აშშ-ს სენატის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღებას თურქეთის სწრაფი რეაქცია მოჰყვა. ანკარა გეგმავს, რომ თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა დახუროს, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. საუბარია იმის შესახებ, რომ ურთიერთობა დაიძაბება არა მხოლოდ აშშ-სა და თურქეთს შორის, რომელიც უკვე კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, არამედ ეს ნატო-ს შიგნით, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორისაც დაძაბავს ურთიეთობას.
არსებული ვითარება კი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შანსებს ამცირებს, თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც, იმ შემთხვევაში, თუკი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას თურქეთი დატოვებს, საქართველოს მეტი უპირატესობა მიენიჭება და უფრო მეტი დრო დაეთმობა მის ალიანსში გაწევრიანების საკითხს.
ბოლო პერიოდში აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციასა და ანკარის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეს-400-ების შესყიდვას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ კი აშშ-ს სენატმა მყარი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალურ იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარების შესახებ.
თავად თურქეთი გენოციდს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხები პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპნენ. დღეს კი ანკარა იმუქრება, რომ აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას ანანებს, გეგმავს მკაცრი პასუხი გასცეს ვაშინგტონს და თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა დახუროს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ამერიკის მიერ თურქეთისთვის შესაძლო სანქციების დაწესების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამ ბაზის დახურვა აშშ-სთვის დიდი დარტყმა იქნება და პენტაგონს მოუწევს რეგიონში მისი შემცვლელი იპოვოს. თანაც, არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი ნატო-ს შიგნით სერიოზული განხეთქილების მიზეზი გახდეს.
„ინჯირლიკის საჰაერო ბაზა, ეს ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდანაა ცნობილი, რადგან აშშ-ს ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი ჰქონდა შენახული საავიაციო ბომბების სახით. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 50 ბომბი შეიძლება ყოფილიყო.
"მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, აქედან ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებს შეტევა უნდა მიეტანათ საბჭოთა კავშირის სამხრეთ ფლანგზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზეც. საბჭოთა კავშირს საქართველოშიც ბევრი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი ჰქონდა განთავსებული.
„ცივი ომის დასრულების შემდეგ, ინჯირლიკის სამხედრო ბაზამ უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა. აშშ იყენებდა ამ ბაზას იქიდან აფრენილი „ავაქსის" სისტემის საჰაერო კონტროლის თვითმფრინავებისთვის და სხვადასხვა საჰაერო ოპერაციებისთვის, რომელსაც ახორცილებედა ერაყში, სირიაში და ა.შ., თუმცა, 2003 წელს აშშ-მა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და სადამ-ჰუსეინის ხელისუფლება ჩამოაგდო. თურქეთმა არ მისცა ამერიკელებს უფლება, თავისი ტერიტორიიდან განეხოციელებინა საჰაერო დარტყმები ერაყში.
„წმინდა სამხედრო თვლასაზრისით, პენტაგონისთვის ეს კარგი არ იქნება, რადგან ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის სიახლოვეს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო ბაზა აქვს. დღეს ამ საავიაციო ბომბებს შეიძლება უკვე აღარ აქვს იმხელა მნიშვნელობა, მაგრამ ოპერატიული მოქმედებისთვის, პირველ რიგში საჰაერო დანაყოფების გადასროლისთვის, საჰაერო დაზვერვისთვის და ა.შ., დიდ როლს თამაშობს," - აღნიშნავს ის.
ალადაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსებზე ამახვილებს ყურადღებას; მისი განცხადებით, ეს საკითხი ან ალიანსთან დაგვაახლოვებს, ან პირიქით - ნატო-ს დაგვაშორებს.
„თურქეთსა და აშშ-ს ურთიერთობა კიდევ უფრო გაფუჭდება, ნატოს წევრებს შორის და ალიანსის შიგნით დიდი განხეთქილება მოხდება. ნატო-ს წევრებს შორის ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები აშშ-ს ჰყავს, მაგრამ ევროპას თუ ავიღებთ, ყველაზე მრავალრიცხოვანი, სახმელეთო ჯარებს თუ გავითვალსწინებთ, თურქეთია. ამხელა ძალის დაკარგვა ნატო-სთვის ძალიან ცუდი იქნება და ეს ასევე საქართველოზეც იმოქმედებს. ნატო-ს სამხედრო დასაყრდენი თურქეთი თუ გამოეცალა, საქართველოს ნატო-სთან დაახლოება, ერთი მხრივ, გართულდება.
„თუმცა, არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ ამან შეიძლება პირიქით, დადებითად იმოქმედოს საქართველოსთვის. აშშ თუ დაინახავს, რომ თურქეთთან ურთიერთობა უფუჭდება, მთავარ ყურადღებას გადმოიტანენ საქართველოსთან დაახლოების და ნატო-ს წევრად გახდომის პროცესის დაჩქარებაში. ყველაზე მომგებიან ვითარებაში რუსეთი რჩება და ნაწილობრივ სომხეთიც, თუკი ამერიკელებისა და თურქების ურთიერთობა გართულდება."
ინჯირლიყის ბაზის დახურვის შემთხვევაში ალადაშვილი გამორიცხავს იმას, რომ რეგიონში აშშ-მა ბაზა შესაძლოა საქართველოში განათავსოს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზის საპირწონე ვერ იქნება საქართველოს ბაზა.
„ამ ბაზით ამერიკელები უფრო სარგებლობენ, ვიდრე ნატო-ს დანარჩენი წევრები. აშშ-მა შესაძლოა მოძებნოს სხვა ბაზა. ინჯირლიკის ბაზის მნიშვნელობა ის არის, რომ ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის თავზე თავისუფალი გასვლა აქვს. თუ ვგულისხმობთ, რომ აშშ-ს ხომ არ აწყობს ეს ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაანაცვლოს რომელიმე საჰაერო ბაზით, ამხელა ოპერატიული მოქმედების საშუალება საქართველოს არ ექნება.
„საქართველოს საჰაერო სივრციდან გადაფრენა ერაყში და სირიაში არ შეეძლებათ, რადგან ჩვენ შორის სომხეთია, სადაც რუსეთის ბაზაა თავისი საჰაერო თავდაცვით, არის ასევე თურქეთი. თურქეთს თუ აშშ-სთან ურთიერთობა გაუფუჭდა, ის საჰაერო სივრცესაც ჩაუკეტავს. საქართველოში ამერიკული სამხედრო ან საჰაერო ბაზის გახსნა კომპენსირებას ვერ გაუკეთებს ინჯირლიკის საჰაერო ბაზას," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.