საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი საგანძურის მთავარი მცველისა და მისი მოადგილის კანდიდატურებს სთავაზობს. ამ საკითხის ირგვლივ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სახელზე საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფმა (რომელსაც საზოგადოების ცნობილი სახეები ეთანხმებიან) გასულ პარასკევს განცხადება ჩააბარა, რომლის შინაარსაც „რეზონანსი" ექსკლუზიურად გთავაზობთ:
„ბატონო მიხეილ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის თავდადებული მცველი ქალბატონი ელენე კავლელაშვილი გარდაიცვალა, რის გამოც ეს თანამდებობა ვაკანტურია.
ჩვენი საერთო აზრია, რომ ოქროს ფონდის მთავარი კურატორის თანამდებობაზე დაინიშნოს ქალბატონი ნატალია მოძმანაშვილი. იგი არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი; ოქროს ფონდში მუშაობს 2009 წლიდან; აქვს უზადო რეპუტაცია; სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით; აქვს სამუზეუმო საქმის ღრმა ცოდნა და ოქროს ფონდის მთავარი კურატორის თანამდებობის დასაკავებლად კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მუზეუმში გამოცხადებული რეორგანიზაციის შემდეგ მას ლაბორანტის თანამდებობა უკავია. მანამდე კი ოქროს ფონდში ასისტენტად მუშაობდა.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ოქროს ფონდში კურატორის თანამდებობა შეითავსოს ხელოვნების მუზეუმის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ბატონმა გიორგი მარსაგიშვილმა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მეცნიერი და სამუზეუმო საქმის უბადლო სპეციალისტია. იგი აგრეთვე იყო ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის შემოწმების კომისიის თავმჯდომარე.
აქვე გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეიძინოთ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდისთვის აირმიწოდებისა და ვენტილაციის მძლავრი აგრეგატი, რომელიც მწყობრიდან მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამოვიდა (შესაბამისი დასკვნის თანახმად, მისი შეკეთება შეუძლებელია. დასკვნა განცხადებას თან ახლავს). ამის გამო ოქროს ფონდში დაირღვა ტემპერატურული რეჟიმი და საგამოფენო დარბაზი ვერ მასპინძლობს დამთვალიერებლებს.
განცხადებას ხელს აწერენ:
პუბლიცისტი მანანა აბაშიძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე აბდალაძე; პოეტი და საზოგადო მოღვაწე რეზო ამაშუკელი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ ავალიანი; მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული; ეკონომისტი ლეილა აფრასიძე; არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი გიორგი (გიგა) ბათიაშვილი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ გელაძე; მსახიობი და მუსიკოსი გია გაჩეჩილაძე (უცნობი); თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე; მხატვარი ზურა გომელაური; რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და მსახიობი იზა ვეფხვაძე; თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი დავით თარხან-მოურავი; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მანანა კვაჭაძე; ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე; ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი მამუკა ნოზაძე; მხატვარი ილო პატაშური; განსაკუთრებით ფასეულ ხელნაწერთა მხატვარ-რესტავრატორი ლია სიხარულიძე; წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი გრიგოლ (გია) სულაბერიძე; ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი; აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასტროენათმეცნიერების პროფესორი ალიკო ცინცაძე; ტელერეჟისორი გიორგი წამალაძე; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის გამგე, პროფესორი და პოლონეთის შოპენის სახელობის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე; მათემატიკოსი დათო ხარაიძე; მკვლევარი, პროფესორი ნიკო ხერკელაძე.