თამთა ჩაჩანიძე
12.12.2019

 რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტმა დიდი დარტყმა განიცადა, მურმანსკის ოლქის ქალაქ სევერომორსკში რუსების ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალი კუზნეცოვზე" ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ვერაფრით აქრობენ. „რია ნოვოსტი" ჩრდილოეთ ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლთან ბრძოლის შემდეგ ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ჩამქრალი არ არის. არაოფიციალური ინფორმაციით კი, გემზე დიზელის საწვავი იწვის.

უფრო კონკრეტული ინფორმაცია გემის მდგომარეობასა და ზარალის მასშტაბებზე არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, გემიდან ყველანაირი შეიარაღება გატანილია.

ორმა ჯარისკაცმა, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, მძიმე დამწვრობები მიიღეს, თუმცა ფლოტის პრესსამსახურისვე ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პრესსამსახურმა ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ავიაგადამზიდზე კვამლი რემონტის დროს გაჩნდა, კერძოდ მაშინ, როდესაც შედუღების სამუშაოს ასრულებდნენ.

სააგენტო „ტასსი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დაზარალებული ჯარისკაცები მძიმე მდგომარეობაში ჩრდილოეთ ფლოტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი ოფიცერია, ხოლო მეორე კონტრაქტის მეზღვაური.

გემიდან ყველა მუშა ევაკუირებულ იქნა, მეხანძრეებმა და სამხედროებმა ცეცხლის ლოკალიზაცია მოახდინეს.

სააგენტოსვე ცნობით, გარდა ამისა, ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დახმარების შემდეგ სახლში გაუშვეს.

„ადმირალი კუზნეცოვი" რუსეთის ფლოტში ერთადერთი ავიამზიდია,რომელის ბორტზე დაახლოებით 60 თვითმფრინავი თავსდება.

იგი კაპიტალურ რემონტზე 2017 წლის შემდეგ იმყოფება. გასული წლის ოქტომბერში ავიაგადამზიდის რემონტისას მცურავ დოკი, რაზეც „ადმირალი კუზნეცოვი" იყო განთავსებული, მთლიანად ჩაიძირა. შემთხვევამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×