
ქართველი პატიმრები საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან. მათ შორისაა ე.წ. „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი, რომელსაც კიდურებზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა სჭირდება, თუმცა, როგორც მისი ფრანგი ადვოკატი ამბობს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შუშანაშვილს სამედიცინო დახმარება არ უტარდება, მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.
„ის ძალიან ავად არის. ბევრი დაავადება აქვს და არ მკურნალობენ. საფრანგეთში, სადაც ყოველთვის იცავენ ადამიანის უფლებებს, ლაშა შუშანაშვილის შემთხვევაში ეს უფლებები არ არსებობს... ის ითვლება საფრანგეთში რიგით მეექვსე ყველაზე კონტროლირებად პატიმარს შორის. ეს რომ გესმის, უკვე ფიქრობ, რომ ძალიან საშიშ ადამიანთან გაქვს საქმე, მაგრამ, როცა შეხვდები და დაელაპარაკები, მიხვდები, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი სილვიო როსსი-არნოუდი.
„კანონიერი ქურდის“ ქართველი ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი კი მიიჩნევს, რომ მარსელის ციხეში მყოფი შუშანაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა საქართველოში ექსტრადირებაზეც, სადაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„შუშანაშვილს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. მსგავსი მოპყრობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებ საქართველოს სახელმწიფოს, დაიცვას მისი მოქალაქის უფლებები და როგორც პაციენტს მიეცეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიღების უფლება“, - ამბობს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
კახა შუშანაშვილს, ის ფრანგი სამართალდამცველები მას განზრახ მკვლელობის შეკვეთას ედავებიან. საუბარია ასევე ქართველი „კანონიერი ქურდის“ ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობაზე.
ზუგდიდელი ლადო ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ის საფრანგეთში 2010 წელს ჩაცხრილეს. ჯანაშიას ოჯახში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა.
კახა შუშანაშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას, ფულის გათეთრებას, თაღლითობასა და საბანკო ბარათების გაყალბებას ედავებიან ესპანეთშიც, საქართველოში კი მას ძმასთან, ასევე „კანონიერ ქურდ“ ლაშა შუშანაშვილთან ერთად დაუსწრებლად ასამართლებენ.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე