმინდა ანტონის იოანე მახარობლის. მცირე ზომის ოთხ მედალიონში ტიხრული მინანქრით შესრულებული წმინდა დიმიტრის, ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ნახევარფიგურებით.

1921 წელს საქართველოს დროებით მთავრობის მიერ საფრანგეთში, გატანილი იქნა საქართველოს განძეულობა, მათ შორის თამარის ჯვარი, რომელმაც ბოლომდე გაიარა ემიგრაციის ცნობილი მარშრუტი ბათუმი-სტამბოლი პარიზი და ისევ საქართველოშიი დაბრუნდა.

"კონსტანტინეპოლში მივიტანეთ სულ ბორჯომის ნივთებიდან 236 ყუთი, ერთი დიდი კალათა და 12 ტომარა. მერე გადავაწყვეთ ტომრებიდან ნივთები ყუთებში და მარსელში მივიტანეთ 248 ყუთი და ერთი კალათა" - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

1927 წელს დევნილობაში მყოფი მთავრობის სპეციალურმა კომისიამ, ჯვარი თავისი სასვენით ორ მილიონ ოქროს მანეთად შეაფასა. განძეულობა საქარფველოს 1945 წელს დაუბრუნდა, მათ შორის თამარ მეფის ჯვარი, რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმს ამშვენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×