წმინდა გიორგის მონასტერს, რომელიც ბორჯომის ულამაზეს დაბურულ ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდებარეობს, ხალხმა მწვანე მონასტერი შეარქვა. ამბობენ, რომ აქ არცერთი ხე ერთნაირად მწვანე არ არის, მონასტერი კი რომელი ქვებითაც აიგო, ყველა მწვანეა.
როდის აიგო ეს უნიკალური ძეგლი, ამაზე ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა მეცნიერთა აზრით, ტაძარი დაახლოებით მე-9-10 საუკუნეებით თარიღდება და ცნობილი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს ქრისტეფორეს და თეოდორეს აუგია. აქ ლავრის მსგავსი დიდი მამათა მონასტერი იყო, რომელიც სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსგან შედგება და მოკაზმულია ქართული ჩუქურთმებით. ტაძრის მთელ შემოგარენში კელიები ყოფილა გაშენებული, რომელთა ნაშთები დღესაც შემორჩენილია.
მე-16 საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევის დროს, საზარელი ამბავი მოხდა. მტარვალმა მბრძანებელმა მონასტერი მთლიანად დაარბია და გაანადგურა, ბერები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მათი დაჩეხილი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ეკლესიის ტერიტორიას დღესაც ატყვია ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნელი სისხლის უამრავი ნაკვალევი, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე გამავალ მდინარეს თითქმის მთელ სიგრძეზე მიყვება.
შაჰ-თამაზის მიერ ნაწამები და მოკლული ბერების სისხლით შეღებილი ქვები უდიდეს სისწმინდედ ითვლება და დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს, ფერს არ იცვლის და ფერმკრთალდება მხოლოდ მაშინ, როცა არ ლოცულობენ. ამ სასწაულმოქმედი ქვების სანახავად მომლოცველები ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ და თაყვანს სცემდნენ. ერთ-ერთ მომლოცველს განუზრახავს, ქვის სახლში წაღება, სიწმინდეს და მადლს შევიტანო, მაგრამ მოხდა საოცრება, როგორც კი ქვა სახლში შეიტანა, კარებებმა ბრახუნი დაიწყო, კედლები სკდებოდა, ყველა ნივთი კი ჰაერში დაფრინავდა. ქვა როგორც კი უკან გამოიტანა, სახლი დამშვიდდა. ეკლესიაში ვიდრე დააბრუნებდა, ქვა ხელში გაუცხელდა და ხელი დაუწვა. ამბობენ, რომ ეს ქვები დღესაც სასაწაულებს ახდენთ.