ელზა პაპოშვილი
12.12.2019

 შემზარავი და სასტიკი მკვლელობა წალკის რაიონის სოფელ არწივანში - 85 წლის  მარტოხელა პენსიონერს 11 დეკემბერს ღამით, დაყაჩაღების მიზნით თავს დაესხნენ, სასტიკად აწამეს და შემდეგ მოკლეს. მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ სავარუდოდ, მოხუცს პენსიის მოგროვებული თანხა უნდა ჰქონოდა, რასაც მას ყაჩაღები სთხოვდნენ. მოხუცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მისი ცემა დაიწყეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ყაჩაღებს ცემაში შემოაკვდათ. გარდაცვლილი მოხუცი მეზობლებმა იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  კი მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ორი პირი -  43 და 26 წლის მამაკაცები. 43 წლის მამაკაცი წალკაში აიყვანეს, ხოლო 26 წლის - ქალაქ რუსთავში.  

„არ ვიცით ამ საწყალ მოხუცს რა უნდა ჰქონოდა, პენსიონერი იყო და მარტო ცხოვრობდა. ეს პირველი შემთხვევა კი არ არის, პენსიონერი ადრეც გაძარცვეს. საწყალი, ჯერ უცემიათ, როგორც ჩანს ფული მოსთხოვეს. ამან წინააღმდეგობა გაუწია და თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ნარტყამი. ისე უცემიათ, სახე დამახინჯებული აქვს.  

„ვვარაუდობთ, რომ ან ერთი წლის პენსია ჰქონდა წინასწარ ერთიანად გამოტანილი, ან კიდევ მოგროვებული ფულს ინახავდა. აბა, სხვა რა უნდა დაეგულებინათ 85 წლის მოხუცისთვის. მეზობელმა მოიკითა და ხმა რომ არ გასცა, სახლში შევიდა. ოთახში დასისხლიანებული ეგდო. უკვე მკვდარი იყო“, - უყვერბა „რეზონანსს“ მოხუცის მეზობელი. 

შსს-ს ინფორმაციით კი, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს.

მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი - ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით.   

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×