დააკავებენ თუ არა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოჯერიას და რა არის ის გრიფით საიდუმლო საქმე, რომელიც მას 6 წლაის შემდეგ გაუხსენეს. საქმე გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდს ეხება. ის ამ თანამდებობას 2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის 15 ნოემბრამდე იკავებდა.
ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე 16 დეკემბერს იმყოფებოდა და ის მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაკითხეს. ამბობს, რომ ახალი ვერაფერი გაიგო და მისი საქმის განახლებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.
„არაფერი ისეთი არ თქმულა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო შეიძლება ჰქონდეს. მაშინ ჩათვალეს, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე უნდა მომხდარიყო ფოკუსირება, ახლა არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ უფრო ფართოდ გაშალეს ფრთები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმე უშიშროების საბჭოს პერიოდში მუშაობას შეეხება.
"გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
გამომძიებლის განმარტებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დამატებითი გამოკითხვის საჭიროება საქმეზე ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა განაპირობა. გამომძიებელმა ბექა კვიციანი ამბობს, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით „საიდუმლო“ და საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
გამომძიებელი ამბობს, რომ არაერთი დამატებითი კითხვის მიუხედავად, გამოძიებამ პასუხები ვერ მიიღო.
„საქმისთვის მინიჭებული გრიფის გამო კითხვებსა და მათ შინაარსზე ვერაფერს მოგახსენებთ. უამრავი კითხვა ჰქონდა გამოძიებას გიგა ბოკერიას მიმართ, თუმცა სამწუხაროდ, მისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, რადგან მან ზოგადი ფრაზებით ისაუბრა“, - განაცხადა კვიციანმა.
რა წერია გრიფით საიდუმო საქმეში , რომელიც შესაძლოა ბოკერიას დაკავების მიზეზი გახდეს. საქმე „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას უშიშროების საბჭოში თანხების არამიზნობრივ ფლანგვას ეხება.
მასინ საბჭოში 22 კაცი მუშაობდა - საბჭოს მდივანი, 4 მოადგილე და 17 თანამშრომელი. ამ 22-კაციანი საბჭოს ბიუჯეტი, გიგა ბოკერიას თავმჯდომარეობის პერიოდში, 20 მილიონ ლარზე ნაკლები არასდროს ყოფილა. 2012 წელს კი 22-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა.
22 კაცის სახელფასო ბიუჯეტი 1.5 მილიონ ლარს შეადგენდა. გამოძიების ვერსიით, ბოკერიამ ისე მოაგვარა საქმე, რომ უშიშროების საბჭოს ყველა ხარჯი გაუმჭვირვალე გახადა, სახელმწიფო საიდუმლოს რანგში აიყვანა და მასში ჩახედვა, ერთადერთს, მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტს შეეძლო. სავარაუდოდ გამოძიება მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბოკერია ამ თანხის მეშვეობით ლობისტურ კომპანიებს ქირაობდა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობდნენ, გავლენიან უცხოურ მედიაში აქვეყნებდნენ მათ მხარდამჭერ პუბლიკაციებს, უცხოელ პოლიტიკოსებს კი, ფულის სანაცვლოდ, მათ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებინებდნენ.
მარტო ერთ ამერიკულ კომპანიას, Podesta Group-ს გიგა ბოკერიამ 2010 წელს 600 000 დოლარი გადაუხადა ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის. იგივე კომპანიასთან, 2012 წელსაც გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება უშიშროების საბჭომ და ისევ 600 000 დოლარად,
გიგა ბოკერიას, სავარაუდოდ, ბრალს ორი მუხლით წაუყენებენ , რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას გულისხმობს.
ოპოზიცია კი ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებას მიაწრეს.
მათივე განცხადებით, “ქართული ოცნება” მსგავსი ნაბიჯებით პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას და საკუთარი სკამების შენარჩუნებას ცდილობს.
ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის ოთარ კახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის დასუსტებული და ამ სისუსტის ნიადაგზე ძალის დემონსტრირების მიზნით სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს.
ამ ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს კახიძე გიგა ბოკერიას დაკითხვას, ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვებას და გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წარდგენას.
“ივანიშვილმა პროპორციულ არჩევნებზე უარი როცა თქვა, თავისი დანაპირები როცა უკან წაიღო, ამით აჩვენა, რომ ის არის დასუსტებული და ამ დასუსტების ნიადაგზე სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს, რითაც ცდილობს, რომ ძალა დაგვანახოს.
ამ ძალის დემონსტრირებას ეხება სწორედ ბოკერიას დაკითხვა, მელიას პარლამენტიდან გაშვება, უგულავასთვის ახალი ბრალის წარდგენა, ვითომ რაღაც ძალას დემონსტრირებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ჩაძირვისთვის განწირული გემი,” – აცხადებს ოთარ კახიძე.
პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, როდესაც ხელისუფლება მსგავს ნაბიჯებს დგამს,ის თავის არსებობას მძიმედ ამთავრებს.
“რაც შეეხება იმას, რომ 5 წლის წინანდელი საქმე თაროდან ჩამოიღეს, 7 წლიანი საქმის თაროდან ჩამოღებაც გვახსოვს ჩვენ ნიკა მელიას საქმის სახით და შედეგი მისი პარლამენტიდან გაძევებაა, რაც ასევე არის პოლიტიკური დევნის ყველაზე აშკარა ნიშანი.
როდესაც ხელისუფლება მსგავს ნაბიჯებს დგამს, იგი ამთავრებს ძალიან მძიმედ,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.