ელზა პაპოშვილი
11.12.2019

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარი სასტიკი მკვლელობის და  ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული.  65 წლის თამარ სეფიაშვილის წამებით მოკვლისთვის და ყაჩაღობისთვის პოლიციამ იმავე სოფლის მცხოვრებლები დააკავა. ერთი მათგანი კი მოკლული ქალის თანაკლასელია. ორი ბრალდებული პოლიციამ სასაზღვრო პუქტთან დააკავა, რომლებიც ქვეყნის დატოვებას და თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას  ცდილობდნენ. მესამე კი ქალაქ რუსთავში აიყვანეს. 

საქმე ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებითაა აღძრული. ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთები ამოღებულია. თუმცა ყაჩაღობისას ასევე წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა. 

სასტიკი მკვლელობა და ყაჩაღობა კი  სოფელ არბოშიკში 6 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც, 65 წლის თამარ სეფიაშვილი  ნაწამები და გაგუდული მისსავე მეზობელმა იპოვა.  „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალს ესპანეთში შვილი ჰყავს  და მისგან გამოგზავნილ ფულს სოფელში აპროცენტებდა. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ქალი ყაჩაღობის მიზნით მოკლეს. 

ასევე გამოძიებამ დაიწყო იმ ვერსიაზე მუშაობა, რომ გარდაცვლილმა შესაძლოა მძარცველები ამოიცნო და კვალის დაფარვის მიზნით მოიშორეს. მეზობლები ვარაუდობდნენ, რომ სეფიაშვილის მკვლელობაში მონაწილე  ერთზე მეტი პირი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ძლიერ და ღონიერ ქალს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ დაიმორჩილებდა. გარდაცვლილს წინასწარი დათვალიერებისას მაჯები ჰქონდა გადამტვრეული. სახეზე  სასტიკი ცემის კვალი ეტყობოდა. 

თამარ სეფიაშვილთან ერთი დღის განმავლობაში შვილმა ესპანეთიდან  დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა. ამიტომაც მეზობელს დაურეკა და უთხრა, რომ დედა ტელეფონზე არ პასუხობდა და სახლში მიეკითხა როგორ იყო. 

გარდაცვლილი  ქალი,  სკოლასთან ფუნთუშებს ყიდდა და სიდუხჭირეში ცხოვრობდა. თუმცა  ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მოკლული თამარ სეფიაშვილი  თანხებს აპროცენტებდა. მათი თქმით, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ქალს ვალს აღარ უბრუნებდნენ და შემდეგ კონფლიქტი ჰქონდათ. 

მოკლული ქალის მეზობელი ლია ჩომახაშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ პირველი ის იყო, ვინც გარდაცვლილი ქალი იპოვა. ეზოში შესულმა მეზობელს რამდენჯერმე დაუძახა, თუმცა ხმა როდესაც არ გასცა, სახლის ფანჯრიდან ოთახში შეიხედა, სადაც საშინელი სურათი დახვდა - ქალი სრულიად არეულ ოთახში საკმზე დაბმული ნახა. 

მან  მაშინვე გარდაცვლილის ძმისშვილს დაურეკა, რომელმაც შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. 

„სახლში მივედი და ვეძახდი. ხმა რომ არ გამაგონა, ვიფიქრე ცუდად ხომ არ არის-თქო. ახლოს მივედი და ფანჯრიდან შევიხედე. სკამზე იჯდა და გარშემო არეულობა იყო. მაშინვე მივხვდი,რ ომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ავტეხე ყვირი და მის ძმისშვილს დავურეკე. ისიც მალევე მოვიდა და მითხრა, აქ უკვე რაღაც უბედურება მოხდა და ოთახში არ შეხვიდეო. 

„სახეზე სასტიკი ცემის კვალი ჰქონდა. ექსპერტიზამ პირველი  დავალიერების შედეგ  თქვა, რომ გაგუდული იყო. არ ვიცი ამ საწყალ ქალს რა შეაგულეს. უცხო რომ არ მოვიდოდა, ფაქტია. ვიღაც აქაური იქნება. თან ყველაფერი ისე ჩუმად გაუკეთებია, რომ მეზობლებმა ხმაურის ხმაც ვერ გავიგეთ“, - ამბობს ლია ჩომახაშვილი „რეზონანსთან“.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 3 პირი: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს დაბადებული დ. ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ, 1959 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად თ.ბ. გარდაიცვალა.

პოლიციამ ორი ბრალდებული - ტ.ლ. და დ.ჯ. აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი - თ.მ. კი სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×