საქართველოს მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება და 25 დეკემბერს განათდება, აქვე მოეწყობა საშობაო სოფელი. ახალი წლის ღამეს დაგეგმილია გალა კონცერტი, თუმცა უცნობია რომელი ცნობილი სახეები მიიღებენ მასში მონაწილეობას, ჯერჯერობით თბილისის მერია ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ტოვებს.
დედაქალაქი 2020 წელს ახალი ნაძვის ხითა და ილუმინაციებით შეხვდება, რომელსაც სპეციალურად იტალიიდან ჩამოიტანენ. 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს 3 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტი და ლედ-განათებები ექნება. თბილისში ასევე კვლავ მიმდინარეობს განათებისა და დეკორაციების მონტაჟი, სპეციალურად ახალი წლის სამზადისისთვის მერიამ 2,8 მილიონი ლარი გამოყო. საახალწლოდ თბილისში "სანტას კომპლექსი" მოეწყობა, რომელშიც ნაძვის ხესთან ერთად, სანტასთვის სავარძელი, მაგიდა, სკამი, დეკორატიული ბუხარი და ასევე დეკორატიული საათი შედის.
"რეზონანსთან" საუბრისას მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს და სპეციალური სამსახურები დედაქალაქის მასშტაბით კვლავ აქტიურად აგრძელებენ ილუმინაციებისა და დეკორაციების მონტაჟს. ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს საშობაო სოფლის მოწყობა, იდგმება ჯიხურები, სადაც ახალი წლის პერიოდში სხვადასხვა სახის საახალწლო თუ სხვა სახის პროდუქციის ყიდვას შეძლებენ მორთული ქალაქის დასათვალიერებლად მისული მოქალაქეები.
„საშობაო სოფელი განთავსდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რომელიც გაიხსნება 25 დეკემბერს. ამავე დღეს აინთება მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე. რაც შეეხება საახალწლო განათებებს, უკვე ჩაირთო ილუმინაციები ქალაქში და პროცესი გრძელდება, რუსთაველის გამზირი კი 25 დეკემბერს განათდება" - აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათი თქმით, საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში სხვადასხვა ადგილასაა დაგეგმილი, ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი ორბელიანის მოედანია. " თბილისელებს ასევე მორთული დახვდებათ ორბელიანის მოედანიც, სადაც სხვადასხვა სახის საახალწლო ღონისძიებები გაიმართება". - ამბობენ მერიაში.
დედაქალაქში საახალწლოდ დამონტაჟებული ილუმინაციების ნაწილი უკვე ჩართულია. საზეიმოდ მორთული ქალაქი კი სრულად 25 დეკემბერს განათდება, ამავე დღეს განათდება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეც.
ნატა თვაური