საქართველოში მომატებული სუიციდის ფაქტების შემაშფოთებელი სტატისტიკა და დაწეული ასაკი. თითქმის დღე არ გავა, რომ საზოგადოებამ თვითმკვლელობის შესახებ არ გაიგოს. რა განაპირობებს ადამიანის ამ დონემდე მიყვანას და რატომ გახშირდა განსკუთრებით სუიციდის ფაქტები ახალგაზრდებში.
18 დეკემბერს ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის ნიკუშა ბუაძეა. როგორც „რეზონანსს“ მისი მეგობრები უყვებიან ბუაძის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები გამხადრიყო.
მათი თქმით, ახალგაზდას ბანკმა სახლი გაუყიდა და ის ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ვერ შოულობდა სამსახურს და მძიმე ეკონომიკურ პირობებში იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობამდე მან შეყვარებულთან იჩხუბა. სავარაუდოდ, ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. მეგობრები ამბობენ, რომ ის საკმაოდ მხიარული და პოზიტიური ადამიანი იყო, თუმცა მის გარშემო შექმნილ მძიმე პირობებს ვეღარ გაუძლო.
ასევე 18 დეკემბერს თბილისში, საბურთალოს რაიონში 11 წლის ბ.ა.-ს ჰქონდა სუიციდის მცდელობა. გავრცელებული ინფორმაციით, დედასთან კონფლიქტის გამო ფანჯრიდან ხტებოდა. ის ბებიამ ჩამოიყვანა ფანჯრიდან. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სოციალური მუშაკი.11 წლის ბიჭის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ორივე ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ასევე საზოგადოებისთვის ყველაზე მძიმე და შოკისმომგვრელი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება იყო, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და 9 სართულიანი კორპუსიის სახურავიდან გადმოხტა. ის სიცოცხლისთვის რამდენიმე დღე იბრძოდა და 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი მის თვითმკვლელობამდე მიყვანას პოლიციას აბრალებს, რომელმაც ის 10 დეკემბერს დაკითხა და მასზე გარკვეული მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. ფაქტზე ერთი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით კი 2019 წლის 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელობა სცადა 219 ადამიანმა, 207-მა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2018 წელს საქართველოში სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი მოხდა.
ნინო ლომჯარია ამ სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ფაქტობრივად, არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს და დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით, ჯერ კიდევ 2016 წლისთვის უნდა დაემტკიცებინათ.
მართალია სუიციდის და ფსიქიკური აშლილობის კავშირი დიდი ხნის დადასტურებულია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, თვითმკვლელობა ხშირად ძალიან იმპულსურადაც ხდება, სტრესის, ემოციური კრიზისის გამო. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ფინანსური პრობლემები, ძალადობა, დისკრიმინაცია, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება, შეყვარებულთან დაცილება, ქრონიკული ტკივილები და ა.შ. ჯერჯერობით ყველაზე დიდ რისკფაქტორად წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა რჩება.
„რეზონანსთან“ ფსიქოლოგი ნანა ხაზარაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელსაც ახალგაზრდები სუციდამდე მიჰყავს. მისი თქმით, პირველ რიგში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია უნდა განვიხილოთ, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე სტერსულად აისახება და ეს ყველაზე მეტად ახალგაზრდებს აზიანებს. ისინი არიან ყველაზე მოწყვლადი ფენა, ამიტომაც სტატისტიკის მიხედვიტაც თვითმკვლელობის ასაკი დაწეულია.
მისი თქმით, უმუშევრობის ვითარებაში ადამიანი კარგავს თავის სოციალურ სტატუსს. უმუშევრობის პირობებში ხდება ადამიანის მნიშვნელობის გაუფასურება. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ადამიანის ფუნდამენტალურ მოთხოვნილებაში არის ისეთი მოთხოვნილება, როგორიცაა სუბსტანციური მოთხოვნილება, რომელიც შრომის პროცესთან არის დაკავშირებული.
„გარემო როდესაც ადამიანთა მთელი ჯგუფისადმი მტრულად განწაყობილი ხდება, ადამიანის მნიშვნელობა თავისთავად ხდება დაცემული. როცა ადამიანი თავის მნიშვნელობას კარგავს, გარემო მის მიმართ აუცილებლად ავტომატურად განეწყობა მტრულად.
“სუიციდის წინაპირობა არის დეპრესია. როცა ეს მდგომარეობა დამძიმდება, ადამიანს აღარ აქვს შინაგანი რესურსი გაუმკლავდეს და გადალახოს ფსიქო-ემოციურ კრიზისს. თავად დეპრესიას იწვევს ერთდროულად რამდენიმე გარემოება. ერთის მხრივ, ადამიანები ვერ გამოიმუშავებენ ცხოვრებისეულ უნარებს, რადგან ეს არ უსწავლიათ. მათზე ბავშვობაში ან გადაჭარბებულად ზრუნავდნენ ან პირიქით, ინდიფერენტულად. ორივე უკიდურესობაა, რაც ვერ აყალიბებს დამოუკიდებელ პიროვნებას.
განათლების სისტემა კვლავ გამოწვევაა - ეს ყველაფერი არ ჰქმნის ფონს, რომ ადამიანი გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს გარკვეულ სირთულეებთან გამკლავების რესურსის მქონე პიროვნებად.
“ჩვენ დღეს არ გვაქვს ჯანსაღი ფსიქიკური გარემო და ერთ წამში ყველაფრისთვის წერტილის დასმა გვინდება. ეს განავითარა იმ რეალობამ, რომელშიც ვცხოვრობთ. სუიციდი და თვითმკვლელობამდე მიყვანა განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კონკრეტული მიზეზებია: 30 წელია ვცხოვრობთ მოლოდინის რეჟიმში და სტრესულ გარემოში.
“ამ დროში ჩვენი ცხოვრება დაემსგავსა ფიზიკურ თვითგადარჩენას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალგაზრდა ასრულებს სწავლას და აღარ იცის რა ქნას. ეშინია,რომ შეიძლება ვერ დასაქმდეს. მითუმეტეს, ქვეყანაში საშინელი აგრესიული ფონი და სიძულვილია; განსხვავებული აზრის გამო მტრად აღიქვამენ და ვერ გიტანენ. ეს ყველაფერი არღვევს ფსიქიკას და ადამიანი ერთ წამში ასრულებს თავის სიცოცხლეს“,-აცახდებს ფსიქოლოგი.