ია აბულაშვილი
06.12.2019

 სიონის ტრაპეზის ნაქარგი ფარდა, ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი, მსოფლიოს ისტორიულ რელიქვიებს შორის ერთ-ერთი უნიკალურია, მხოლოდ მასზეა გამოსახული გენიალოგიური ხე, ბიბლიური იესეს ნერგი, რომლისგანაც მომდინარეობენ ღვთისმშობელი მარიამი, წინასწარმეტყველი დავითი, ქართველ ბაგრატიონთა წინაპრები, იესენიან-დავითიან ბაგრატოვანი.

ეს უძვირფასესი ისტორიული რელიქვია დიდი ხელოვნებით არის შესრულებული, ქსნის ერისთავის იესე ყულარაღასის მეუღლის, ქეთევანის მიერ, რომელიც იყო ასული მეფე თეიმურაზ მეორის დის, მაკრინესი და მამიდაშვილი ერეკლე მეორის. სწორედ ქეთევანს შეუწირავს ეს უნიკალური ნაქარგი-ფარდაგი სიონის ტაძრისთვის 1773 წელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, საკურთხევლის გადასაფარებელი სიონიდა მოიპარეს. ერთი საუკუნის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ევროპაში მყოფმა ემიგრანტებმა თამარ და აკაკი პაპავებმა შემთხვევით მიაგნეს.

"1939 წელს ჰამბურგიდან- ბერლინში ლიხტერ კელში გადავედით საცხოვრებლდა. ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი ჩვენი მეგობრები. მათ შორის იყო დოქტორი ხოპპი, რომელსაც საქართველოზე ბევრი რამ წაეკითხა. ერთ მშვენიერ დღეს დოქტორმა ხოპპმა აღელვებით გვაუწყა, რომ მისი პაციენტის მეზობელი გარდაიცვალა, რომელიც იყო კავკასიელი, მეუღლე გერმანელი ქალი "კავკასიურ ნივთებს" ჰყიდისო. ერთ-ერთი გასაყიდი ნივით "ფარდა" დოქტორ ხოპპმა ქართულად მიიჩნია" - იხსნებდა წლების შემდეგ თამარ პაპავა.

სომეხი კოლექციონერის ქვრივის სანახავად წასულან გრიგოლ რობაქიძე, მიხაკო წერეთელი, ვიქტორ ნოზაძე. ფარდაგი მართლაც ქართული აღმოჩნდა. სასწრაფოდ ფოტო გადაუღეს და საფრანგეთში ექვთიმე თაყაიშვილს გაუგზავნეს, რათა გაერკვია ქსოვილის ზუსტი წარმომავლობა. დრო არ იცდიდა, უძვირფასესი ნივითი რომ არ დაეკარგათ, გადაწყვიტეს შეეძინათ. გერმანელმა კოლექციონერებმა ექსპონატი 25 000 დოლარად შეაფასეს, რაც იმ დროს განუსაზღვრელად დიდი თანხა იყო, მითუმეტეს ქართველი ემიგრანტებისთვის. ამასობაში ექვთიმეს პასუხიც მოვიდა, რომელიც იწერებოდა, რომ "ნაპოვნი სიონის ტრაპეზის ნაქარგი გადასაფარებელია და ფრიად და ფრიად უნიკალური ძეგლია".

პაპავების ოჯახმა უნიკალური ნივითი, სიფრთხილის გამო ჰამბურგის ცნობილ ბანკს მიაბარეს სეიფში შესანახად. 1943 წელს ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმის დროს ბანკი დაიბომბა და დაიწვა. სეიფი კი სადაც "ქართული ფარდა" ინახებოდა სასწაულად გადარჩა. პაპავებმა ფარდაგი სასწრაფოდ გამოიტანეს ბანკიდან და არგენტინაში, სადაც საცხოვრებლად გადავიდნენ თან წაიღეს. რამდენიმე წლის შეიდეგ, პაპავების ოჯახმა ცნობილი კინორეჟისორის რეზო თაბუკაშვილის ხელით უძვირფასესი რელიქვია სამშობლოს დაუბრუნა. მრავალგანსაცდელს გადარჩენილი "ქართული ფრადა" დღეს თბილისის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×