უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა შობის აღნიშვნის თარიღი - 7 იანვარი - 25 დეკემბრით შეცვალოს, მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების უმრავლესობა დაუჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც საეკლესიო კალენდრის რეფორმას ეხებოდა.
თეოლოგები აცხადებენ, რომ ეს არ არის საკვანძო და დოგმატური საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ყველა ადგილობრივ ეკლესიას მართებს ჰქონდეს საერთო პოზიცია. დღეს არსებული 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 შობას სწორედ ახალი სტილით - 25 დეკემბერს აღნიშნავს.
ამასთან, საინტერესოა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც გასულ საუკუნეში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავდა და 1928 წელს მოხდა გადასვლა 7 იანვარზე.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ჯერ არ არის მსგავსი გადაწყვეტილების მიღების დრო, რადგან ეს საზოგადოებას კი არ გააერთიანებს, არამედ პირიქით, მის უფრო მეტად გახლეჩას გამოიწვევს.
მისი თქმით, განსაკუთრებული სკეპტიციზმით აღნიშნულ საკითხს დასავლეთ უკრაინაში უყურებენ. თუმცა, თავად არ არის ამის წინააღმდეგი, რადგან, მისი თქმით, თარიღი არ წარმოადგენს დოგმას.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აღნიშნავს, რომ თუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გადაწყვეტს შობის აღნიშვნას ახალი სტილით ანუ 25 დეკემბერს, ამით არ დაარღვევს არანაირ წესს, თუმცა, შესაძლოა, რომ სიტუაციის მოსალოდნელმა დაძაბვამ შეაჩეროს:
„ვფიქრობ, რომ ამ ნიადაგზე, მართლაც, შესაძლებელია, უკრაინის სინამდვილეში მოხდეს გარკვეული ექსცესები, რადგან უკრაინის ადგილობრივი საეკლესიო თემი ჯერ კიდევ ატარებს რუსული ყაიდის მახასიათებლებს. შესაბამისად, ვიდრე თვითგამორკვევის პროცესი არ დასრულდება, ვეჭვობ, რომ არ გარისკავს უნეტარესი ეპიფანე და მისი წმინდა სინოდი ამ გადაწყვეტილების მიღებით.
„თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ დადგენილებას გამოიტანენ, საეკლესიო სწავლების საწინააღმდეგო აქ არაფერი არ არის. საზოგადოებრივი შეთანხმების საგანი უფროა ეს. შესაბამისად, უკრაინის ეკლესიაც ამ ამოსავლიდან უნდა მოქმედებდეს.
„ეს არ არის საკვანძო და დოგმატური საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ყველა ადგილობრივ ეკლესიას მართებს ჰქონდეს საერთო პოზიცია. საეკლესიო დღესასწაულების ნებისმიერი თარიღი ატარებს სიმბოლურ დატვირთვას. უფრო მნიშვნელოვანია მისი შიდა, მისტიკური, სულიერი, მეტაფიზიკური შინაარსი, ვიდრე მათემატიკური რიცხვი და თვე. კალენდარი არ არის იმ რანგის საგანი და საკითხი, რომ ასეთი პედანტურობით მივუდგეთ", - ამბობს თეოლოგი.
ტიგინაშვილის თქმით, გასულ საუკუნეში, რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოც ახალი სტილი აღნიშნავდა შობის დღესასწაულს - 25 დეკემბერს. თუმცა 7 იანვრის დაბრუნება განაპირობა იმან, რომ საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსულ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული:
„ქართულ სინამდვილეზე თუ ვიტყვით, უნდა აღინიშნოს, რომ 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიაც ახალი სტილით - 25 დეკემბერს აღნიშნავდა შობის დღესასწაულს - 1925, 1926, 1927 და 1928 წლებში. შემდეგდ, ეს ჩვენს რეალობაში შეიცვალა.
„ისტორია უკავშირდება გრიგოლს, რომელმაც მე-16 საუკუნეში შეცვალა კეისრის კალენდარი - შემდეგ, მას გრიგოლის კალენდარი ეწოდა და ლათინურ სამყაროში ანუ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა, რაც მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც აითვისეს.
„რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ აღნიშნავს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს 7 იანვარს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს რუსულ ორბიტაზე საქართელოს ეკლესიის არსებობითაა გამოწვეული. პრაქტიკულად, ჩვენი ეკლესია სატელიტურია რუსეთისათვის, შესაბამისად, იმ სლავური ეკლესიების მსგავსად, რომლებიც უნისონსა და სინქრონში არიან რუსეთის ეკლესიასთან, საქართველოც ამ პლატფორმაზეა.
„თავად ის საკითხი, რომ ჩვენთვის კალენდარი ასეთი პრინციპული გახდა, მეტყველებს იმაზე, რომ რუსული გავლენები საკმაოდ მძლავრია საქართველოზე. რუსეთის ცდილობს, რომ კალენდარის მეშვეობით მოახდინოს საქართველოს, სერბეთის, ბულგარეთისა და, შეიძლება ითქვას, იერუსალიმის იზოლირება საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში. ეს ის ეკლესიებია, რომლებიც რუსული დირექტივის შემსრულებლები არიან დიდწილად.
„თარიღებთან დაკავშირებული დავის მთავარი მიზეზი მაინც გახლავთ პოლიტიკური კონიუქტურა - რუსეთი ცდილობს, რომ იყოს განსხვავებული, ეს საკითხი პოლიტიზირებულია და სცილდება ასტრონომიულ ანგარიშებს", - დასძენს გიორგი ტიგინაშვილი
მისივე თქმით, შობის დღესასწაულის აღსანიშნავი თარიღის ცვლილებვა კანონიკური წესების დარღვევა არაა, რადგან არსებული თარიღი საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიების შეთანხმების მიხედვით დადგინდა:
„კალენდარი არ გახლავთ დოგმატური საკითხი - ეს არის საეკლესიო ტრადიციის საგანი, შესაბამისად, საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიების შეთანხმების მიხედვით გადაწყვეტილი დადგენილებაა. არავითარ დამაბრკოლებელ და პრობლემურ მხარეს არ განეკუთვნება (შობის აღნიშვნის თარიღის შეცვლა) - ეს უტრირებულია, გაზვიადებულია სხვადასხვა ფუნდამენტალისტური და ფანატიკური ჯგუფების მხრიდან ამა თუ იმ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
„უნდა აღინიშნოვს, რომ დღესდღეობით 15 ავტოკეფალური ეკლესიიდან 11 ახალი სტილით - 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. ახალი სტილი მიეკუთვნება სერბი ასტრონომის, მილუტინ მილანკოვიჩის მიერ შემოღებულ ასტროლოგიურ კალენდარს. მან ეს 1922 წელს დანერგა", - განუცხადა ტიგინაშვილმა „რეზონანსს".