„შეხვედრა, ვითომ ერთი შეხედვით ნაყოფიერია და მხარეები კმაყოფილები არიან, განსაკუთრებით ემანუელ მაკრონია გახარებული, რომ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ უკრაინისთვის რამდენადაა ეს შედეგი ნაყოფიერი, რთული სათქმელია, უკრაინის საზოგადოების განწყობამაც ამაზე მიგვანიშნა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ნორმანდიის ოთხეულის" მოლაპარაკების შედეგებს.
შეხვედრა პარიზში გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოლაპარაკებებს ორი საათი განმავლობაში მართავდნენ.
მოლაპარაკების შემდეგ კი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.
არეშიძე ამბობს, რომ „ნორმანდიის ოთხეულის" შეხვედრისას მათ მიერვე შემუშავებულ დოკუმენტში ყირიმზე საუბარი საერთოდ არ იყო.
„დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავეს და რომელსაც კითხულობდნენ, ერთგვარი დეჟავუ მქონდა, იმიტომ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, პოლიტიკური ლიდერების მიერ შექმნილი და რუსეთის აუცილებელი მონაწილეობით, ამდაგვარი დოკუმენტი სხვადასხვა კონფიგურაციით ბევრი მახსოვს, მაგრამ შესრულების თვალსაზრისით რა მოგახსენოთ.
„ამ შემთხვევაში შესაძლოა, რაც ამ დოკუმენტშია აღწერილი, ნაწილობრივ მაინც შესრულდეს, მაგრამ, მინდა გითხრათ ისიც, რომ ეს დოკუმენტი თავისთავად ნაკლულია იმიტომ, რომ ყირიმზე საერთოდ სიტყვა არაა ნახსენები, როგორც ჩანს, ეს ევროპელი პოლიტიკოსების „დამსახურებაა", რომ ამ შემთხვევაში ეს თემა დღის წესრიგიდან ამოიღეს.
„რაც შეეხება ლუგანსკისა და დონეცკის თემას, აქ ჩემთვის ერთადერთი საყურადღებოა ის, რომ არჩევნების შემდეგ კიევს სახელმწიფოს საზღვრის გაკონტროლების საშუალება მიეცემა, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ რამდენად მოხერხდება ეს ამბავი, რთული სათქმელია.
„ამ ღონისძიების კულუარებში გაჟღერდა ფრაზა, რომელიც ჩემთვის საყურადღებოა, როგორც ამბობენ (უცხოელი ჟურნალისტები), ეს ფრაზა თქვა ერთ-ერთმა რუსმა ჩინოვნიკმა, ფრაზის შინაარსი კი ასეთია, რომ მოსკოვს აწყობს უკრაინასთან ურთიერთობა, როდესაც კონფლიქტები არაა მოგვარებული, თუმცა, არსებობს ურთიერთობები, ასევე თქვა ასეთი რამ, რომ ასეთივე ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთანო, რაც მოსკოვს კი დღევანდელი გადმოსახედიდან აწყობს.
„პრინციპში, რაც მოსკოვს სურს, მეტ-ნაკლებობით იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ლუგანსკი და დონეცკი მომავალში იმ ფორმატში არ იქნებიან, როგორშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთს ამ რეგიონებზე მუდმივი კონტროლის საშულება ექნება და ამ რეგიონების მეშვეობით შუძლია მუდმივად ოფიციალურ კიევზე ზეწოლა განახორციელოს"- აცხადებს იგი.
არეშიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა უკრაინელი საზოგადოება შეხვედრით კმაყოფილები ორი მიზეზის გამო არ იყოს, პირველი მიზეზი რუსეთისადმი უნდობლობაა და მეორე მიზეზი კი უკრაინის საზოგადოების აზრით, ზელენსკიმ პოზიციები დათმო.
„გაზის საკითხზე პუტინმა ნახევრად ხუმრობით უკრაინას უთხრა, რომ თუ მოვილაპარაკებთ, გაზს მოგაწოდებთო, თუმცა, რასაკვირველია, ამ თემაზე იყო საუბარი , გაზთან დაკავშირებით უკრაინის დავა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას უნდა ბუნებრივი აირი იმ ფასში მიიღოს, რა ფასშიც ადრე იღებდა, საკმაოდ დემპინგური ფასია. რუსეთს არ უნდა, რომ ამ ფასში მიაწოდოს, საერთოდ არ უნდა, რომ გაზსადენმა უკრაინის ტერიტორიაზე გაიაროს,რომელიც ევროპას ამარაგებს, ეს თემაც როგორც დონეცკისა და ლუგანკის მომავალი სტატუსი, მოგვიანებით უკრაინაზე ზეწოლის მექანიზმი იქნება.
„ეს შეხვედრა, ვითომ ერთი შეხედვით ნაყოფიერია და მხარეები კმაყოფილები არიან, განსაკუთრებით ემანუელ მაკრონია გახარებული, რომ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ უკრაინისთვის რამდენადაა ეს შედეგი ნაყოფიერი, რთული სათქმელია,უკრაინის საზოგადოების განწყობაც ამაზე მიგვანიშნა, რომ უკრაინელები მთლად კმაყოფილები ვერ იქნებიან, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოსკოვის არ სჯერათ და მეორეც იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ ზელენსკიმ პოზიციები დათმო,
„მე არ ვთვლი, რომ ზელენსკიმ პოზიციები დათმო, უბრალოდ, თუნდაც იმიტომ, რომ მას გამოსავალი არ ჰქონდა, ერთის მხრივ რუსეთის სერიოზული ზეწოლა იყო და მეორეს მხრივ მისი დასავლელი პარტნიორების პოზიციაც არ იყო რუსეთის მიმართ ძალიან აგრესიული, ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ყირიმის საკითხი საერთოდ არ ყოფილა წამოჭრილი.
„ასეა თუ ისე, ასეთი დოკუმენტები ჩვენ გვინახავს და სამწუხაროდ მერე არ შესრულებულა ხოლმე, გამოუცდელი ზელენსკი და მისი პოლიტიკური გუნდი რამდენად მოახერხებენ მოქნილად მოქმედებას იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღონ, ეს რთული სათქმელია."-განაცხადა მან.
პარიზში გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დონბასში შესაძლოა განმეორდეს სრებრენიცა, თუ კიევი კონტროლს დაამყარებს რუსეთთან დამაკავშირებელ დონეცკისა და ლუგანკის სასაზღვრო მონაკვეთებზე.
შეგახსენებთ, რომ "ნორმანდიის ფორმატი" ოთხი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით დონბასის პრობლემის მოგვარებისთვის შეიქმნა, 9 დეკემბერს კი პარიზში მათი შეხვედრა შედგა,რომელიც 2016 წლის შემდეგ ნორმანდიული ოთხეულის პირველი შეხვედრაა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოთხ თვეში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.