ელზა პაპოშვილი
12.12.2019

 ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და არ არის გამორიცხული, დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. პოლიციამ პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღების ბრალდებით კიდევ ორი პირი 11 დეკემბერს დაპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანსს“ პროკურატურაში უდასტურებენ. 

„ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - გუშინ კიდევ 2 პირს, ც.მ.-ს და მ.პ.-ს ბრალი სისხლის სამართლის მუხლებით 255_3 და 143(2)_2,ბ_3,გ_4,ა ბრალი წარედგინათ“,-განუცხადეს „რეზონანსს“ პროკურატურაში.

11 დეკემბერს დააკავეს დედა და მისი სრულწოვანი შვილი, რომლებსაც გამოძიების ინფორმაციით, ოჯახის ორი არასრულწლოვანი წევრი პორნოგრაფიული მასალების დამზადებაში ჰყავდათ ჩართული. 

ირკვევა, რომ დედამ საკუთარი არასრულწლოვანი შვილი და ძმიშვილი, მეორე - უფროს შვილთან შეთანხმებით პორნოგრაფიაში ჩართო, ხოლო არასრულწლოვანთა პორნომასალას უცხო პირებზე ასხვისებდნენ.

5 დეკემბერს სამართალდამცველებმა იგივე საქმეზე 11 ადამიანი უკვე დააკავა, მათ შორის 10 მშობელი და ერთი პედაგოგი. მათ ბრალი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგში ედებათ. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა და სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ამ სქემის ირგვლივ 24 ადამიანია დაკავებული. 

ასევე არ არის გამორიცხული, რომ გორის გარდა დაკავებები სამტრედიასა და თბილისში ისევ გაგრძელდეს. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით ევროპოლის მიერ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ სქემაში გორის და თბილისის გარდა, შესაძლოა, სხვა ქალაქის მცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული. 

კონკრეტულად კი ქართველ კოლეგებს ევროპელი გამომძიებლები 6 საეჭვო ფოტოზე უთითებენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. ფოტოების დეტალური შესწავლის შედეგად, ერთ-ერთ საეჭვო ადგილად ევროპოლი სამტრედიას და იქ მდებარე ორ ფოტოსტუდიას ასახელებს. 

სტუდიების „დიადემის“ და „ბლეკსტარ სტუდიოს“ მფლობელები „რუსთავი 2“-თან საუბარში ადასტურებენ, რომ მშობლებს ფოტოსესიებში მონაწილეობისთვის შვილები მიჰყავთ. 

სალონ „დიადემას“ დამფუძნებლის განცხადებით, 13-14 წლის გოგონებს მშობლები სურათებს სხვადასხვა ფორმაში ხშირად უღებენ, თუმცა ბავშვთა პორნოგრაფიასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ის საქმის ირგვლივ ჯერჯერობით დაკითხული არ ყოფილი და გაურკვეველია, რისა საფუძველზე ხდება მის სალონზე მითითება. 

კიდევ ერთი ადგილი, რომელზეც ევროპოლი მიუთითებს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ისევ გასაიდუმლოვებული აქვს, მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა.

კვინსლენდის პოლიციის თანამშრომლის წერილზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რაც ქმნის საფუძველს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე არასრუწლოვნის მშობლები მიეცნენ. 

ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დეკემბერში დაკავებული 11 პირიდან მძიმე ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან პორნოგრაფიაში გაუცნობიერებლად ჩართული არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის ხელშეწყობას ედავება. სწორედ ამ პედაგოგთან ცხოვრობდა ამერიკის მოქალაქე მასწავლებელი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბავშვების მშობლებს იბირებდა, რათა თანხის სანაცვლოდ მათი შვილებისთვის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეო მასალა გადეღო. 

18-ტომიან საქმეზე გამოძიება 3 თვეზე მეტია გრძელდება, ჯერ კიდევ 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე ბრალდებით 9 პირი და ორი ფოტოგრაფი - აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქე დააკავა. ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალას თბილისში 2 ფოტოსალონში მზადდებოდა. ასევე დაკავებულია ბინის მეპატრონე, რომელსაც ამერიკის და ავსტრიის მოქალაქეებისთვის სახლი ჰქონდა მიქირავებული. 

მაშინაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ფაქტზე მხილებული 11 მოქალაქე იყო, რომელთგან 8 მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გორის შს სამმართველოს ახალსოფლის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება 3 სოფელში ჩაატარეს. სამივე სოფელი გვერდიგვერდ მდებარეობს. დაკავებულები არიან და-ძმები, სიძე, დები, ყოფილი ქმარი და ა.შ. 

ერთ-ერთი არასრუწლოვანი კი ჩვენებაში ყვება, რომ დედა მის ფოტო გადაღებებს არ ესწრებოდა, რადგანაც ამერიკის მოქალაქე მამაკაცი მას ოთახში არ უშვებდა და ეუბნებოდა, რომ ბავშვს მისი იქ ყოფნა დააბნევდა და ამიტომ სჯობდა გარეთ მოეცადა. 

12 წლის გოგონა ამბობს, რომ მან სულ ორჯერ გაიხადა, თუმცა შემდეგ შერცხავა და ამის გაკეთება აღარ სურდა. ფოტოგრაფი კი მას ეუბნებოდა, რომ ეს მათი საიდუმლო იყო და არსად არაფერი ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცნობილი ფოტომოდელი ვერ გახდებოდა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სერვის ცენტრის ინფორმაციით, „პორნოგრაფიის საქმეში“ 16 მოზარდი ფიგურირებს. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მათ მდგომარეობას სწავლობენ.

ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი კი „რეზონანსთან“ დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალდება შვილის პორნოგრაფიულ საქმიანობაში ჩართვას ედავება, გარემოებების მსხვერპლია. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავეებული 20 ადამიანიდან სიმართლე მხოლოდ რამდენიმემ იცოდა, რა ტიპის ფოტოებს უღებდნენ მათ შვილებს. 

„როდესაც საქმის მასალებს გავეცანი მივხვდი, რომ 12 წლის გოგონას ახალგაზრდა დაკავებული დედა მართალია და მან არ იცოდა მის შვილს რა ტიპის ფოტოებს უღებდნენ. ამას ადასტურებს მისი შვილის ჩვენებაც. ბავშვი ამბობს, რომ დედამ არაფერი იცოდა და ის მალავდა თუ ფოტოგრაფი რა სთხოვდა. მის მსგავსად მალავდა ფოტოგადაღებების შინაარსს კიდევ რამდენიმე ბავშვი. პროკურატურას თავად აქვს კადრები გადაღებული და თავისი თვალით აქვთ ნანახი, რომ იმ ოთახში, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, მშობლებს არ უშვებდნენ“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×