საქართველოს კანონში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" გათვალისწინებული ცვლილებების თანახმად, ახალი სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით ,,მიწის ნკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" ანუ წინადადება, რომელიც ბუნდოვნებას იწვევდა „საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" უცვლელადაა გადმოტანილი. ბუნდოვნებას იმიტომ იწვევს, რომ გაურკვეველია „მონაცემების სრულყოფა" ხომ არ ვრცელდება დაზუსტებულ ფართობებზეც, თუ დაურეგისტრირებელ ფართობებზე ვრცელდება დაუზუსტებელ ფართობებთან ერთად?
რაც შეეხება რეგისტრაციებს (სისტემური, სპორადული), როგორც იქნა დაკონკრეტებულია (გაიოლებული) საბუთების ჩამონათვალი (ან/ან: საკომლე წიგნი, საგადასახადო სია, მებაღის წიგნაკი და ა.შ.), რაც დიდად შეუწყობს ხელს და დააჩქარებს რეგისტრაციათა რაოდენობას; მითუმეტეს, რომ რეესტრის მიერ ასლების გამოყენების შესაძლებლობებიცაა დაშვებული, არა და, წინა კანონი 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა და 2019 წლის ნოემბრამდე დარეგისტრირდა 723800 ჰექტარზე მეტი ფართობი, ხოლო მიწის რეფორმიდან (რეგისტრაციის დაწყებიდან - 1998 წლიდან) დღემდე დარეგისტრირებულია 1 936 049 ჰა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 3 011 000 ჰა-ს, დღემდე დარეგისტრირებული გამოდის 57% და დარჩენილი 43%-ის დარეგისტრირებას მინიმუმ 15 წელი მაინც დაჭირდებოდა, თუ არა წარმოდგენილი კანონპროექტის დროულად გატარება. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი მაგრამ, კერძოდ სპორადული პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს საკუთარი ნება-სურვილით, ხოლო სისტემური მიდგომა სავალდებულოა საკუთრების დასადასტურებლად, ვინაიდან იგი აუცილებელი მოთხოვნაა ყველასათვის, ამიტომ აუცილებელია გაიზარდოს სისტემური რესგისტრაციების ჩატარების ტემპები სამუშაო ჯგუფების გაზრდის ხარჯზე, რაც დააჩქარებს და გაზრდის დარეგისტრირებული სოფლების რაოდენობას, რისთვისაც უნდა გამოინახოს დამატებითი ფინანსები და საბოლოო ანგარიშით, მითითებული - 2022 წლის 1 ივნისისათვის ალბათ ძირითადად გარკვეული იქნება თუ რა რაოდენობას შეადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდი ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად რა რაოდენობის მიწას ფლობს კერძო სამართლის ფიზიკური თუ იურიდიული პირები და სახელმწიფო; ანუ, უკვე გვექნება მიწის სრულყოფილი ბალანსი, რაც აუცილებელია მიწის გადასახადის გასაწერად. მიწის გადასახადს რაც შეეხება, ესეც აუცილებლად დასარეგულირებელია.
კერძოდ, პროექტში აღნიშნულია რომ „კანონპროექტით დადგინდა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების აღიარების მაქსიმალური ზღვრული ნორმა რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1,25 ჰა-ს, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 5 ჰა-ს". ამ შემთხვევაში კიდევ ერთ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე; როგორც ცნობილია, მიწის რეფორმის დაწყებიდან (საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის 48 დადგენილება და სხვა ნორმატიული აქტები) მიწის მიმღებთათვის (სადაც ამის შესაძლებლობა იყო) მიწის ზღვრული მაქსიმალური ნორმა განისაზღვრა 1,25 ჰა-მდე, მაღალმთიან რეგიონებში კი 5 ჰა-მდე; საგადასახადო კოდექსის თანახმად კი, ფიზიკური პირებისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საკუთრებაში არსებული მიწა, მაგრამ გადასახადით არ იბეგრება რეფორმის შედეგად მიღებული მიწა (5 ჰა-მდე). გაურკვევლობა იმაშია, რომ მოცემულ კანონში აღნიშნული „საკუთრების უფლების აღიარების" შედეგად დაკანონებული მიწის ფართობი (1,25 ჰა-მდე და მაღალმთიან რეგიონებში 5 ჰა-მდე) იბეგრება თუ არა მიწის გადასახადით.
რადგან მიწის გადასახადს შევეხეთ აღსანიშნავია, რომ ეს სფეროც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. კერძოდ, კანონის შედეგად მიწის გადასახადზე შეღავათების დაწესების შემდგომ მრავალი წელი გავიდა და მრავალი ტრანზაქცია განხორციელდა (მიწის ყიდვა-გაყიდვა, ჩუქება და ა.შ.), რის შედეგად რეფორმით მიღებული მიწის ნაკვეთების სხვა მფლობელებზე გადაცემის შემდგომ შეღავათებს აღარ ექვემდებარებიან და როგორც ცნობილია არის შემთხვევები, როცა ტრანზაქციების შემდგომ აღნიშნულ ნაკვეთებზე გადასახადები გაწერილი არაა. და საერთოდ, იმისათვის რომ არ მოხდეს მიწების დამუშავების გარეშე მიტოვება, რომელმაც ბოლო პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო „საკუთრება ჩემია და როდესაც მომინდება მაშინ დავარეგისტრირებ, ფულს არ მთხოვს და იყოს" პრინციპიდან გამომდინარე. ამიტომ, ალბათ უპრიანი იქნება გადახედილი იქნას საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 206 - გადასახადისაგან გათავისუფლება" და ამ მუხლის 1. პუნქტის ტ) ქვეპუნქტი, სადაც ზემოთაღნიშნული შეღავათები (2004 წლამდე რეფორმით მიღებული მიწები) საერთოდ იქნეს ამოღებული.
მიწაზე გადასახადის აღდგენა ასევე დადებითად იმოქმედებს ნაკვეთების შეერთება-გამსხვილებაზე (მიწის კონსოლიდაცია). როგორც ცნობილია, მიწის რეფორმის შედეგად მიწა საკუთრებაში მიიღო 1015,7 ათასმა კომლმა, ანუ 4 მილიონამდე მოქალაქემ - საშუალოდ ერთმა კომლმა 0,86 ჰექტარი. როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, გამოსავალი მხოლოდ მიწის კონსოლიდაციაშია.
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი, ექსპერტი აგროეკონომიკაში
ჯუმბერ ფანჩულიძე, პროფესორი, ექსპერტი მიწის მართვაში